ავტორი:

ვის წაადგება საპრეზიდენტო მარათონიდან მარგველაშვილის გამოთიშვა და რისთვის ემზადება კრემლი საქართველოსთან მიმართებაში? - გია ხუხაშვილი პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე

ვის წაადგება საპრეზიდენტო მარათონიდან მარგველაშვილის გამოთიშვა და რისთვის ემზადება კრემლი საქართველოსთან მიმართებაში? - გია ხუხაშვილი პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. თქვენ როგორ შეაფასებდით მის ამ გადაწყვეტილებას?

- ჩემი აზრით, მარგველაშვილი მიეკუთნება სახელმწიფო მოღვაწეთა იმ კატეგორიას, რომელთათვისაც თანამდებობა ტვირთი უფროა, ვიდრე პრივილეგია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ის დაუბრუნდება სამოქალაქო სექტორს, რაც მისასალმებელია.

- არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის არმონაწილეობა რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს უფრო წაადგება?

- ჩემი აზრით, მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება უფრო “ქართული ოცნებას“ წაადგება. იგი ხმას ვერ წაართმევდა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს. მისი ხმები სამობილიზაციო რესურსიდან შეიძლება ყოფილიყო, რაც ხმებს მმართველ გუნდს დააკარგვინებდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის მონაწილეობა გაზრდიდა მეორე ტურის რისკებს, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება თქმა, რომ არჩევნებში მისი არმონაწილეობა „ქართულ ოცნებას“ წაადგება.

- პრეზიდენტმა უარი თქვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარედგინა პარლამენტისთვის კანდიდატურა. მისი არგუმენტები გასაგები კი იყო, მაგრამ ბოლომდე ალბათ არა, რაზეც გასულ კვირას არასამთავრობოებმა ბევრი ისაუბრეს. თქვენ როგორ შეფასებდით ამ საკითხში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?

- თუ ჩვენ ამ საკითხს პიროვნულ ჭრილში შევხედავთ, გასაგები და ლოგიკურია, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ პრეზიდენტზე. იმით, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასახელებაზე, მან ამით პროტესტი მმართველი გუნდის მიმართ კი არ გამოთქვა, არამედ გამოხატა დემარში იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელსაც დღეს თავად წარმოადგენს. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტი კონფლიქტში შევიდა თავის სტატუსთან, რაც თავისთავად იყო უცნაური.

როდესაც მარგველაშვილი გარკვეულ საკითხებზე ვეტოს ადებდა, მე მას მხარს ვუჭერდი, ვინაიდან ის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სწორად იქცეოდა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ წარედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, გაუგებარია თუნდაც იმიტომ, რომ როცა იგი ვეტოს იყენებდა, მაშინაც იცოდა, რომ მმართველი გუნდის უმრავლესობა მის ვეტოს უპრობლემოდ დაძლევდა.

- საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი ვარიანტი - ან დაასახელოს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, ან განერიდოს პროცესს. დამკვირვებელთა ნაწილი სწორად შენიშნავს, - სხვაგვარად ეს არჩევნები პოლიტიკურ ფარსს დაემსაგავსება, რომელში მონაწილეობისთვის ენთუზიაზმი არც „ოცნების“ მხარდამჭერებს ეტყობათ და არც მათ ოპონენტებს. თქვენი აზრით, რომელ გზას აირჩევს მმართველი გუნდი?

- გამომდინარე სადღეისოდ ჩამოყალიბებული სურათიდან, - მხედველობაში მაქვს თუ ვინ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, - მმართველი გუნდი დაუბრუნდება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის გეგმას.ჩემი აზრით, მაინც ასე მოხდება მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის სავარაუდო გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობაა.

ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი ჩიში თავად შეიყვანა და ახლა მათთვის ზურაბიშვილის მხაედაჭერის გარდა სხვა გზა არ ჩანს.

ფაქტია, რომ მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა თავისთავად გახლავთ უხარისხო გადაწყვეტილება, ვინაიდან ზურაბიშვილის „დამოუკიდებელ კანდიდატად" წარმოჩენა ტრაგიკომუკურია, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული აქტივისტი გახლდათ. ჩვენს საზოგადოებას ეს ახსოვს და რატომ ჰგონია „ოცნებას“, რომ ხალხს ამნეზია სჭირს, გაუგებარია.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმაოზე მეტად დაასუსტა და მათთვის ის მნიშვნელოვანი არაა, მზად არიან იგი დათმონ კიდეც, მათ აქვთ იმის შიში, რომ იგი „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა არ დაიკავოს.

თუ საპრეზიდენტო კანდიდატების მენიუს გადავხედავთ, ისეთი არავინ ჩანს, ვინც „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას ააცილებდა. ამიტომ არის მმართველი გუნდი იძულებული აქტიურად გამოიყენონ თავისი რესურსი ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

ასე იქნება თუ დარჩენილ დღეებში არაფერი არ შეიცვალა.

- რუსულ ჯარში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, ცხინვალთან ახლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ტარდება. რისთვის ემზადება კრემლი საქართველოსთან მიმართებაში?

- არ მგონია ახლა რუსეთის სამიზნე საქართველო იყოს. თუ ჩვენ გლობალურ კონტექსტში განვიხილავთ იმას რაც ხდება, დავინახავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია გლობალური დაპირისპირება, მიდის კუნთების თამაში, რომელიც ან ვაჭრობით უნდა დასრულდეს ან დიდი გლობალური დრამით.

დიახ, რუსული სწავლებები მართლაც მასშტაბურია. იგი იმართება ხმელთაშუა ზღვაშიც. ფაქტია, რომ ამ მასშტაბის სწავლებები რუსეთს 40 წელია არ ჩაუტარებია.

ვფიქრობ, რომ დაწყებული სამხედრო სწავლებებით რუსები ატარებენ წითელ ხაზებს, რომლის იქითაც ისინი დათმობაზე არ წავლენ. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზი ცხინვალის რეგიონზეც გადის. რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები გზავნილია არა საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისა და ვაშინგტონისთვის. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები