ავტორი:

რას ამბობს ვანო მერაბიშვილის მოძღვარი მისი ჯანმრთელობისა და შეწყალების საკითხებზე - მეუფე ნიკოლოზმა პატიმარი მოინახულა

რას ამბობს ვანო მერაბიშვილის მოძღვარი მისი ჯანმრთელობისა და შეწყალების საკითხებზე - მეუფე ნიკოლოზმა პატიმარი მოინახულა

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში პატიმარ ვანო მერაბიშვილთან იმყოფებოდა და შს ყოფილი მინისტრი პირადად მოინახულა.

მიტროპოლიტის თქმით, ვანო მერაბიშვილი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას არ გამოთქვამს.

„გუშინ ცოტა გადაჭარბებულად თქვეს, რომ ვერ იცნობ - იცნობ, მაგრამ მარჯვენა თვალი აქვს უკან ცოტა ჩაწეული. მან თქვა, რომ თვითონაც არ იცის, რას ნიშნავს ეს ჰორნერის სინდრომი. რეალურად, ცხადია, რომ თვეზე მეტია იკვლევენ და ზუსტად ვერ დაუდგინეს დიაგნოზი. ის უკმაყოფილო არ არის, თქვა რომ ციხეში კარგად ექცევიან“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე ნიკოლოზის შეფასებით, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი გათავისუფლება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ამასთან, მიტროპოლიტის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს თავად არ აქვს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ის მოწამლეს, თუმცა მეუფე ნიკოლოზის თქმით, ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ინტოქსიკაციაა. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის თქმით, სწორედ ამიტომ გაჩნდა ვერსია მერაბიშვილის ინტოქსიკაციაზე.

„ამ სინდრომს აქვს გამომწვევი მიზეზი - ან სიმსივნური წარმონაქმნები ფილტვში, ხერხემალზე, ტვინში ან ინტოქსიკაცია. თვითონ არ აქვს ეჭვი, რომ მოწამლეს. ზოგადად ძალიან კარგად ექცევიან ციხეში, პატივს სცემენ. თავადაც ძალიან ღირსეულად იქცევა და ამდენი წელია ციხეში ზის და ერთი შენიშვნა არ აქვს მიღებული. ამას დაადასტურებს ციხის უფროსიც. მას ეხება დიდი ხანია უკვე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. 6-ჯერ ჩატარდა კომისია და არ უშვებენ. 1 წელი დარჩა მოსახდელი იმის მიხედვით, რაც მისჯილი აქვს. თუ ჰორნერის სინდრომის მძიმე დიაგნოზი დადასტურდა, ეს უკვე ისეთი დაავადებაა, რომელსაც თუ დროზე არ მიხედე, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს და ეს კაცი სიკვდილმისჯილი ხომ არ არის, ციხეში ხომ არ უნდა მოკვდეს?! ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია მისი უცხოეთში გამგზავრება, რათა დიაგნოზი დაუდგინდეს“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მერაბიშვილის სიცოცხლის დაცვაზე.

„მისი შეწყალება ხომ პოლიტიკური ნებაა. ის რეალურად არის პოლიტიკური პატიმარი, რადგან ევროსასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა და სულ 6 ადამიანია დედამიწაზე, ვისთან მიმართებაშიც ამ მუხლის დარღვევა დადგინდა. აქედან გამომდინარე, ის არის პოლიტიკური პატიმარი და მისი პატიმრობა არის პოლიტიკური ნება. როგორ არ ვუშუამდგომლებ შეწყალებაზე, მაგრამ რა აზრი აქვს? არავითარი! იმას კი არ ვამბობ, რომ ციხეში არ იჯდეს. ჩვენ ყველანი კანონმორჩილები ვართ და ჩვენი მთავრობის ნება, კანონის ფარგლებში უზენაესია, მაგრამ სიკვდილმისჯილი ხომ არ არის? სამუდამო პატიმრობა ხომ არ აქვს? თუ ის ამ ავადმყოფობის გამო ციხეში მოკვდა, რა გამოვიდა? ამიტომ უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ ამაზეც და ვინაიდან ქართული ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს დიაგნოზის დადგენას, ამიტომ აუცილებლად უნდა გაიგზავნოს უცხოეთში. იმისთვის, რომ გაიგზავნოს ალბათ, გათავისუფლებაა საჭირო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მიბნისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ადვოკატები უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილს რამდენჯერმე პენიტენციურ დაწესებულებაში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობაც არასწორად მიმდინარეობდა. ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გვამცნეს, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება, რასაც მოწმობს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოგზავნილი 13 სექტემბრის წერილი. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა აგვისტოში დამძიმდა. 15 აგვისტოს მას დაუსვეს რინიტის დიაგნოზი და დაუნიშნეს ნაზონექსით (ცხვირის „სპრეი“) მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 17 აგვისტოს მას დაუსვეს ახალი "დიაგნოზი" - კონიუნქტივიტი და ამჯერად დაუნიშნეს თვალის წვეთებით მკურნალობა. როგორც მოსალოდნელი იყო, მერაბიშვილის დიაგნოზი ბევრად უფრო მძიმეა და უფრო კომპლექსურ დიაგნოზს და მკურნალობას საჭიროებს, ვიდე ცხვირის „სპრეი“ და თვალის წვეთები და შესაბამისად, არც პირველ და არც მეორე მკურნალობას შედეგი არ გამოუღია. პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვიზუალურად მოხდა სახის დეფორმირება, ასევე ამას დაერთო სუნთქვის პრობლემები - პაციენტი პრაქტიკულად ვერ სუნთქავს ცხვირით. 12 სექტემბერს პაციენტი კიდევ ერთხელ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, ადრე აღმოჩენილ დაავადებებთან ერთად. შეგახსენებთ, ჰორნერის სინდრომი გახლავთ სახის ნაწილობრივი დამბლა. ბოლო დიაგნოსტიკის შემდეგ, 13 სექტემბერს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გვაცნობა, რომ დამატებითი დაავადების დადგენის შემდეგ, მერაბიშვილი მკურნალობას არ საჭიროებს. ამ დროს, მისი მდგომარეობა განუწყვეტლივ მძიმდება. დღემდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი და სხვა რა სახის გამწვავება შეიძლება იქონიოს ამ დაავადებამ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პაციენტის მდგომარეობა არის უფრო მძიმე ვიდრე ეს ასახულია სასჯელაღსრულების დოკუმენტში და ვანო მერაბიშვილს აქვს გარე ინტოქსიკაციის ნიშნები. მოვლენათა ეს თანმიმდევრობა იძლევა მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას - მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ როგორც მინიმუმ, მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით. მოვითხოვთ, რომ ვანო მერაბიშვილი სასწრაფო წესით იქნას გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებაში და მოგვეცეს სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალება“, - აღნიშნულია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გირაო, 100 000 ლარი უკვე გადაიხადა - ადვოკატი

"მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობა დაზარალებული არ აღიარებს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატისა და პროკურორის კომენტარები სასამართლოს შემდეგ

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - "დანაშაულს არ აღიარებს"