ავტორი:

"პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ" - გია ხუხაშვილის რჩევა ხელისუფლებას

"პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ" - გია ხუხაშვილის რჩევა ხელისუფლებას

კანაფზე ოქროს გორებს მაინც და მაინც ნუ ააშენებენ და პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ დაბოლებაზე ნუ გადავლენ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით ხუხაშვილი "კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვის ორი თვით გადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საარჩევნო დღის წესრიგში ამ საკითხის გაპრობლემებით არის გამოწვეული.

ხუხაშვილის თქმით, არავინ არის იმის წინააღმდეგი, რომ საზოგადოების ჩართულობით ამ კანონპროექტის სიღრმისეული განხილვა მოხდეს, თუმცა მისი შეფასებით, ქვეყანა მზად არ არის, რომ ამგვარ „საეჭვო ეკონომიკურ პროექტებში ჩაერთოს“.

„ბუნებრივია, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გადადება წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და განპირობებულია საარჩევნო დღის წესრიგში ამ საკითხის გაპრობლემებით. განხილვის გადადება შესაძლოა, სახელმწიფოებრივადაც სწორი იყოს, რადგან საარჩევნო პროცესში ნებისმიერი საკითხის შინაარსობრივი განხილვა შეუძლებელი ხდება, პროპაგანდისტული ელფერი დასდევს ყველაფერს. მე გადადების წინააღმდეგი თავისთავად არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, მსჯელობა იქნება სერიოზული და პოლიტიკური იწილო-ბიწილოს სახეს არ შეიძენს.

არავინ არის იმის წინააღმდეგი, რომ ამ კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა მოხდეს საზოგადოების ჩართულობით, მაგრამ ერთ რჩევას მივცემდი ხელისუფლებას: კანაფზე მაინც და მაინც ნუ ააშენებენ ოქროს გორებს და პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ. გასაგებია, რომ დღევანდელი მსოფლიო ტრენდი კანაფის ბიზნესის სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად იყოს ასეთ საეჭვო ეკონომიკურ პროექტებში ჩართვისთვის,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, მარიხუანას კულტივაციით მიღებულ დიდ ეკონომიკურ სარგებელთან დაკავშირებით მთავრობის წევრთა განცხადებები სასაცილოა. მისი თქმით, ხელისუფლებას “გუგლში” ნაპოვნი ინფორმაციით სურს ქვეყნის ეკონომიკური მართვა.

„ის, რომ ქართული ეკონომიკისთვის ეს იქნება გარღვევის ტოლფასი, ეს არის სასაცილო. კალკულატორზე დათვლას თავი დაანებონ და პროფესიულად დათვალონ იმიტომ, რომ კონკურენტულ ბაზარზე შესვლა მექანიკური ციფრებით არ ითვლება. მე ვფიქრობ, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს გააზრებული ეს საკითხი. ინტერნეტში “დაგუგლეს” და ნახეს, რომ თურმე საინტერესო ყოფილა. “გუგლში” ნაპოვნი ინფორმაციით ეკონომიკური მართვა ხელისუფლების საქმე არ არის. ამ კანონპროექტის ღრმა ანალიზი უნდა მოხდეს და გაიზომოს, ამით მეტს ვკარგავთ თუ მეტს ვიძენთ. თქვან მათ თავიანთი არგუმენტები და მოისმინონ კონტრარგუმენტებიც, ოღონდ არა მხოლოდ ეკლესიისგან, რადგან ეკლესიის არგუმენტები უფრო მორალის სფეროში ძევს. არსებობს უფრო პროფესიონალური კონტრარგუმენტები,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები