ავტორი:

ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმრის უცნაური გაქცევის ამბავი - "მშვიდად გავიდნენ სასამართლო დარბაზიდან... მათ არავინ გაჰკიდებია"

ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმრის უცნაური გაქცევის ამბავი - "მშვიდად გავიდნენ სასამართლო დარბაზიდან... მათ არავინ გაჰკიდებია"

რუსეთში, ორლოვსკის ოლქში ცოლ-ქმარი, რომლებსაც ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ასამართლებდნენ, განაჩენის გამოტანამდე სასამართლო დარბაზიდან გაიქცნენ.

"...უფრო სწორად კი არ გაიქცნენ, მშვიდად ადგნენ და დარბაზიდან გავიდნენ. ისე, რომ არც არავინ გაჰკიდებია... მოსამართლემ კი, რომელიც იმ დროს მათ განაჩენს კითხულობდა, თავიც კი არ ასწია," - წერს novayagazeta.ru.

საუბარია ცოლ-ქმარ მიხაილ და ნატალია კარალიოვებზე, რომელთაც ორლოვსკში რამდენიმე სავაჭრო ფარდული ჰქონდათ და ბურღლეულს, ყველს, ხორცს, ძეხვეულს, ლუდს, სიგარეტსა და საკონდიტრო ყაყაჩოს თესლს ყიდდნენ. როგორც აღმოჩნდა, შემოსავალს ნარკოტიკების გაყიდვითაც ზრდიდნენ. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ორივე მათგანს 10-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

2014 წელს აღნიშნულ ოლქში მასობრივი ანტინარკოტიკული კამპანია ჩატარდა. თითქმის ყველა კაფე, ჯიხური, ლუდის ბარი და სურსათის მაღაზია გაჩხრიკეს. ასობით ნარკომანი დააკავეს და მათ მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს გაფრთხილება მისცეს. როგორც გაირკვა, ისინი დიდი ოდენობით არასაკვები დანიშნულების ყაყაჩოს თესლსა და აცეტონს ყიდდნენ...

მაშინ კარალიოვებმა უარყვეს, რომ არალეგალურ საქონელთან რაიმე კავშირი ჰქონდათ და განაცხადეს, რომ ყაყაჩოს საკონდიტრო თესლი მოსკოვიდან საბითუმო ფასში ჩამოჰქონდათ. ადგილობრივმა სპეციალისტებმა "ვერ დაამტკიცეს", რომ მათი ჩამოტანილი სარეალიზაციო ყაყაჩოს თესლი მორფინს, კოდეინსა და ტებაინს შეიცავდა.

"არადა ძიება თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა. მას შს სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმირ სვირიდოვი უძღვებოდა, რომელსაც საეჭვო ობიექტები და პიროვნებები აღრიცხული ჰყავდა... ერთი სიტყვით, საქმე გაიხსნა... ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავეს. პროკურორი მიხეილ კარალიოვისთვის 18 წლიანი მკაცრი რეჟიმის კოლონიას ითხოვდა, მისი ცოლისა და ორი გამყიდველისთვის კი თავისუფლების 15 წლით აღკვეთას," - წერს გამოცემა novayagazeta.ru.

თუმცა, შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ლოგიკურად მათი გაქცევა გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო. სასამართლოს წარმომადგენელმა საქმე ისე "გადააკატავა", რომ ეჭვმიტანილებს რამის ბოდიშიც კი მოუხადეს. მეტიც, მოსამართლის ტონში მუდმივად იგრძნობოდა განწყობა - "მაპატიეთ, ეს საქმე მე არ შემიკერავს".

"განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, ამ დროს კი ისე მოხდა, რომ დარბაზში დაცვაც არ იმყოფებოდა. მოსამართლემ ბრალდებულ ცოლ-ქმარს თვალი აარიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა ემოქმედათ. კარალიოვებიც წავიდნენ გაურკვეველი მიმართულებით, მათ ვერც სახლში მიაგნეს. მათი კვალი დღემდე უცნობია... თვითმხილველები ამბობენ, რომ განაჩენის წაკითხვა მათი გასვლის შემდეგაც განაგრძეს, თითქოს არაფერი მომხდარა," - წერს გამოცემა დ დასძენს, რომ კაცს 12 წელი მკაცრი რეჟიმის სასჯელი მისცეს, ნატალის კი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შესვენების დროს იქ მყოფმა საზოგადოებამ გაქცევა ურჩია ორ გამყიდველსაც - თამარასა და ტანეს, თუმცა, მათ ამის გაკეთების შეეშინდათ... ისინი ადგილობრივ კოლონიაში გაამწესეს. კარალიოვებზე კი ფედერალური ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი უცნაური გაქცევის ამბავი გახმაურდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე