ავტორი:

კლიმატის ცვლილების დაძლევისთვის ეს წელი გადამწყვეტია - პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად, ევროკავშირი საერთაშორისო თანამშრომლობას აძლიერებს

კლიმატის ცვლილების დაძლევისთვის ეს წელი გადამწყვეტია - პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად, ევროკავშირი საერთაშორისო თანამშრომლობას აძლიერებს

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მასშტაბი – დღევანდელი თუ სამომავლო – ყველასთვის ნათელია. მისი უარყოფით შედეგები უკვე მთელს მსოფლიოში იგრძნობა და დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტასა და მის მოსახლეობას.

2015 წელს, 200-მდე ქვეყნის მიერ მიღებული "შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ“, (ე.წ. პარიზის კლიმატის შეთანმხება) ადგენს სამოქმედო გეგმას, რომლის მიზანი მსოფლიოსთვის კლიმატის ცვლილების თავიდან აცილებაა. შეთანხმება განსაზღვრავს იმ მიმართულებას, რომლისკენაც მსოფლიომ უნდა იმოძრაოს დაბალი ემისიის მისაღწევად და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.თუმცა, პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება და ემისიების შემცირება სრულიად არ არის საკმარისი ჩვენი საერთო მიზნის - გლობალური დათბობის 2°C-მდე (და 1.5 C°-მდეც კი) შემცირების – მისაღწევად.

კლიმატის ცვლილების შესახებ მთავრობათაშორისი ჯგუფის (IPCC) მორიგი სპეციალური ანგარიში გვეუბნება, რომ, სამწუხაროდ, არსებული ზღვრებში დარჩენის შესაძლებლობა ძალიან მალე ამოიწურება. სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ საერთო ძალისხმევა და დავაჩქაროთ პარიზის შეთანხმების განხორციელება. წელს, ამ საკითხით დაინტერესებული ყველა ქვეყნის მთავრობა თუ სხვა დაინტერესებული მხარე შეიკრიბება, რომ ის კონკრეტული ნაბიჯები შეაფასოს, რომელიც პარიზის შეხვედრის შემდეგ გადაიდგა; ასევე ის, თუ რა შესაძლებლობები არსებობს უფრო აქტიური საქმიანობისთვის ე.წ. "ტალანოას დიალოგის" ფარგლებში.

დიალოგის ეს პროცესი, რომელიც 2018 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, პირველი შესაძლებლობა პარიზის შეხვედრის შემდეგ, რომ უფრო ფართომასშტაბიანი გავხადოთ ჩვენი ერთობლივი, გლობალური ძალისხმევა."ტალანოას დიალოგს" ევროკავშირი ძალზე მნიშვნელოვან პროცესად განიხილავს. ამ დიალოგის ფარგლებში გამართულ დისკუსიებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი თითოეული მთავრობის დავალდებულება, რომ მათ გააანალიზონ თავიანთი გეგმები ემისიების 1.5C°-მდე შემცირებასთან დაკავშირებით და დააჩქარონ ერთობლივი მოქმედება.

2018 წლის 13 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირმა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას სახელწოდებით "ევროკავშირი ტალანოასთვის", რომელშიც მონაწილეობდნენ კლიმატის პოლიტიკაზე მომუშავე პირები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ღონისძიებამ დაადასტურა, რომ ყველა მხარეს გრძელვადიან გეგმაში ჩართვის თანაბარი მისწრაფება აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წელს მიღწეული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი პარიზის შეთანხმების სამუშაო პროგრამის მიღებაა. დეკემბერში (3-14), კატოვიცეში (პოლონეთი), გაეროს კლიმატის კონფერენციაზე (COP24) "წესების კრებულის" მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გამჭვირვალე წესების მკაფიო და ყოვლისმომცველი კრებული საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ და წარმოვაჩინოთ მსოფლიოს მასშტაბით მიღწეული წინსვლა და ყველა მხარეს - განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს - გავუზიაროთ ერთიანი სტრუქტურა ჩვენი საერთო ხედვის განსახორციელებლად. ევროკავშირმა უკვე საკმაო წარმატებით აამოქმედა შიდა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს 2030 წლამდე საყოფაცხოვრებო მიზეზით გამოწვეული სათბურის აირის ემისიების შემცირებას სულ მცირე 40%-ით 1990 წლის მონაცემებთან შედარებით.

ამ მიზნის მისაღწევად უნდა გადაისინჯოს, მაგალითად, 2020 წლის შემდგომი ემისიებით ვაჭრობის სისტემა, დაისახოს ემისიების შემცირების ეროვნული მიზნები იმ სექტორებისთვის, რომლებსაც არ ეხება ემისიებით ვაჭრობის სისტემა და მოხდეს მიწათსარგებლობის ინტეგრირება კლიმატთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში. ეს საკვანძო საკანონმდებლო აქტები სულ ახლახან მიიღეს, ხოლო შემდგომი წინადადებები სუფთა ენერგიისა და მობილობის შესახებ განხორციელების სტადიაშია. წინასწარი გათვლები მიუთითებს, რომ თუკი შეთანხმებული კანონმდებლობა სრულად განხორციელდება, ევროკავშირი შეძლებს განაცხადოს, რომ ემისიების შემცირება გასცდა 40%-ს.

ამ საქმიანობის პარალელურად, ვცდილობთ წინ გავიხედოთ და 2030 წლის შემდგომ პერიოდზეც ვიფიქროთ. 2018 წლის მარტში ევროკავშირის ლიდერებმა მიმართეს ევროკომისიას თხოვნით, 12 თვის განმავლობაში წარმოადგინოს წინადადება ევროკავშირში სათბურის გაზის გრძელვადიანი ემისიების შემცირების სტრატეგიის შესახებ. ამ თხოვნას წინ უძღოდა ასეთივე თხოვნა ევროპარლამენტიდან. ამგვარი წინადადება უფრო ნათლად წარმოგვიდგენს, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტად დეკარბონიზირებული ეკონომიკა და მოგვცემს მკაფიო სურათს ინვესტიციების სწორად გადანაწილებისთვის. ევროკომისიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას ამ ხედვის შემუშავებაში. თავის წინადადებას ევროკომისია გაეროს კლიმატის კონფერენციამდე (COP24) წარადგენს, რითაც მყარ საფუძველს შეუქმნის დისკუსიებს ევროკავშირის მასშტაბით.

ამავდროულად, ევროკავშირი ააქტიურებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და პარტნიორების მხარდაჭერას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ კლიმატის პოლიტიკასთან დაკავშირებული დიალოგების, შესაძლებლობების, პროექტებისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების დაფინანსების საშუალებით.

ევროკავშირს კლიმატის სფეროში ამბიციური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, თუმცა, ბევრ ჩვენ პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, ამ საქმის დაწყება პირველად უწევს. ვიცით რა ეს სირთულე, მზად ვართ საქართველოს ჩვენი გამოცდილება და დაგროვილი ცოდნა გავუზიაროთ. კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის საქმეში საქართველო უკვე არის ევროკავშირის პარტნიორი. ჩვენ მივესალმებით მთავრობის ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გადასვლას ნახშირბადის დაბალი ემისიებისა და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრად ეკონომიკაზე.

ევროკავშირის დახმარება ძირითადად მიმართული იქნება ბუნებრივი რესურსების ენერგოეფექტურობასა და მდგრად მართვაზე, ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებისა და პარიზის შეთანხმების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაზე.გარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებისა, რომელიც საწარმოო დაბინძურების შემცირებაზე, ნარჩენების მართვის გაუმჯობესებასა და ტყეების მდგრად მართვაზეა ორიენტირებული, ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაიწყებს ახალ რეგიონალურ პროექტს "ევროკავშირი - კლიმატისთვის" (EU4Climate). ეს პროექტი მხარს დაუჭერს საქართველოში კლიმატის ისეთი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, რომელიც წვლილს შეიტანს დაბალ ემისიასა და კლიმატის ცვლილების შედეგებზე ორიენტირებულ განვითარებაში, ასევე, საქართველოს მიერ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

პარიზის შეთანხმება მგზავრობის მიმართულებას ადგენს, თუმცა ეს მგზავრობა მხოლოდ ახლა იწყება. ამ პროცესში ყველა ქვეყანამ შექმნას შესაბამისი პოლიტიკური გარემო, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გააგრძელოს გარდაქმნა, ხელი შეუწყოს გრძელვადიან სტრუქტურულ ცვლილებებს მსოფლიო ენერგეტიკულ სისტემებში, გადაანაწილოს და გაზარდოს ინვესტიციები ამ სფეროში.

გაეროს კლიმატის კონფერენციაზე პარიზის შეთანხმების "წესების კრებულისა" და "ტალანოას“ პროცესის დასრულება იქნება პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი; ასევე იმ შედეგის წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩვენს ერთობლივად მივაღწიეთ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პროცესში.

ყველა ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს დაბალი ემისიისა და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრად ზრდას, მიუხედავად მისი შემოსავლების დონისა. ასეთ ზრდას მოაქვს მრავალმხრივი და საგრძნობი სარგებელი მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის, ეკონომიკისა და გარემოსთვის. ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან ერთად მთელს მსოფლიოში, მზად არის, გააგრძელოს დასახული მიზნისკენ სვლა საქართველოსთან ერთად!

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი