ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" სადიზმიდან "ქართული ოცნების" მაზოხიზმამდე მოვედით" - გია ხუხაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" სადიზმიდან "ქართული ოცნების" მაზოხიზმამდე მოვედით" - გია ხუხაშვილი

საქართველოში ფარული ჩანაწერების სკანდალი არ წყდება - 6 ოქტომბერს კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც ისევ "ომეგა ჯგუფს" უკავშირდება. ჩანაწერში კვლავაც ამ კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ.

მათი დიალოგიდან ისე ჩანს, რომ კორუფციული გარიგებისა და ბიუჯეტის გვერდის ავლით მილიონების გადახდის საქმის მონაწილე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ჩანაწერამდე ლევან ყიფიანის საკმაოდ უცნაური განცხადება მოვისმინეთ. მან ზაზა ოქუაშვილი აუდიომასალის ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოქუაშვილმა მას შესთავაზა, გაეკეთებინათ აუდიოჩანაწერები, სადაც ნაჩვენები იქნებოდა, რომ ვითომდა მასზე ზეწოლას ახდენდნენ. ამ ჩანაწერების გამოყენებას ოქუაშვილი თითქოსდა საზღვარგარეთ უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად აპირებდა.

გაზეთი "კვირის პალიტრა" ფარული ჩანაწერების სკანდალზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელმაც ინტერვიუში თქვა, რომ "ქართული ოცნება" "პოლიტიკურ მაზოხიზმშია" და ამის რამდენიმე მიზეზიც დაასახელა:

"...განსხვავება სააკაშვილის რეჟიმსა და "ქართული ოცნების" მმართველობას შორის ის არის, რომ სისტემური მანკიერება მაშინ თუ სადისტურ ხასიათს ატარებდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაზოხისტური გახდა. "ქართულ ოცნებას" ამ ურჩხულის მართვა არ შეუძლია, შედეგად, სადიზმი გადავიდა მაზოხიზმში და ლამის ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იყენებენ თვითდაზიანებებს...

ერთი წინადადებით დავახასიათებ საქართველოს უახლეს ისტორიას - ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ მოვედით "ნაციონალური მოძრაობის" სადიზმიდან "ქართული ოცნების" მაზოხიზმამდე. ყველა ეს საქმე, ყველა ნაღმი, რომელზეც ხელისუფლება ფეთქდება, გარედან კი არ არის დადებული, არამედ შიგნით, საკუთარ წიაღშივე აქვთ.

ხორავას ქუჩის საქმე გავიხსენოთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას არ უნდა ამ საქმის გამოძიება და მართლა ვიღაცას ფარავს, უბრალოდ, აღარ შეუძლია გამოძიება. როდესაც ამ ავადსახსენებელმა სისტემამ საქმე გამოძიების პირველ ეტაპზევე დააზიანა, უკვე ჯადოსნურ წრედ იქცა საგამოძიებო პროცესი, რომლიდანაც ვეღარ გამოდიან.

იმ მანკიერებათა შორის, რამაც იჩინა თავი, ყველაზე შემაშფოთებელი სისტემური კორუფციაა. ოქუაშვილის საქმე ავიღოთ, ხომ ყველამ ვიცით, რომ ის ანგელოზი არ არის, მაგრამ ისე მოახერხეს, რომ ოქუაშვილიც კი ხელისუფლების ინტერესჯგუფებთან შედარებით ლამის კეთილშობილად გამოიყურება.

არ მესმის, რაში სჭირდებოდათ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილების მიღება, ამით ხომ თბილისელების გული ვერ მოიგეს, პირიქით, ბევრი გაღიზიანდა კიდეც, ქუთაისელები კი მოიმდურეს.

სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად გამოცხადება ხომ წმინდა წყლის სიბრიყვეა, ამას არ სჯობდა, პირდაპირ ეთქვათ, ჩვენი კანდიდატიაო. ჩვენ ვხედავთ, ვინ უდგას გვერდით სალომე ზურაბიშვილს - "ქართული ოცნების" აქტივი და პარტიის ფინანსები, რომელიც სამედიცინო კლინიკების გავლით ძალიან უცნაური წესით აითვისეს. მარიხუანას თაობაზე წამოჭრილი ინიციატივაც გავიხსენოთ... რომელი ერთი საკითხი ვახსენო, სადაც აშკარად ჩანს ხელისუფლების პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნები.

ლევან ყიფიანის აღიარებაც თვითდაზიანების მაგალითი იყო. ყიფიანი რომ გამოსულიყო და ეთქვა, ეს ყველაფერი ტყუილი და ფაბრიკაციააო, უფრო მეტად დამაჯერებელი იქნებოდა, ვიდრე ის კომიკური ვერსია, რაც შემოგვთავაზა. ლევან ყიფიანი ახლა არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელმაც აღიარა თაღლითობა იმ მიზნით, რომ სამართლებრივად რაღაც შეეფუთა.

კი ბატონო, მე შეიძლება არ მომწონს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ იმაზე მეტად არ მომწონს ვაშაძე, იმიტომ, რომ ის პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, ჩემში ძალიან უარყოფით ემოციას იწვევს. რა არჩევანი გვაქვს? არჩევანი სადიზმსა და მაზოხიზმს შორის? ეს არის ჩვენი პოლიტიკური არჩევანი? არც სადისტი ხელისუფალი მინდა და არც მაზოხისტი, მე მინდა ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები და პოლიტიკური გუნდი, რომლებიც მომავალზე იქნებიან ორიენტირებული და რაც მთავარია, მხოლოდ სურვილი კი არ ექნებათ კარგის კეთების, არამედ რეალურად შეეძლებათ კიდეც წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები