ავტორი:

Peaks of the Caucasus – საქართველოში საკოლექციო ავტომობილების რალი დასრულდა

Peaks of the Caucasus – საქართველოში საკოლექციო ავტომობილების რალი დასრულდა

კლასიკური ავტომანქანების რალიმ, სახელწოდებით Peaks of the Caucasus, 2 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აიღო სტარტი და 14 ოქტომბერს შატო მუხრანში საზეიმო დაჯილდოებით დასრულდა.

ორი კვირის განმავლობაში რალის მონაწილეებმა ავტომანქანებით იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ჯამში მათ 2,235 კილომეტრი დაფარეს.

რალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, რალიში 9 ქვეყნის წარმომადგენელმა 29 პილოტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კო-პილოტი ჰყავდა. მონაწილე ავტომობილების ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი, რომელიც Peaks Of Caucasus-ში მონაწილეობდა Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი - Jaguar Mark V Dropead Coupe - 1951 წელს.

"მე ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას 1950-იან წლებში გამოშვებული ბუგატით ვიღებდი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში მეორე არ არის. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ამ დღეებში მოხდა. საქართველო საოცარი ქვეყანაა, საოცარი ხალხითა და სტუმართმოყვარეობით", - აღნიშნა რალის მონაწილემ და თანაორგანიზატორმა ბობ მეიერმა.

Peaks of The Caucasus-ის სპონსორი თიბისი გახლდათ, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე - მამუკა ხაზარაძე რბოლაში საქართველოს სახელით მონაწილეობდა.

„ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა რალი, სახელწოდებით Peaks of the Caucasus, 26 კლასიკური ავტომობილით 2500 კილომეტრზე მეტი გავიარეთ, რალის მონაწილეები აღფრთოვანებული არიან ჩვენი ქვეყნით, კულტურით, მრავალფეროვნი ბუნებითა და კლიმატით. ისინი გაოცებულები არიან იმითაც, რომ ყველა კუთხეში გულთბილი მიღება და სტუმართმოყვარე ადამიანები გვხვდებოდნენ. ასევე დაინტერესდნენ იმ შესაძლებლობებით, რომელიც ბიზნესში არსებობს.

ასეთი ტიპის რალი პირველად ჩატარდა საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ მას მიეცემა მუდმივი ხასიათი და შევუერთდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც ყოველწლიურად მასპინძლობენ მსგავს ღონისძიებებს.

რალიში მონაწილეობა 1923 წელს გამოშვებული ბენტლის ტიპის სპორტული ავტომობილით მივიღე. კლასიკურმა მანქანებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი საქართველოს რელიეფს,“ - განმარტა მამუკა ხაზარაძემ.

14 ოქტომბერს „შატო მუხრანში“ პირველი 3 ადგილის მფლობელი პილოტები გამოვლინდნენ. გამარჯვებული პილოტის გამოვლენა გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით მოხდა. დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეებს სპეციალურად თიბისისგან ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული პრიზები გადაეცათ, ხოლო I, II და III ადგილზე გასული გამარჯვებულები ბრენდის, Tsikolia Watches საათებითა და ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილი გამორჩეული დიზაინის მქონე მანქანის ფორმის სუვენირებით დაჯილდოვდნენ.

„Tsikolia Watches არის Peaks Of Caucasus -ის ერთ-ერთი სპონსორი თიბისისთან ერთად. ჩვენ გვეამაყება, რომ ვმონაწილეობთ მსგავს ღონისძიებაში. ყველა მონაწილისთვის შეიქმნა სპეციალური პრიზი, ჩვენ გვინდოდა, რომ მათი დიზაინი ყოფილიყო საქართველოსთვის ავთენტური, ამიტომ დავამზადეთ ქვევრის ფორმის სუვენირები - ძველებური მანქანები. გამარჯვებულებს კი სუვენირებთან ერთად Tsikolia Watches -ის საათები გადავეცით,“ - აღნიშნა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ.

ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ჰოლანდიელ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა.

„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით,“ - განაცხადა ბარტ კლაინმა.

R

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი