ავტორი:

ვანო მერაბიშვილს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში დატოვებენ

ვანო მერაბიშვილს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში დატოვებენ

შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს დღეს სავარაუდოდ, "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ექიმები გეგმავენ სხვადასხვა კვლევები ჩაუტარონ, რათა გაარკვიონ, რატომ გახდა შს ყოფილი მინისტრი ცუდად. ადვოკატის ინფორმაციით, მას კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის მთავარ ექიმთან, ასევე დირექტორთან.

"ვესაუბრე მთავარ ექიმს და გენერალურ დირექტორს. მათ მითხრეს, რომ დღეს მერაბიშვილთან შევა სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი, მოხდება სრულყოფილი, ახალი კვლევის ჩატარება, ვინაიდან ჰორნერის სინდრომთან დაკავშირებით არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ეს სინდრომი - ეს შეიძლება იყოს სიმსივნური დაავადებები, ან შეიძლება იყოს ინტოქსიკაცია. ჩვენ არ გადმოგვცემია წინა კვლევების პასუხები და შესაბამისად, არ მოგვეცა შესაძლებლობა ეს კვლევები უცხოეთში გადაგვეგზავნა. იმედს ვიტოვებ, რომ დღის ბოლომდე მოგვაწვდიან „ავერსის“ კლინიკაში ჩატარებული კვლევების პასუხებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ კლინიკიდან მერაბიშვილის გაყვანა არ მოხდება, როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, რომ ნახევარი საათით მიჰყავდათ და მერე უკან აბრუნებდნენ. იმედია, სრულად გამოიკვლევენ და მინიმუმ დიაგნოზს მაინც გვეტყვიან, რა სჭირს ამ ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რომ ისინი უძლურები არიან, არ შეუძლიათ დიაგნოზის დასმა და მერაბიშვილის მკურნალობა", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებები მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დღეს არსებულ ვითარებასთან შედარებით ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგოა.

"არათუ სასჯელაღსრულებამ, გუშინ მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადებებიც, სადაც ის გვეუბნებოდა, რომ ივანე მერაბიშვილს საერთოდ არაფერი სჭირს. ისიც კი გვითხრა, რომ ექიმები უწევენ რეკომენდაციას, ინტოქსიკაციაზე კვლევები არ ჩაიტაროს. ამ განცხადების შემდეგ სულ რაღაც 8 საათში მერაბიშვილი გადმოიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში, სადაც კვლევები უტარდება და ექიმები ცდილობენ დაადგინონ მიზეზი და დიაგნოზი, რატომაა მერაბიშვილი ცუდად. შესაბამისად, ეს არის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. რანდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი აპირებენ მერაბიშვილის დატოვებას დღეს ამ კლინკაში, რათა ერთხელ მაინც მოხდეს სრულყოფილად მისი გამოკვლევა და რაიმე შედეგის დადება. ამიტომ ის განცხადება, რომ თითქოსდა მერაბიშვილი კარგად გრძნობს თავს სხვა დღეებთან შედარებით, უხერხული და ურთიერთსაწინააღმდეგოა", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს