ავტორი:

რით დასრულდება მორიგი "ბუნტი" სომხეთში - ქვეყნის პრემიერი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

რით დასრულდება მორიგი "ბუნტი" სომხეთში - ქვეყნის პრემიერი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

მეზობელ სომხეთში ვითარება ისევ დაძაბულია - ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

ფაშინიანის განცხადებით, გადადგომით მას იმის დამტკიცება სურს, რომ თანამდებობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და პრემიერ-მინისტრის პოსტს იმ იმედით ტოვებს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმას მისცემენ. მისივე თქმით, არჩევნები სომხეთში ნოემბრის ბოლოს ჩატარდება.

სომხური მედიის ცნობით, ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრემიერ-მინისტრმა - ორი პარტიის “აყვავებული სომხეთისა” და “დაშნაკცუთიუნის” წარმომადგენელი მინისტრები და გუბერნატორები გაათავისუფლა, რასაც წინა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებსა და მათ მხარდამჭერებში მღველვარება მოჰყვა. ასევე, ფაშინიანმა ოლიგარქებისა და მაღალჩინოსნების ჩხრეკის ნებართვა გასცა. მისი თქმით, ისინი წლების განმავლობაში ასობით მილიონ დოლარს იპარავდნენ, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ...

“მივმართავ სერჟ სარგსიანსა და რობერტ კოჩარიანს - თქვენ ხალხი გამოიწვიეთ, თუმცა, ვნახოთ, როგორი იქნება ხალხის პასუხი“ - განაცხადა ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც 11 სექტემბერს, ინტერნეტში სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის არტურ ვანეციანისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სასუნ ხაჩატურიანის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ისინი სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივან იური ხაჩატუროვთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ. ვანეციანი აღნიშნავდა, რომ მოსკოვთან დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად, სიფრთხილეა საჭირო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი პასუხობდა, რომ ხაჩატუროვის დასაკავებლად ყველა საფუძველი არსებობდა.

ერთი სიტყვით, ბევრი მიზეზის გათვალისწინებით – სომხეთში ისევ მასშტაბური აქციები დაიწყო. ფაშიანიანის მომხრეები, რომლებმაც პარლამენტს ალყა შემოარტყეს ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. სომხური ოპოზიცია კი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ბლოკირება მათი მიზანი არ არის... თავის მხრივ, პრემიერი დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “სომხეთში კონტრრევოლუციას შანსი არ აქვს...”

“მათ არ სურთ ვადამდელი არჩევნები, რადგან იციან, რომ ისევ წააგებენ, ამის დაბლოკვა კი, ხალხისთვის ომის გამოცხადებაა... უნდათ ომი? - ხალხს განვითარება და წინსვლა გვინდა, რაც ამ კორუფციული სისტემის პირობებში ვერ მოხერხდა და ამიტომ უნდა წავიდნენ. დიახ, ისე წავიდნენ, რომ პრივილეგიები აღარ ჰქონდეთ. რატომ უნდა სარგებლობდნენ მათი ოჯახის წევრები დიპლომატიური პასპორტებით? არაფერს დავუთმობთ, ეს კიდევ ერთხელ წარსულში დაბრუნება იქნება”, - ამბობს AMBEB.GE-სთან საუბარში ადგილობრივი ჰასმიკ აბრამიანი.

“ახლა ფაშინიანმა რომ დათმოს, ეს კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება. ამიტომ არ უნდა დათმოს... ჩვენ არ დავუშვებთ საგრსიანის კლანის კიდევ ერთხელ ხელისუფლებაში დაბრუნებას. დასაკარგი არაფერი გვაქვს. ხალხს იმედი გაუჩნდა და ამ იმედის ჩაქრობა დანაშაულია”, - აღნიშნავს TASS-თან საუბარში აქციის მონაწილე არზონ მირზოიანი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ პრობლემას რამდენიმე მიზეზი აქვს - წინა ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიურობა, რომლებიც პოზიციებს არ თმობენ და რომელთაც ოლიგარქები მყარად უჭერენ მხარს; უმეტეს შემთხვევაში, მათ უკან დგას რუსეთიც, რომელიც გაფაციცებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე საგარეო თუ საშინაო პროცესებს.

რამდენიმე დღის წინ, სომხური მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში 2019 წლის დასაწყისში აპირებდა ჩასვლას.

“ეს უფრო წინა თაობის დასამშვიდებლად და ვითარების ჩასაცხრობად გაკეთებული დელიკატური განცხადება იყო, რადგან უკვე ისედაც ცხადია, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის ბზარი გაჩნდა. ახლა საინტერესოა, რა მოყვება მის გაჩენას...” - წერს ადგილობრივი მედია და ფაშინიანის სიტყვები მოჰყავს, - “ვფიქრობ მომდევნო წლის დასაწყისი ყველაზე მართებული იქნება პუტინის ვიზიტისთვის, რადგან ყველა საჭირო ხელშეკრულებისა და შეთანმხების მომზადება მოესწრება”, – აცხადებს ის.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის, დავიდ ტონოიანის განცხადებით, ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთიდან ახალი, 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო კრედიტის მიღების შესაძლებლობას განიხილავს და დასძენს, რომ ჯერჯერობით არ აქვთ უფლება ისაუბრონ, კონკრეტულად რა სახის შეიარაღების შეძენას აპირებს ერევანი.

Газета.Ru-ს ცნობით, რუსეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორისთვისაც მნიშვნელოვანია სომხეთის საგარეო კურსი და ძნელი სათქმელია იძლევა თუ არა მღელვარების საფუძველს ფაშინიანის განცხადება, რომლის თანახმადაც “სომხეთს ნატოში გაწევრიანების არავითარი სურვილი არ აქვს, რადგან სომხეთი უკვე შეუერთდა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, თუმცა ეს ნიშნავს, რომ სომხეთი ნატოსთან გარკვეულ დონეზე თანამშრომლობისთვის მზად არის...”

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე