ავტორი:

ფაშინიანის სტრატეგიული უკანდახევა - რა ელის სომხეთს ხვალ?!

ფაშინიანის სტრატეგიული უკანდახევა - რა ელის სომხეთს ხვალ?!

ისე, როგორც დაანონსებული იყო, მეზობელი სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. სომხური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მათი მხრიდან ერთგვარი მიღწევაა, ბოლო დროს ფაშინიანის მიერ “პოლიტიკური ნიშნით” განხორციელებული დაკავებების კვალდაკვალ, რადგან “ვითარება უკონტროლო იყო...”

თუმცა, ადგილობრივი პოლიტოლოგების მოსაზრებით, ეს ფაშინიანის სტრატეგიული უკანდახევაა - ის უკვე მზად იქნება ყველაფერი თავისი გეგმით განახორციელოს. მათი თქმით, ახლა მთავარია, დეკემბერში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე ყველაფერი მშვიდობიანად მივიდეს და შემდეგი შედეგები უკვე ისედაც ცნობილია.

ადგილობრივი პოლიტოლოგები მოსალოდნელი პროცესების შეფასებისას, სარგსიანის კადრების გავლენებსა და რუსეთის ინტერესებს არ ივიწყებენ და ამბობენ, რომ ფაშინიანის მხარდამჭერებს ზუსტი და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება მართებთ.

სომეხი პოლიტიკური მიმომხილველის სტეფან საფარიანის შეფასებით, ფაშინიანი მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა, “რესპუბლიკელებს" დასაკარგი არაფერი აქვთ - დეპუტატის მანდატის დაკარგვით ისინი კარიერულ პერსპექტივებსაც კარგავენ და შესაძლოა, წლების განმავლობაში ჩადენილი კორუფციული გარიგებების გამო, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ.

“ერთი არასწორი ნაბიჯის შემთხვევაში, ჩასაფრებული ოპოზიცია მას აუცილებლად გამოიყენებს და სულაც არ არის გამორიცხული ქვეყანაში ვითარების დასალაგებლად, ირიბად ევროპისკენ მომზირალ სომხეთში რუსეთის ჯარი შემოვიდეს... ეს კი ყველაფერს შეცვლის, რბილად რომ ვთქვათ, - რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებს” - ამბობს პოლიტოლოგი.

კიდევ ერთი ექსპერტის, არმენ ბადალიანის თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა შეძლო პარლამენტის შეცვლა პოლიტიკური კრიზისის გარეშე.

"მას, საზოგადოების მხარდაჭერით, პარლამენტის “რბილი გზით” შეცვლაც კი გამოუვიდა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვეყანას ევროპის წამყვანი ქვეყნის ლიდერები ეწვივნენ, რაც ქვეყანაში მის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამყარებს.

ხალხს ცვლილებები ჰაერივით სჭირდებოდა და ფაშინიანმა დასაწყისისთვის ბევრად მეტი შეძლო, ვიდრე ეს ჭაობში ჩაძირულ სომხეთში იყო შესაძლებელი. თანდათან, საშინაო პოლიტიკური პროცესებიდან საგარეოზე უნდა გადავიდეთ, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და თეორიულად – არსებობს ძალიან ცოტა შანსი, რომ ყველაფერი დაუგეგმავად განვითარდეს. წარსულმა გვანახა, რომ ხელისუფლებაში გვყავდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის ღალატობდნენ ქვეყანას და ისინი არსად წასულან - აქ რჩებიან და მზად არიან დათმონ ყარაბაღი, ისევ შეეკრნენ რუსეთს, აზერბაიჯანს, თუნდაც თურქეთს, ოღონდ კი გავლენები შეინარჩუნონ და მათი სახით, რისკები მაინც არსებობს” - ამბობს ბადალიანი Кавказский Узел-თან საუბარში.

მისივე თქმით, ფაშინიანის მიმართ საზოგადოების ნდობა იმდენად დიდია, რომ მას ვადამდელი არჩევნების შედეგებამდე და შემდეგაც ბეწვის ხიდზე მოუწევს სიარული, თუნდაც იმიტომ, რომ “ძველი მონოპოლისტები”, რომლებიც თავს პოლიტიკური ნიშნით დევნილებად მიიჩნევენ, მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და რიგგარეშე არჩევნების ვადა რამდენჯერმე გადასწიონ, რაც ქვეყანაში არეულობის შესაძლებლობას ზრდის," - ამბობს პოლიტოლოგი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე