ავტორი:

აფხაზეთში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის ვაჟი გაიტაცეს

აფხაზეთში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის ვაჟი გაიტაცეს

აფხაზეთში, თბილისის “დინამოს” ცნობილი მეკარის, ვალტერ სანაიას შვილი - ბიზნესმენი გენადი სანაია გაიტაცეს... ანონიმურმა წყარომ ამის შესახებ სოციალურ ქსელში 25 აგვისტოს დაწერა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენი სოხუმში 24 აგვისტოს გაიტაცეს.

აფხაზეთის ე.წ. გენპროკურორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის დარუ ამიჩბას თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - იარაღის გამოყენებითა და მუქარით, ადამიანის ჯგუფური გატაცების მუხლით.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილი ფეხბურთელის ვალტერ სანაიას ვაჟი 1944 წელს სოხუმში დაიბადა. გენადი სანაია აფხაზეთსა და მოსკოვში ცხოვრობდა და არსებული ინფორმაციით, სამშენებლო ბიზნესში იყო. მისი მოღვაწეობა ბიზნესში ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დაიწყო. ასევე იყო 6-й Таксомоторный парк-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.

75 წლის ბიზნესმენი ქვემო ეშერიდან ავტომანქანით გაიტაცეს და მისი გატაცების შემდეგ, რაიმე ვერსიები ადგილსამყოფელის ან გათავისუფლების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნის შესახებ არ ვრცელდება.

აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამ თემაზე აღშფოთებულმა ისაუბრა და მედიას დაპირდა, რომ “გამოძიება ყველაფერს გააკეთებდა, რომ ბიზნესმენი უახლოეს დღეებში სახლში დაბრუნებულიყო.”

ცნობილი ბიზნესმენის გატაცების ფაქტზე, ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუარა პროტესტის ტალღამ. მათი თქმით, უმძიმესი სოციალური პრობლემების გამო ყველანაირი ღირსება დაიკარგა.

საზოგადოებაში საუბრობენ დაუსჯელობის სინდრომსა და რეგიონში კრიმინოგენული მდგომარეობის დამძიმებაზე.

“რამდენიმე დღის წინ, სოხუმში, უზბეკეთის მოქალაქემ, 1989 წელს დაბადებულმა მუროდ ხაიდაროვმა ორი არასრულწლოვანი აფხაზი გოგონას გაუპატიურება სცადა... ხალხის ძალისხმევა რომ არა, არავინ იცის რა მოხდებოდა, ესენი კი ვერაფერს აკეთებენ, ტურიზმი უნდა განვავითაროთო და ყველა ჯურის ადამიანს უხსნიან გზას... ტურისტების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ აქ ფულით ყველაფრის მოგვარება შეიძლება, აქაურობა დამნაშავეების თავშესაფრად იქცა,” - წერენ აფხაზები.

რაც შეეხება გენადი სანაიას მამას, ვალტერ სანაიას, ის 1925 წელს ოჩამჩირეში დაიბადა და ქართველებთან ერთად გაიზარდა... თამაში 1940 წელს ოჩამჩირის ყმაწვილთა გუნდ ”სტრელაში” დაიწყო. იმავე წელს, თბილისის ”დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს, ასევე თამაშობდა სოხუმისა და მოსკოვის “დინამოს” გუნდებში...

როგორც აფხაზები იუმორით ამბობდნენ - რუსებს უჭირთ იმის აღიარება, მაგრამ ის ტოლს არ უდებდა ალექსი ხომიჩს... წლების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები იხსენებდნენ, რომ ის ოჩამჩირელი აფხაზი - ვალტერ სანაია ლავრენტი ბერიას კერპი იყო. სწორედ ბერიას პირადი ბრძანებით გადაიყვანეს მოსკოვის "დინამოში", სადაც მას დახვდა ლეგენდარული მეკარე ხომიჩი, რომელმაც ბრიტანეთი გადარია მოსკოვის "დინამოს" ტურნეს დროს, თუმცა, სანაიამ ხომიჩი სათადარიგოთა სკამზე "დასვა!”

შემდეგ, თავად მეკარეების მეფედ წოდებული ლევ იაშინი აღნიშნავდა, რომ მისი მასწავლებელი ვალტერ სანაია იყო და სწორედ მისგან ისწავლა საჯარიმო მოედნის მთელ "ფრონტზე" გაბედული მოქმედება...

1954 წელს აფხაზი ფეხბურთელი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა. მას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართველ თანაგუნდელებთან, ლეგენდარულ მწვრთნელთან ბორის პაიჭაძესთან, რომელიც თამაშის წინ სანაიას ასე ამხნევებდა - “შენ ახლა ფეხბურთის კარს კი არა, დარიალის კარს იცავო...”

სანაიამ საფეხბურთო კარიერა 1956 წელს დაასრულა და ამ წლების განმავლობაში 95 მატჩი ითამაშა... არსებული ცნობით, 90-იანი წლების აფხაზეთის ომის დროს, ის უკვე რუსეთში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1999 წლის 29 ოქტომბერს და ოჯახს დაუბარა, რომ აფხაზეთში არ დაეკრძალათ. დასაფლავებულია მოსკოვში.

სანაიას ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი