ავტორი:

რუსეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს - რისი დემონსტრირება სურს ვლადიმერ პუტინს?!

რუსეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს - რისი დემონსტრირება სურს ვლადიმერ პუტინს?!

რუსეთის პრეზიდენტი ციმბირში, ცუგოლის პოლიგონზე მიმდინარე მასშტაბური სამხედრო წვრთნის Восток-2018-ის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება და რომელშიც 300 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 1000 თვითმფრინავი მონაწილეობს... სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე მასშტაბური წვრთნაა, რომელიც ჩატარებულა; ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1981 წელს ჩატარდა და მასში 150 ათასი სამხედრო მონაწილეობდა... საინტერესოა, რის დემონსტრირება სურს რუსეთს?!

ფაქტია, რომ რუსეთი სირიასა და შორეულ აღმოსავლეთში საბრძოლო სწავლებებს იწყებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, სწავლებაში ასევე ჩართულია ჩინეთისა და მონღოლეთის შეიარაღებული ძალები, ავიაცია და საზღვაო ფლოტი...

"აქტიური ფაზა რუსეთის ცენტრალური და აღმოსავლეთის 5 ოლქში გაიმართება, ასევე, რუსეთის მოსაზღვრე სამ სანაპიროზე - იაპონიის მხარეს. მთავარი სცენარი ცუგოლისა და ბაიკალის რეგიონებში განხორციელება," - აცხადებს შოიგუ და დასძენს, რომ სწავლებაში 3200 ჩინელი სამხედრო, 900 სამხედრო მანქანა და 30 თვითმფრინავი მონაწილეობს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში დაგეგმილი აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის წინ "სტრატეგიულ წვრთნები" გაიარა და "კუნთები შეათამაშა..."

იმავე ფორუმზე, რუსეთის პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს, ვითომ "სხვათა შორის" სამშვიდობო შეთანხმების დადება შესთავაზა.

"იცით, უცებ იდეა მომივიდა: - დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება წლის ბოლომდე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე" - აუდიტორიის დადებითი რეაქციის მიუხედავად, სინძო აბემ პუტინის შეთავაზებას მრავალმნიშვნელოვანი დუმილით უპასუხა, რასაც რუსი სამხედრო ექსპერტების საკმაოდ თავდაჭერილი შეფასებები მოჰყვა - "აუჩქარებელი იაპონია არც ამჯერად ჩქარობს".

ბოლო 6 წლის განმავლობაში რუსეთისა და იაპონიის ლიდერები ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული პრობლემის მოსაგვარებლად 22-ჯერ შეხვდნენ და მაინც, სადავო კუნძულები, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე დაიკავა და ადგილობრივი 17 000 იაპონელი გადაასახლა, იაპონიაში ჩრდილოეთ ტერიტორიებით, რუსეთში კი - კურილიის კუნძულებით მოიხსენიება... მასზე რუსეთის ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება, ტოკიო კი ოკუპირებული ტერიტორიებს უწოდებს...

ამის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ მშვიდობა სურს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის მოსაზღვრე ქვეყნებთანაც და მსოფლიოში. თუმცა, ხელისუფლება ბოლო თაობის შეიარაღებითა და ტექნიკით არმიის გაძლიერებას განაგრძობს, რათა "საჭიროების შემთხვევაში ის მზად იყოს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად, ასევე მოკავშირეთა მხარდასაჭერად".

"პუტინის მშვიდობიანი ულტიმატუმი" - ასე აფასებენ სამხედრო ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდეტის განცხადებას და სვამენ კითხვებს, რა სურს მას სინამდვილეში და რატომ მიიწვია რუსეთმა ჩინეთი ამ წვრთნებში, მით უფრო, რომ ასეთი რამ ადრე არასდროს მომხდარა?

HIS Markit-ის წამყვანი ექსპერტის ალექს კონჩარევის შეფასებით, ამით რუსეთი ცდილობს საკუთარი ძლიერება წარმოაჩინოს აზიასა და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე...

"რუსეთს ჩინეთი რომ არ მიეწვია, პეკინი ამას რუსეთის სახიფათო აქტიურობად მიიღებდა. სავარაუდოდ, რუსეთის სვლა რაიმე სახის არასასიამოვნო ღონისძიების პრევენციას ემსახურება. თუმცა, ამავდროულად, ამერიკისა და იაპონიისთვისაც არის გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ ის მარტო არ არის და თანაც, "ძლიერი და მომზადებული არმია ჰყავს."

ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა, რა სურს რუსეთს მსოფლიოსგან? - მას უნდა ყველას დაანახოს, რომ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მხოლოდ ქვეყნის დასავლეთით კი არა, აღმოსავლეთითაც ატარებს. სხვების მტკიცებით, ამ წვრთნებით რუსეთს სურს დანარჩენ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის მზად არის ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვისაც.

"ამავდროულად, მას ძალიან აინტერესებს როგორი იქნება მსოფლიოს რეაქცია. განსაკუთრებით, ჩინეთის მონაწილეობის შემდეგ... რუსეთი ორი რამის დემონსტრირებას აკეთებს - პირველი, რომ მის შეიარაღებულ ძალებს მსოფლიოში პირველობის ამბიცია აქვთ და მეორე, - მას ჰყავს მეგობარი, ასევე უზარმაზარი სახელმწიფო, ჩინეთის სახით", - წერს სამხედრო ექსპერტი მარკ გალეოტი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ეს წვრთნები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა, ექსპერტების გარკვეული ნაწილი მაინც ხედავს კავშირს უკრაინასა და სირიაში მიმდინარე პროცესებთან.

ალექს კონჩარევის თქმით, ამასაც აქვს თავისი საფუძველი, რადგან შარშან გაცილებით მცირემასშტაბიანმა სამხედრო სწავლებებმა Запад-2017-ი ევროპის ქვეყნები შეაშფოთა. ისინი უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლას ითხოვდნენ, რათა რუსეთისგან მომავალი "მოსალოდნელი უსიამოვნო პროცესები" აერიდებინათ.

თუმცა, ექსპერტის თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ კრემლი სამხედროების რაოდენობად 300 ათასს განგებ აცხადებს და სინამდვილეში სულაც არ იყოს ამდენი. საქმე ის არის, რომ იქ სამხედროების დათვლისა და სრული რაოდენობის დაზუსტების შესაძლებლობა არავის აქვს...

მარკ გალეოტის შეფასებით, პუტინის განცხადება, რომ "რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, რომელსაც სხვა სახელმწიფოების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და მათთან მხოლოდ შემოქმედებითი თანამშრომლობა სურს - ჩვეულებრივი სარკაზმია, რადგან ამას ამბობს იმ სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც ბოლო წლებია სწორედ სხვა ქვეყანაში "აგრესიული სამხედრო ქმედებების გამო, სანქციას სანქციაზე იღებს".

ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო მანევრებს ნატომ "ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადება" უწოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგელის, დილან ვაიტის განცხადებით, აგრესიული რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ბიუჯეტს და შესაბამისად, ეს შეიარაღებულ ძალებზეც აისახება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე