ავტორი:

400 წლის შემდეგ პირველი რთველი აღდგენილ მესხურ ტერასებზე

400 წლის შემდეგ პირველი რთველი აღდგენილ მესხურ ტერასებზე

თბილისიდან სოფელ ხიზაბავრამდე გზად მიმავლებს, ადრეული შემოდგომის შთამბეჭდავი ხედები, ბორჯომის ხეობის ულამაზესი ბუნება, ქალაქ ახალციხის მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რაბათის ისტორიული ციხე, ბოლოს კი მესხეთში, გზის პირას გაშენებული ვაზი იქცევს ჩვენს ყურადღებას.

3 ოქტომბერს, კომპანია „ვარძიის ტერასების“ ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული ჯიშების პირველი მოსავლის აღებას მთავრობის ოფიციალურ პირებთან, უცხოელ ჟურნალისტებთან და რალის - „Peaks of Caucasus”-ის პილოტებთან ერთად ჟურნალისტებიც დავესწარით.

მესხეთი საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ აკვნად მიიჩნევა. აქ საუკუნეების წინ მევენახეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული, რასაც ნასახლარებთან შემორჩენილი საუკუნოვანი ვაზის ჯიშები და ქვაში გამოკვეთილი უნიკალური საწნახელებიც მოწმობს. მე-16 საუკუნის ბოლოს მესხურ ტერასებზე უკანასკნელი რთველი შედგა, რის შემდგომაც ისტორიულად ცნობილი სირთულეების გამო მესხური ვაზის უძველესი ჯიშები თითქმის მთლიანად განადგურდა.

„ვარძიის ტერასების“ პირველი მოსავლის აღებას დაემთხვა რალი „Peaks of Caucasus”, რომელმაც 2 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აიღო სტარტი და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მონაწილეების ძირითად ნაწილს უცხოელი ბიზნესმენები შეადგენენ, რომლებიც კლასიკური მანქანებით საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს შემოივლიან. საქართველოს სახელით, რალიში მამუკა ხაზარაძე იღებს მონაწილეობას. რალის პილოტებმა ხიზაბვრაში, ვაზის დაკრეფვაში სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა, მათი თქმით, მოხიბლული არიან მთლიანად ქვეყნითა და საქართველოს ყველა რეგიონით.

მე-12 საუკუნის თამარ მეფის დროინდელი ტერასების აღდგენა სოფელ ხიზაბავრაში, 2015 წელს, ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერის გიორგი ნათენაძის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.

“3 წლის წინ, 24 სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ვაზი დავრგეთ, რომლებიც, ბოლო 4 საუკუნეა წარმოებაში არ ყოფილა. ისტორიულად, მესხეთი ყოველთვის იყო ღვინის მხარე. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ყველა ერთად ვესწრებით პირველ რთველს ვარძიის ტერასებზე, სოფელ ხიზაბავრაში. ეს არ არის მარტივი ადგილი, მკაცრი კლიმატის მქონე მხარეა, თუმცა დიდი შრომის შედეგად, ყურძნის მოსავალი, შაქრიანობა არის მაღალი, შესაბამისად ღვინოც საუკეთესო ხარისხის იქნება.

დღევანდელ დღეს დაემთხვა საერთაშორისო რალიც, რომელშიც 26 უნიკალური კლასიკური მანქანა იღებს მონაწილეობას, ვმოგზაურობთ საქართველოს ყველა რეგიონში. სხავადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულია 60 ადამიანი, ისინი ცნობილი ბიზნესმენები არიან. მათი აქ ყოფნა კი, კარგი შესაძლებლობაა ქართული ღვინითა და ვაზით უცხოელების დასაინტერესებლად.“ - აღნიშნავს თიბისის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.

თამარ მეფის დროინდელი ისტორიული ტერასების 12 ჰექტარი უკვე აღდგენილია, დაგეგმილია კიდევ 11 ჰექტარის გაშენება, სადაც სხვა აღდგენილი ჯიშებიც დაირგვება.

პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით მეცნიერ ლევან უჯმაჯურიძეს და გიორგი ნათენაძეს, რომლებმაც საგურამოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში 20-ზე მეტი მესხური ჯიშის იდენტიფიცირება მოახდინეს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა მესხეთისთვის, 4 საუკუნის შემდეგ ეს არის პირველი რთველი მესხეთში. ეს მხარე ოდითგანვე იყო ღვინის აკვანი საქართველოსთვის. მე-16 საუკუნემდე, ცნობილი იყო 300-მდე ვაზის ჯიში, რომლებიც, სამწუხაროდ, განადგურდა. ბოლო რამდენიმე წელია, სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად, აღვადგინეთ ვაზის ძველი ჯიშები და ისინი დღეს ჩვენს ტერასებზეა გაშენებული.

ვგეგმავთ თითოეული ამ ჯიშისგან ვაწარმოოთ ღვინო და საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ვაზი გავამრავლოთ კიდევ უფრო მეტად, ასევე მაგალითი მივცეთ მესხეთსა და სამცხე-ჯავახეთს, რომ ამ მხარეში გაცოცხლდეს ღვინის ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.“ - განმარტავს პროექტის ავტორი და დირექტორი, ადგილობრივი მეღვინე გიორგი ნათენაძე.

„ვარძიის ტერასებზე“ ახალი სიცოცხლე დაიწყეს ისეთმა უნიკალურმა ჯიშებმა, როგორიცაა: „თამარის ვაზი“, „ჯვარი“, „მესხური მწვანე“, „მესხური ხარისთვალა თეთრი“, „შავი ხარისთვალა“, „მესხური ცხენის ძუძუ თეთრი“, “დანახარული“, „მესხური ჩიტისთვალა თეთრი“, „მესხური ჩიტისკვერცხა“, „ცხენის ძუა შავი“, „კლარჯული“, „ახალციხური თეთრი“, „შავი ასპინძურა კაპნის“ და ა.შ.

მომავალ წელს, კომპანია გეგმავს აღადგინოს მესხური ტრადიციული არქიტექტურის ოდა და ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილი - საქვევრე მეურნეობა. აქ მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან უნიკალური მესხური ღვინოებით და კერძებით. აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ღვინის და კულტურული ტურიზმის განვითარებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

R

თეკლე ჯანელიძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის