ავტორი:

მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავე, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა

მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავე, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა

მსოფლიოში ცნობილ მოცეკვავეს, ბალეტმაისტერსა და მსახიობს, მიხეილ ბარიშნიკოვს, თბილისის მერის სახელით, „საპატიო თბილისელის“ სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა.

ბარიშნიკოვი საქართველოში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება. ფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ გაიხსნა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, მიხეილ ბარიშნიკოვი საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი და თავისუფლების სიმბოლოა.

„თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში პირველი სპექტაკლი გაიმართა. ჩამოსულია მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც არის ლეგენდარული ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი. ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი, ფაქტობრივად, თავისუფლების სიმბოლო და ასეთად რჩება დღემდე. მან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სწორედ საქართველო და თბილისი ამოარჩია, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. მისი მხრიდან ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გამო, ქალაქ თბილისის მერის სახელით, საპატიო თბილისელის წოდება და თბილისის გასაღები გადავეცით“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ წარმოდგენის დასრულების შემდეგ.

მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც ბალეტის ვარსკვლავი იყო, საბჭოეთიდან 1974 წელს გაიქცა. კანადასა და აშშ-ში გასტროლებზე ყოფნისას, ხელოვანმა ამერიკის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

აშშ-ში დაბინავებისთანავე ბარიშნიკოვმა ჯორჯ ბალანჩინისგან ამერიკის საბალეტო თეატრის (American Ballet Theatre) სოლისტობის შეთავაზება მიიღო. საბჭოთა ბალერონი შემოთავაზებას დათანხმდა და 1980-89 წლებში დასის ხელმძღვანელიც კი იყო. ამერიკული ბალეტისა და ქორეოგრაფიის ჩამოყალიბება-განვითარებაში ბარიშნიკოვმა უდიდესი როლი ითამაშა.

1978 წელს გადაღებულ ფილმში "შემობრუნების პუნქტი" ბალეტის ვარსკვლავის როლის შესრულებისთვის, ბარიშნიკოვი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი. 1985 წელს ამერიკაში ბარიშნიკოვის მონაწილეობით მორიგი ფილმი "თეთრი ღამეები" გამოვიდა, სადაც ბალეტმეისტერი საბჭოთა ხელისუფლებისგან გაქცეულ მოცეკვავეს თამაშობდა. 2000-იან წლებში იყო პოპულარული ტელესერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მონაწილე. მთლიანობაში ბარიშნიკოვი, რომელიც ქორეოგრაფიულ საქმიანობას დღესაც ეწევა, 15-მდე ფილმშია გადაღებული.

საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს თბილისი წელს მეათედ მასპინძლობს. ფესტივალი არამხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა, არამედ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფესტივალებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 30 სექტემბერს დაიხურება.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს