ავტორი:

"ოქუაშვილი არტისტიზმს მიწუნებდა..." - ლევან ყიფიანის ჩვენება აუდიოჩანაწერებზე, ფარცხალაძესა და "თიბისიდან" თანხის გატანაზე

"ოქუაშვილი არტისტიზმს მიწუნებდა..." - ლევან ყიფიანის ჩვენება აუდიოჩანაწერებზე, ფარცხალაძესა და "თიბისიდან" თანხის გატანაზე

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ინფორმაციით, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა ზაზა ოქუაშვილის თხოვნის შესაბამისად შედგა. ამის შესახებ ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს.

როგორც ყიფიანი ჩვენებაში აცხადებს, "ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა".

"2015 წლიდან, მას შემდეგ რაც დავტოვე მინისტრის თანამდებობა, მუშაობა დავიწყე "ომეგა ჯგუფში". ჩემს უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან, ინსტიტუტებთან კლიენტის ბიზნესის საქმიანობაში მხარდაჭერა, ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვალდებულებას წარმოადგენდა ჯგუფში შემავალი ნებისმიერი კომპანიის ინტერესების დაცვა დანაკარგებისა და ხარჯების თავიდან აცილება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მე ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას. იმ პერიოდისთვის კომპანიის საქმიანობისას პრობლემატური იყო უცხოური კომპანიების მხრიდან დემპინგური ფასები, რაც საფრთხეს უქმნიდა თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას და შესაბამისად, საფრთხე ექმნებოდა „ომეგა ჯგუფის“ საქმიანობას და დასაქმებულ მუშახელს.

ამ მიზნით მე დავაორგანიზე შეხვედრა იმდროინდელ ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. გიორგი გახარია ამ პერიოდისთვის მუშაობდა ბიზნეომბუდსმენის თანამდებობაზე და მიმაჩნია, რომ იყო საკმაოდ წარმატებული თავის საქმიანობაში. მე არაერთხელ შევსწრებივარ მთავრობის სხდომებზე, როდესაც ხდებოდა გარკვეული საკითხების განხილვა, ყოველთვის იყო საუბარი, რომ გიორგი გახარია აქტიურად იყო ჩართული ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში და ყველა შემთხვევაში იცავდა მეწარმის ინტერესებს. ამ მიზნით იგი ამყარებდა კავშირებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ცდილობდა მეწარმის პოზიციების მაქსიმალურად დაცვას. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მასთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით. ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა", - აღნიშნავს ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

რაც შეეხება მედიაში გასულ აუდიოჩანაწერებს, ყიფიანის განცხადებით, ოქუაშვილმა მისთვის სასურველი ჩანაწერები მონტაჟის გზით დაამზადა.

"როგორც აღვნიშნე, ზაზა ოქუაშვილი ითხოვდა ხისტ ფორმულირებებს, გვარების ხშირად ხსენებას და ყველა სიტუაციაში, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ახსენებდა სხვადასხვა გვარს და ითხოვდა ისინი მეც მეხსენებინა, რასაც მე ზედმიწევნით არ ვიმეორებდი, რადგან არ ვთვლიდი, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის გვარები დიდად ცნობილი იქნებოდა და ვთვლიდი, რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თუკი აქცენტი ფაქტებზე გაკეთდებოდა და თუნდაც გვარის ერთხელ ხსენება საკმარისი იყო. რაზეც ზაზა არ მეთანხმებოდა და ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და კიდევ ვიმეორებ, მიწუნებდა არტისტიზმს.

შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენი ჩანაწერები მას მაინც არ მოეწონა და მონტაჟის გზით კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შინაარსი. ახლა კი ვხვდები თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებას და გვარების დასახელებას, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში მისი ტირაჟირება და ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე, სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებითი მონტაჟი. ჩანაწერების დამზადების დროს რომ მოეთხოვა კიდევ უფრო გამძაფრება სიტუაციის, ეს ჩემში ეჭვებს აღძრავდა, რასაც ვფიქრობ იმ დროს მოერიდა და მონტაჟის გზით დაამზადა მისთვის სასურველი ჩანაწერები", - აცხადებს ყიფიანი.

ჩვენებაში ყიფიანი "თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის დეტალებსაც ყვება. მისი თქმით, "ამაში სკანდალური და უკანონო არაფერია".

"რაც შეეხება უშუალოდ თანხის ბანკიდან გატანის მომენტს 2016 წლის აპრილის თვეში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა არის ამაში ან სკანდალური ან უკანონო. ოქუაშვილმა მითხრა, რომ ოფშორული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს და მთხოვა დავხმარებოდი ამ კომპანიის დირექტორატს, რომელსაც ისევ "ომეგელები" წარმოადგენდნენ, ფულის სწრაფ "გაქეშებაში". ეს ჩემი მოვალეობა იყო და არაფერი ექსტრაორდინალური ამ დავალებაში არ იყო. ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშით ოპერირებდა არამარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს, მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსებდა ხარჯების დიდ ნაწილს.

ამის მიზეზი კი ის იყო, რომ "ომეგას" ჯგუფში შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა. ამავდროულად იმ პერიოდისთვის "ომეგა ჯგუფს" გააჩნდა დავალიანება სს "საქართველოს ბანკის" წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას, შესაბამისად, "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა სს „საქართველოს ბანკს“ დაეყადაღებინა ანგარიშები. მოკლედ, 2016 წლის აპრილში, ლონდონში გამგზავრებამდე, ზაზა ოქუაშვილიშემხვდა ოფისში და მითხრა, რომ მას სჭირდებოდა თანხის ე.წ. გაქეშება“ და ვინაიდან თვითონ თბილისში არ იქნებოდა, მიმექცია ბიჭებისთვის ყურადღება, რათა პრობლემები არ შექმნოდათ. მითხრა აგრეთვე, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა „ომეგას“ ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს.

2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს, ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა. კ.მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში მე, ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან „თიბისი ბანკის“ ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზაზა უქუაშვილი და ზოგადად ჩვენი ჯგუფი იყო „თიბისი ბანკის“ კლიენტი, ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. „გაქეშებულ“ თანხებთან მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილის კუთვნილ „ბე ემ ვე“-ს ცენტრში. ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვილმა მოახდინა (მანქანები და ასე შემდეგ), მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლილვარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, „ბე ემ ვე“-ში მიიტანეს მერე ეს თანხები, თუ მის რომელიმე სხვა ოფისში, მაგალითად „იბერიაში“, - აცხადებს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ჩვენებაში კატეგორიულად უარყოფს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს.

"რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა. ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით", - ნათქვამია ლევან ყიფიანის ჩვენებაში.

იხილეთ ლევან ყიფიანის ჩვენება სრულად

VIDEO: ლევან ყიფიანის ჩვენებას პროკურატურა ასაჯაროებს: "ფარცხალაძესთან კონფლიქტი, მერე ამაზე მიბმული თრილერი სარდაფთან დაკავშირებით, სისულელეა"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს