ავტორი:

რა შეზღუდვები დაწესდება მარიხუანას მოხმარებაზე - შს მინისტრის გამარტება

რა შეზღუდვები დაწესდება მარიხუანას მოხმარებაზე - შს მინისტრის გამარტება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო, პირს სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ნარკომანიის თემაზე საპატრიარქოს ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ესაა ერთ-ერთი შეზღუდვა, ისევე როგორც სანქციები იქნება გატარებული მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის შემთხვევაში.

  • „უპირველეს ყოვლისა ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ მოიხმაროს კანაბისი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული შეზღუდვები და სერიოზული კანონიერი ზემოქმედება ემუქრება - დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან ან შეზღუდვიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას, მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური.

„რაც შეეხება კულტივაციას, აქ ეფექტური რეგულაციებია საჭირო. ეფექტურობის ნაწილში, ერთი მხრივ, გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, მეორე მხრივ, ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები იგრძნობა. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. ეს ქვეყანაა მაგალითად კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები. იმ სულისკვეთებას, რაც ევროპაში იგრძნობა, ჩვენზე გარკვეული ზემოქმედება აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც. ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში დავუბრუნდეთ რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანა არის იმ ქაოსის და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა.

„ლიბერალური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ჩვენმა განვითარებამ მოგვცა ის შედეგი, რომ ფაქტობრივად, შსს ეფექტურად ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციას და ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის საერთოდ არავინ არის დაკავებული. ამას ვცვლით და კონკრეტულად გვეცოდინება მარიხუანას მოხმარება რა პირობებში არის დასჯადი. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას აღვასრულებთ“, - აღნიშნა გახარიამ.

მინისტრმა იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ, მარიხუანის მოხმარების თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიმუშავა.

  • „საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანას მოხმარების. ამ ნაწილში, ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, შს მინისტრის ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების კონტექსტში მკაცრდება სანქციები 21 წლამდე მიუღწეველ ახალგაზრდებზე.

„ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზით, სამართალდამცველებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ეფექტურად ებრძოლონ მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლონ მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში.

  • „ჩვენი ახალი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაშიც მოხდება მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები, ხოლო სისხლის სამართლის დარღვევის შემთხვევაში კი ეს სამოქალაქო შეზღუდვები აუცილებელი იქნება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში შეზღუდვების დაწესება იქნება მოსამართლის დისკრეცია. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში აუცილებელი იქნება იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა გარკვეული დროით, 3-დან 5 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტური რეაგირება და კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, დღეს ჩვენ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დარეგულირებული გვაქვს და მას შემდეგ, როდესაც მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი, აღსრულება მოგვცემს საშუალებას, რომ ყველაზე რისკის შემცველი მოქმედებები, როგორიც არის მარიხუანას მოხმარების წახალისება, იყოს აღკვეთილი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები საფუძველს უყრის საშუალებას შსს-სთვის, ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები