ავტორი:

თბილისში ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა განცხადებას ავრცელებს სასწრაფო დახმარების ცენტრი

თბილისში ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა განცხადებას ავრცელებს სასწრაფო დახმარების ცენტრი

თბილისში, 26 სექტემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით არის დაწყებული.

აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში, ივერთუბანში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც 3 წლის ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა. თვითმხილველის მონაყოლზე დაყრდნობით, აღნიშნული პიროვნება აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და მას არ ჰქონდა ჟანგბადის ბალონი.

სრული პასუხისმგებლობთ ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული ტყუილი.

ავტოავარიის შესახებ შეტყობინება 112-ში 17 საათსა და 03 წუთზე შევიდა. მისამართის მიღებიდან ზუსტად სამ წუთში ექიმები ადგილზე იყვნენ და პაციენტებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა დაიწყეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მცირეწლოვანი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ავტოავარიის შედეგად, კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა, აქედან სამი მცირეწლოვანი და ორი ქალბატონი. ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო დამატებით ბრიგადების მობილიზება, რაც პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდა.

15 წუთის განმავლობაში, შემთხვევის ადგილზე კიდევ ოთხი ბრიგადა მივიდა. დაშავებულები საავადმყოფოებში ოპერატიულად გადაანაწილეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო შემთხვევის ადგილზე პირველად მისულმა ბრიგადამ საჭირო დოკუმენტაციის შევსება, რაც, ასევე, პროტოკოლით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ჟანგბადის ბალონებს, თითოეულ მანქანაში განთავსებულია ჟანგბადის ხუთი ბალონი - სამი პორტატული და ორი - სტაციონარული.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უსამძიმრებს გარდაცლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ცენტრი აცხადებს, რომ თითოეული ბრიგადის ქმედება იყო სწორი - ექიმები მუშაობდნენ ოპერატიულად და პროფესიულად. ამის მიუხედავად, ერთი ადამიანის გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას მოჰყვა სასწრაფოს ექიმების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები.

გვინდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ყოველდღიურად დგანან ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე და ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან, ხოლო ასეთი სახის დეზინფორმაცია ღირსებას ულახავს მათ" - აღნიშნულია განცხადებაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო