ავტორი:

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს - რას აპირებს ექს-პრემიერის ოჯახი?

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს - რას აპირებს ექს-პრემიერის ოჯახი?

ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიადან" ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გუშინ, „მედიქლაბ ჯორჯიაში" ექიმების კონსილიუმი შეიკრიბა.

როგორც ვანო მერაბიშვილის მკურნალმა ექიმმა, თერაპევტმა ელენე ხურციძემ გუშინ განაცხადა, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ.

მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მუშაობენ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე, - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული.

„ინტერპრესნიუსი“ ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება დაიწყო 3 აგვისტოს, რის გამოც, მან მკურნალობის მოთხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების ექიმს. 3 აგვისტოს შემდეგ, ივანე მერაბიშვილს ადგილზე ჩაუტარდა 10-მდე სხვადასხვა გამოკვლევა და 5-ჯერ იქნა გადაყვანილი კლინიკებში დიაგნოსტიკაზე. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევების შედეგად, მისი დიაგნოზი მუდმივად იცვლებოდა და საბოლოოდ, 12 სექტემბერს მას დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, თუმცა ექიმებმა ვერ მოახერხეს აღნიშნული სინდრომის გამომწვევი მიზეზების დადგენა. მიუხედავად აღნიშნული სინდრომის სიმძიმისა, ექიმებმა ივანე მერაბიშვილს მხოლოდ ყელის ფიქსატორის ტარების რეკომენდაცია მისცეს.

3 ოქტომბერს, კლინიკა „მედიქლაბ“-ში შეიკრიბა სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო დადგენილიყო ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები და დღეისთვის არსებული დიაგნოზი. განხილვის შედეგად, კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა ექიმები ვერ შეთანხმდნენ აღნიშნული სინდრომის გამომწვევი მიზეზების თაობაზე და შესაბამისად დიაგნოზზე.

მიუხედავად ამისა, კონსილიუმის წევრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული სინდრომის ნიშნების გამოვლენიდან, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენისთვის საჭირო კვლევების ჩატარებამდე გავიდა დიდი დრო, რამაც შეუძლებელი გახადა მიზეზების დადგენა. აღნიშნული კვლევების დროულად ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ასევე, კვლევის დაგვიანებამ გაართულა შესაძლო ინტოქსიკაციის დადგენა.

გარდა ამისა, ექიმების ნაწილი თვლის, რომ შესაბამისი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, არსებული მდგომარეობა შესაძლოა გაცილებით გამწვავდეს და გადაიზარდოს მენინგიტში.

ვინაიდან კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული.

ამჟამად, ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მუშაობენ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს