ავტორი:

აგრონომი, ბიზნესმენი, კონტრაბანდისტი - ვინ არის აფხაზეთის ახალი "პრემიერი" ვალერი ბგანბა და რას ყვებოდა ის ქართველებზე წლების წინ

აგრონომი, ბიზნესმენი, კონტრაბანდისტი - ვინ არის აფხაზეთის ახალი "პრემიერი" ვალერი ბგანბა და რას ყვებოდა ის ქართველებზე წლების წინ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ყოფილი პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობა მას კარგად იცნობს. რაულ ხაჯიმბამ მას "ქვეყნის წინსვლაში" დახმარება და მონაწილეობა სთხოვა, რასაც როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოება სკეპტიკურად შეხვდა.

აფხაზების მოსაზრებით, არც ბგანბას და მით უფრო, არც ხაჯიმბას არ აქვს ის პოლიტიკური დიპლომატია და გონიერება, რომ ჩიხში შესულ რეგიონში ვითარება ოდნავ მაინც გამოასწოროს.

მოსახლეობას დე-ფაქტო პარლამენტის წევრ ვალერი ბგანბა რამდენიმე ხმაურიანი განცხადებით დაამახსოვრდა. ეს ეხება "რუსეთ-აფხაზეთის ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტს", რომელსაც აფხაზი "პარლამენტარი" რესპუბლიკის "სუვერენიტეტის" დაკარგვის საფრთხედ აღიქვამდა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ 2008 წლის შეთანხმება სავსებით მისაღებია, სრულად პასუხობს ყველა მოთხოვნას. ყველა დეპუტატს ასეთი რეაქცია აქვს. ძალიან ბევრი შეკითხვაა, თუმცა მაინც არ მინდა სიტყვა "ნეგატიური" გამოვიყენო, მაგრამ თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები - დადებითად ნამდვილად არ ვართ განწყობილი, რადგან ბევრგან სუვერენიტეტის დაკარგვაზეა ლაპარაკი. ამიტომ, ჩვენი, დეპუტატების რეაქცია, მათი პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, დადებითი ვერ იქნებოდა და რბილად რომ ვთქვათ, დოკუმენტის არსებულ ვერსიასაც ვერ დაეთანხმებიან," - ამბობდა ბგანბა Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში, თუმცა შემდეგ, როგორც დანარჩენებმა, მანაც "შეუმჩნევლად" შეიცვალა პოზიცია და "სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეებზე" საუბარს უკლო.

არადა, ბგანბას თქმით, დოკუმენტში ერთობლივი შეიარაღებული ძალების შექმნა გაურკვეველი იყო, რაც "აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს" შენარჩუნების მიმართ კითხვებს აჩენდა. ასევე უარყოფითად აფასებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საბაჟო კონტროლს და მიაჩნდა, რომ აფხაზეთში შესული ტვირთი რუსეთს არ უნდა გაეკონტროლებინა.

ალბათ ზედმეტია იმის კითხვა, თუ რატომ შეარბილა პოზიცია ბგანბამ, რადგან იმ დროს ყველა მისი "კოლეგა" ასე მოიქცა და როგორც აფხაზური საზოგადოება წერდა, "ხელისუფლებამ თვითგადარჩენისთვის დუმილი არჩია."

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბგანბა და მისი კლანი კონტრაბანდული საქონლისა და ალკოჰოლური სასმელის უკანონო ბიზნესს მფარველობდნენ, თუმცა "ჩრდილოვანი ბიზნესსაქმიანობა" მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა.

ვალერი ბგანბა 1953 წლის 26 აგვისტოს გაგრის რაიონის სოფელ ბზიფში დაიბადა. ომის შემდეგ ადგილობრივ ტელევიზიებში ჰყვებოდა, რომ ქართველების გარემოცვაში გაიზარდა, თუმცა ამას მისი "ეთნიკურობის გადარჩენის სურვილი არ მოუკლავს".

1969 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ხის გადამამუშავებელ საამქროში მუშაობდა. 70-იანი წლების ბოლოს, ყუბანის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი დაამთავრა, რის შემდეგაც მაშინდელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის Гардалинский -ს მეურნეობაში აგრონომად დაიწყო მუშაობა... 1989 წელს, გაგრაში დაბრუნების შემდეგ, განთიადის თამბაქოს ფერმენტულ ქარხანაში მუშაობდა.

1991 წელს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. 1992-1993 წლების ომის დროს, "გაგრისა და ბზიფის გამაგრებისა და თავდაცვის შტაბის" უფროსად დაინიშნა... მოგვიანებით კი შეიარაღებული ძალების ფორმირებაში მონაწილეობდა.

2000-იან წლებში გაგრის რაიონის წარმომადგენლად ზედიზედ ორჯერ არჩიეს. შემდეგ "ადმინისტრაციის" უფროსად დაინიშნა, მოგვიანებით ბიზნესშიც სცადა ბედი და საკმაოდ წარმატებულადაც, რადგან 2006-2007 წლებში სანატორიუმ Амра-Интернешнл-ის დირექტორი გახდა.

2007-დან 2012-წლამდე "ოთხი მოწვევის პარლამენტის" წევრი იყო. 2014 წლამდე ბუნებრივი რესურსების აგრარული პოლიტიკის მიმართულებას უძღვებოდა და მის კისერზეა, ასობით უკანონოდ გაზიდული ხე-ტყე, ხრეში და სხვა სახის სარეწი მასალები... მათ შორის არის უკანონო თევზჭერის პრობლემაც, რომელიც აფხაზეთში ძალიან მწვავედ დგას... 2014 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს ის 24 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე "რესპუბლიკის მეთაურის" მოვალეობის შემსრულებელიც იყო. არჩევნების შემდეგ კი, ხაჯიმბამ ის, როგორც მისი მარჯვენა ხელი, პარლამენტის სპიკერად დანიშნა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?