ავტორი:

"ბანდიტური პეტერბურგის" ქართველი მსხვერპლი - რატომ მოკლეს რუსეთში ბიზნესმენი ბადრი შენგელია

"ბანდიტური პეტერბურგის" ქართველი მსხვერპლი - რატომ მოკლეს რუსეთში ბიზნესმენი ბადრი შენგელია

სანკტ-პეტერბურგში, საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი ბადრი შენგელია საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ცენტრალურ ტრასაზე მანქანით მიმავალ 53 წლის შენგელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც, მისი კუთვნილი შავი Mercedes C500-ის მარკის ავტომანქანა თხრილში გადავარდა. არსებული ცნობით, მას ერთი ტყვია თავშიც მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

რუსული მედია წერს, რომ პირველადი ინფორმაციით, შენგელიას დიდი სიჩქარით ჩაუარა თეთრმა მერსედესმა, ფინური სანომრე ნიშნებით, საიდანაც მას ესროლეს. შენგელია ორი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე იყო, ის კერძო საკუთრების უკანონოდ მისაკუთრებაში მონაწილეობდა და საკუთარი ნახატების გამოფენებს აწყობდა.

რუსული მედიის ცნობით, - ბიზნესმენის მკვლელობა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ მაქსიმენკოს სისხლის სამართლის საქმესთან, სადაც ბადრი შენგელია ბრალდების მოწმე იყო.

მიმდინარე წლის აპრილში მიხეილ მაქსიმენკოს 550 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს ფული მან ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვი) ბრალის შემსუბუქებისთვის აიღო.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია, პეტერბურგში ცნობილი 1990-იან წლებში გახდა, როდესაც მაშინდელი რეიდების მთავარი ფიგურა იყო და ქრთამისა და ნაცნობობის დამსახურებით, ციხესაც არაერთხელ გადაურჩა.

შენგელია საქართველოში დაიბადა. რუსეთში საცხოვრებლად 1996 წელს გადავიდა და ადგილობრივი სამართალდამცველების ყურადღება მაშინვე მიიპყრო - ის ციმბირელი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, ვლადიმირ კოლესნიკოვის, მეტსახელად “კოლესოს” წრესთან დაახლოებულ პირად და კონკრეტულად მის დამხმარედ ითვლებოდა.

1996 წელს მან სამოქმედო არეალის "გაფართოება" გადაწყვიტა და სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც რეიდებს ჩაუდგა სათავეში და მტრებიც გაიჩინა... მას თავისი დაჯგუფება ჰყავდა. ადგილობრივი ოპერმუშაკები შენგელიას “პეტერბურგის რეიდების” მთავარ იდეოლოგს უწოდებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ მაშინ გავრცელებული ქრთამის აღების სქემის ავტორი სწორედ შენგელია იყო.

2001 წელს ის პირველად აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე, თუმცა “ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით” მალევე გაათავისუფლეს... 2006 წელს შენგელია უძრავი ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების ბრალდებით კიდევ ერთხელ დააკავეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... მისი და თანაგუნდელების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, 2008 წელს დააკავეს და 2 წელი და 9 თვე მიუსაჯეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

“მისი “მოღვაწეობის” გამო, ადგილობრივი მედია კრიმინალური სერიალის “ბანდიტური პეტერბურგის” პერსონაჟს - ანდრეი კონსტრანტინოვსაც ადარებდა”, - წერს BBC-ის რუსული სამსახური.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, შენგელიამ ერთ-ერთ სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეზე - ვლადიმირ ბერსუკოვ-ქუმარინის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, რომელსაც რუსული მედია “ტამბოველების” ლიდერად და პეტერბურგის “ღამის გუბერნატორად” მოიხსენიებდა...

ქუმარინი 1990-იანი წლებიდან პეტერბურგში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალად ითვლება. დასავლური მედიის ცნობით, ინტერნეტგამოცემა "მედუზა" მის დაჯგუფებასა და კოლუმბიელ ნარკომაფიასთან კავშირებზე წერდა. თუმცა, პეტერბურგის მერი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა... ერთი სიტყვით, ქუმარინი, გატაცებაში, ძალადობასა და მკვლელობაში იყო ბრალდებული და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა. სხვებთან ერთად, შენგელიას მიერ მის წინააღმდეგ მიცემულმა ჩვენებამ სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმა.

“მთავარი რეიდერის” “სტატუტის” მინიჭებაში შენგელია სწორედ ქუმარინს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ის მასზე ნადირობდა.

“ბიზნესის, რეიდებისა და კრიმინალური საქმეებისგან თავისუფალ დროს, ის ხატავდა და ქალიშვილის, ლიკა შენგელიას დახმარებით საკუთარ გამოფენასაც აწყობდა... შემთხვევის დროს, ლიკა უცხოეთში იმყოფებოდა, სადაც სწორედ მამის პერსონალური გამოფენის საკითხს აგვარებდა. მან შემთხვევის გამო ვიზიტი შეწყვიტა და პეტერბურგში დაბრუნდა” - წერს ინტერნეტგამოცემა 78.ru.

ბადრი შენგელიას ერთ-ერთი პერსონალური გამოფენა 2015 წელს, მოსკოვის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, ანონსში მითითებული იყო, რომ ის პროფესიონალი მხატვარი არ იყო. “არასდროს უსწავლია ფერწერული ტექნიკა, მან აიღო ფუნჯი და ხატვა დაიწყო, თანაც საკმაოდ დიდ ასაკში... შობის დღესასწაულზე მას ქალიშვილმა მოლბერტი და საღებავები აჩუქა, რაც თვითნასწავლი მხატვრისთვის ერთგვარი ბიძგი გახდა,” - წერდნენ გამოფენის ორგანიზატორები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს