ავტორი:

"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ტატამზე არიან ასულები და თავპირს ალეწავენ ერთმანეთს - ხუხაშვილი

"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ტატამზე არიან ასულები და თავპირს ალეწავენ ერთმანეთს - ხუხაშვილი

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თვლიან, რომ ამ სამყაროში მათ გარდა არავინ არსებობს, ასულები არიან ტატამზე და თავ-პირს ალეწავენ ერთმანეთს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ექსპერტმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის თანახმად, მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 53%-იანი მხარდაჭერით არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.

“მე როგორც ვიცი, კანონი კრძალავს კვლევის შედეგების ამ ფორმით გამოქვეყნებას. როდესაც კვლევის შედეგებს აქვეყნებ, აუცილებლად უნდა მიუთითო, ვინ ჩაატარა კვლევა, რა სისტემით ჩატარდა და ა.შ. როცა ამ ინფორმაციის გარეშე ქვეყნდება ეს მონაცემები, ბუნებრივია, კომიკურ ხასიათს ატარებს. მე ვთვლი, რომ სახელისუფლებო კანდიდატს აქვს უპირატესობა, მაგრამ არა იმიტომ, რომ პოპულარულია, არამედ იმიტომ, რომ ეს არჩევნები ნეგატიური არჩევნებია, როცა რესურსებია გადამწყვეტი და არა კანდიდატის პოპულარობა. არც ერთი კანდიდატი არ არის პოპულარული. როცა ასე ქვეყნდება კვლევა და არ არის მითითებული არც მეთოდოლოგია, არც ის, თუ ვინ ჩაატარა კვლევა, ამბობენ ჩვენ დავსხედით, ტელეფონებზე ვრეკეთ და ისე ჩავატარეთ კვლევაო, ეს უკვე ტრაგიკომედიაა. როგორ შეიძლება მსგავსი რამ. ასეთი დეკვალიფიკაცია და დეგრადაცია უბრალოდ წარმოუდგენელია მითუმეტეს პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია. მმართველი ძალა ამ შემთხვევაში ახდენს კანონის უგულვებელყოფას და როგორ აკეთებს ამას, ეს წარმოუდგენელია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, სახელისუფლო კანდიდატს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს თუ არა, ექსპერტი პასუხობს, რომ „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში“.

„ეს არჩევნები უკვე არჩევნები აღარ არის, ეს არის ერთგვარი სატელევიზიო რეალითი შოუ, თავისი ძირითადად ნეგატიური კომპრომატებით და ა.შ. არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ არსებობს. ეს არის რეალითი შოუ - პრეზიდენტი, ვიღაცა უნდა დაჯდეს 6 წელი სასახლეში და პრეზიდენტობანა ითამაშოს. მას არაფრის უფლება არ აქვს და ამ უბედურებაში ვართ. უხარისხო რეალითი შოუს მაყურებლები ვართ. რუსეთში არის რეალითი შოუ, ДОМ 2 და მისი პერსონაჟი ბუზოვა, რომელსაც მთელი რუსეთი დასცინის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პერსონაჟია. ასეთი რამ მივიღეთ. ეს არის პროვინციული სპექტაკლი. ბევრჯერ გვაქვს ნანახი, თუმცა ამ ქვეყანაში სხვა გასართობი არ არის, ამიტომ ვსხედვართ და ამ სისულელეს ვუყურებთ. ამ დონეზე დავიდა ქართული პოლიტიკა. სრული დეგრადაცია და კოლაფსი განიცადა. ერთმანეთისთვის კომპრომატების გამოქვეყნების დონეს ვერ გაცდნენ. წინა არჩევნებზე თუ ცდილობდნენ, რომ რაღაცა პოზიტიური ეთქვათ, ახლა მთლიანად ნეგატივში წავიდნენ. მთელი პოლიტიკური ელიტა უფსკრულისკენ მიემართება. ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ ამ სამყაროში მარტო ისინი არიან და სხვა არავინ არ არის, ასულები არიან ტატამზე და თავ-პირს ალეწავენ ერთმანეთს. ამის მაყურებელი გახადეს ადამიანები, რომლებსაც სულ სხვა პრობლემები აქვს და სხვა პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ. ამაზე ისინი არ ფიქრობენ. სხვა არაფერი არსებობს, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ, ადამიანები არ ვარსებობთ მათთვის და ამ მარაზმს გვაყურებინებენ. ეს ძალიან ცუდად მთავრდება პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ დიაგნოზი დასმული აქვს, ესენი სახლობანას თამაშობენ და თვლიან, რომ ხელისუფლებას მართავენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. მეორე ადგილს 19%-იანი მაჩვნებლით გრიგოლ ვაშაძე, მესამე ადგილს კი 17%-ით დავით ბაქრაძე იკავებს, ხოლო სხვა კანდიდატებს 11%-იანი მაჩვენებელი აქვთ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები