ავტორი:

"იმ უბედური ადამიანების სახეები მთელი ცხოვრება გამყვება" - ბაბუშერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის ისტორია და "საბედისწერო რეისის" მგზავრები

"იმ უბედური ადამიანების სახეები მთელი ცხოვრება გამყვება" - ბაბუშერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის ისტორია და "საბედისწერო რეისის" მგზავრები

25 წლის წინ, 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში დასაჯდომად დაშვებულ სამოქალაქო ავიალაინერ Ту-154Б-ს აფხაზური კატარღიდან საზენიტო რაკეტა ესროლეს... მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის აეროპორტამდე მიყვანა შეძლო, მაგრამ მიწაზე დაშვებისას იგი ძირს დაენარცხა და შუაზე გაიპო.

თვითმფრინავში 120 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. დაღუპულებს შორის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები და მოხალისეები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, თუმცა რამდენიმე წლის წინ "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით, ბაბუშერას სამარხის გახსნის შემდეგ, 104 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა და ისინი დიღმის ძმათა სასაფლაოზე არიან დაკრძალული.

ლალი, ერთ-ერთი დაღუპული მეომრის დედა:

- როდესაც ბიჭები აეროპორტში შეკრებილან, უკვე სცოდნიათ, რომ სოხუმში თვითმფრინავს მშვიდობიანად დაფრენის შანსი თითქმის არ ჰქონდა, თუმცა მაინც გარისკეს... არადა, ბოლო წასვლის წინ ვუსაყვედურე, რატომ აკეთებ ამას, ცოლ-შვილს ვის უტოვებ-მეთქი? ნუ მეუბნები, დე, ხომ ხედავ, სოხუმი იკარგება, ახლა ბიჭებს და საქმეს ვერ ვუღალატებ, ვერ მივატოვებო... ამასობაში ბიჭები აეროპორტში გაპარულან, არ უნდოდათ, ჩემი შვილი წასულიყო, თავის ცოლ-შვილს მიხედოსო, მაგრამ ის გაეკიდა და დაეწია. როგორც გული უგრძნობდათ, ზუსტად ისე მოხდა – სოხუმამდე მართლაც ვერ ჩავიდნენ... წავიდნენ და წავიდნენ...… იმ თვითმფრინავში დაიწვნენ და მე ჩემი და სხვისი შვილების მოურჩენელი ტკივილი დამაქვს...

ნანა გულია, სოხუმელი მოქალაქე:

- მეუღლის ზარს ველოდებოდი. ის ბიჭებთან ერთად იყო ომში. ბოლო წუთამდე ორ შვილთან ერთად ვიჯექი და სახლში ტელეფონს ვყარაულობდი. შემდეგ მეზობელმა მომიკაკუნა, მთელი კორპუსი დაცლილია, თავს ვუშველოთო... რაც გვეცვა, იმით გამოვედით სახლიდან. ყველა აეროპორტისკენ გარბოდა. გზაში ვიღაცამ სატვირთო მანქანა გაგვიჩერა... გვითხრა, მარტო დედა-შვილები ამოვიდნენო, მაგრამ ჩემს მეზობელს მარტოს ვერ დავტოვებდი. ბაბუშერას აეროპორტთან რომ მივედი, ასობით ადამიანი ირეოდა. ისეთებიც, ვინც ჩვენსავით ოჯახის წევრს ელოდნენ. ვნახეთ, როგორ შეფრინდა თვითმფრინავი... უეცრად მას ცეცხლი გაუჩნდა, ამოტრიალდა და ასაფრენ ბილიკზე ისეთი ძალით დაენარცხა, რომ შუაზე გაიხლიჩა... საშინელი ხმა ჰქონდა... ეს იყო ტრაგედია...

ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი:

- თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, სოხუმი იცლებოდა... თუმცა, რაღაცის იმედი მაინც გვქონდა. ბატონმა ჟიული შარტავამ მე და გია გვაზავა აეროპორტს მიგვამაგრა, მუდმივად იქ გვიწევდა ყოფნა, იქაურობას ვმეთვალყურეობდით... მასთან მუდმივი კავშირი მქონდა. მივიღეთ ინფორმაცია, რომ თბილისიდან თვითმფრინავი უნდა ჩამოფრენილიყო, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი უნდა ჩამოეტანა. ის იყო, გამოჩნდა და ასაფრენი ბილიკისკენ დავიძარით, მაგრამ დაეშვა თუ არა, უცებ ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა... უცებ ვერ მივხვდით რა მოხდა, შემდეგ გავიგეთ, რომ ხალხით სავსე თვითმფრინავს ოჩამჩირის მიდამოებში ესროლეს. პილოტმა სოხუმამდე მიაღწია, მაგრამ დაშვება ვერ შეძლო... დაღუპულებს შორის საქართველოს პარლამენტის წევრი მურთაზ ჩაკვეტაძეც იყო.

პირველი შოკის შემდეგ დამწვარი თვითმფრინავიდან ცხედრების გამოტანა დავიწყეთ. პაპანაქება იყო და დაღუპულები მიწისთვის უნდა მიგვებარებინა... ჩვენთან იმყოფებოდა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი ნაული ჯიქია და აფხაზეთის მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ანზორ ლაცუზბაია...

თავდაპირველად, ბაბუშერას სასაფლაოზე შიშველი ხელებით საფლავის გათხრა დავიწყეთ, შემდეგ გულრიფშის გამგებელმა ექსკავატორი გამოგვიგზავნა, რადგან ამდენი ადამიანის დაკრძალვა ფიზიკურად შეუძლებელი იყო.… გარდაცვლილები პირდაპირ მიწაზე რომ არ დაგვეწვინა, ნაულიმ ხის ტოტები მოჭრა და ის დავაფინეთ...

იდენტიფიცირებას ანზორი ახდენდა, ფიზიკურ აღნაგობასა და სხვა მონაცემებს ინიშნავდა. რამდენიმე მეომარს ჟეტონიც ჰქონდა... ვცდილობდით, დაღუპულები ისე დაგვეკრძალა, რომ აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, ადვილად ამოგვეცნო...

იმ სასწაულებრივად გადარჩენილებს შორის ერთადერთი ქალია - ქეთევან მჭედლიძე, რომელიც მაშინ 28 წლის იყო. აფხაზეთში ომის დაწყებისას რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილი ვერ დარჩა და სამშობლოში დაბრუნდა.

ქეთევან მჭედლიძე, გადარჩენილი მგზავრი:

- ილუმინატორიდან, ჩვენს ქვემოთ, ზღვაში გემი შევნიშნე, რომელიც უცებ განათდა, რასაც თვითმფრინავის შეზანზარება მოჰყვა... შემეშინდა და ვიკითხე კიდეც, რა მოხდა-მეთქი, არაფერია, მალე დავეშვებითო – დამამშვიდეს... მალევე გაირკვა, რომ გვესროლეს. მფრინავმა მოახერხა და თვითმფრინავი აეროპორტის მიმართულებით წაიყვანა, მაგრამ მიწაზე დავენარცხეთ და თვითმფრინავი შუაზე გაიპო... კიდევ კარგი, დღე იყო, თორემ ეს ყველაფერი ღამე რომ მომხდარიყო, თითქმის დარწმუნებული ვარ, ჩვენც ვერ გადავრჩებოდით...

მე პირველ ნაწილში ვიჯექი. ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული. ეს იყო კოშმარი... არც კი მახსოვს, გადარჩენა როდის გავაცნობიერე, იმდენად შეძრული ვიყავი. ეს კოშმარი მთელი ცხოვრება გამყვება – ის ხმა და იმ უბედური ადამიანების სახეები, ვინც რამდენიმე წამის წინ მამშვიდებდნენ - ყველაფერი რიგზეაო...

ალექსანდრე ნადიბაიძე, გადარჩენილი მგზავრი:

- პილოტებთან ვიჯექი კაბინაში, როდესაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მფრინავი გამოცდილი იყო, მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ მშვიდობიანად დაშვებულიყო, თუმცა ბოლოს როდესაც მიხვდა, რომ შანსი აღარ არსებობდა, მინა ჩაამსხვრია და იქიდან გადმოვხტით... ასე სასწაულებრივად გადავრჩით.

კადრები, რომლებიც 1993 წლის 22 სექტემბრის ავიაკატასტროფის შემდეგ არის გადაღებული

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ