ავტორი:

"კომუნისტებმა ბავშვები დაწვეს" - 110 ადამიანის საზარელი გარდაცვალების ამბავი, რომელსაც სსრკ მალავდა

"კომუნისტებმა ბავშვები დაწვეს" - 110 ადამიანის საზარელი გარდაცვალების ამბავი, რომელსაც სსრკ მალავდა

1961 წლის 5 ნოემბერს ჩუვაშეთში, სოფელ ელბარუსოვოში ტრაგედია დატრიალდა - ადგილობრივ სკოლაში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 106 ბავშვისა და ოთხი ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ საბჭოთა საინფორმაციო საშუალებები დუმდნენ, ელბარუსოვოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ კი ცნობილი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გახდა.

რა გახდა ხანძრის მიზეზი და რატომ დამალა ხელისუფლებამ ასზე მეტი ადამიანის გარდაცვალება?

საბედისწერო დღე

სოფელი ელბარუსოვო, რომლის მოსახლეობას ათასამდე ადამიანი შეადგენს, ვოლგის სანაპიროდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ხის სკოლა სოფელში ჯერ კიდევ მეფის დროს აშენდა. ხანძრის დროს შენობა 47 წლის აშენებული იყო და აქ 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა, სკოლაში ელბარუსოვოელების გარდა, ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებიც ირიცხებოდნენ.

1961 წლის 5 ნოემბერს, საშემოდგომო არდადეგების დასრულების მეორე დღეს, ოქტომბრის რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. იმის გამო, რომ შენობაში არ ჰქონდათ სააქტო დარბაზი, ზეიმისთვის ერთმანეთის გვერდით მდებარე ორ კლასს იყენებდნენ ხოლმე. მეტი სივრცე რომ ჰქონოდათ, მერხები ფანჯრებთან დადგეს, ავეჯმა გადაკეტა გასასვლელი კარიც. დარბაზი ხალხით იყო სავსე, იმპროვიზებულ სცენაზე კი დირექტორის გამოსვლის შემდეგ ბიჭების გუნდი ცეკვავდა. ამ დროს გვერდზე მდებარე ოთახში ფიზიკის მასწავლებელი რამდენიმე უფროსკლასელთან ერთად იმყოფებოდა, ისინი ცდილობდნენ, ელექტროგენერატორი აემუშავებინათ, რომ ფილმის ჩვენება მოეწყოთ. სარჩილავის გასაცხელებლად მასწავლებელმა გადაწყვიტა, ღუმელში ცეცხლი დაენთო. ნესტიან შეშას ცეცხლი ვერაფრით მოედო, ამიტომ მასწავლებელმა ღუმელში ბენზინი შეასხა, რომელიც გენერატორისთვის ჰქონდათ მოტანილი. საწვავის რაოდენობა მან ვერ გათვალა და ცეცხლის ალი ღუმელიდან გარეთ გამოვარდა. როდესაც მასწავლებელი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა, ბიდონი, რომელშიც ბენზინი იყო, წაიქცა და საწვავი იატაკზე დაიღვარა. ცეცხლი ძალიან სწრაფად მოედო ოთახს, გვერდზე მდებარე დარბაზის იატაკს, კედლებს, ჭერს.

ფიზიკის მასწავლებელმა ფანჯრიდან გადახტომა მოასწრო, უფროსკლასელები დერეფანში გაიქცნენ. დარბაზში შავი ბოლი იდგა და ბავშვები ვერაფერს ხედავდნენ. დაიწყო პანიკა, ყვირილი, ერთმანეთს ეჯახებოდნენ... ფანჯრებთან მიდგმული მერხების გამო ოთახიდან გაღწევა ადვილი არ იყო, გადახტომა მხოლოდ უფროსებმა შეძლეს. ასზე მეტი მოსწავლე და ოთხი მასწავლებელი დაიწვა. შესაძლოა, მსხვერპლი ნაკლები ყოფილიყო, სკოლის ადმინისტრაციას პირველ რიგში არქივის გადარჩენა რომ არ ეცადა და ადამიანებს დახმარებოდნენ.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ნისლი, რის გამოც მეხანძრეები სკოლასთან დაგვიანებით მივიდნენ.

დამწვარი ცხედრები სპორტულ მოდანზე დაასვენეს, ბავშვების ამოცნობა მშობლებმა მეორე დღეს მოახერხეს - უმეტესად, სამოსით. გარდაცვლილი ბავშვების ნახევარი 8 წლისაც არ იყო.

ერთ-ერთ საკლასო ოთახში პირველკლასელები მასწავლებელთან ერთად დაიწვნენ.

ხანძრის დროს დაღუპულები ძმათა სასაფლაოზე ერთად დაკრძალეს, დაშავებულები კი სამკურნალოდ მოსკოვსა და ჩებოკსარში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მცხოვრებლები იხსენებენ, რომ სკოლის დირექტორი სამუილ იარუკინი ტყეში გაიქცა. სწორედ იარუკინის ინიციატივით დარბაზში დასაშვები 115 ადამიანის ნაცვლად ხანძრის დროს 200 ადამიანი იმყოფებოდა. დირექტორი გაასამართლეს და 19 წელი მიუსაჯეს, თუმცა ციხეში მხოლოდ 7 წელი გაატარა. მას შემდეგ სოფელში აღარ დაბრუნებულა.

უფრო ნაკლები - 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა ფიზიკის მასწავლებელს, რომელმაც ხანძარი გააჩინა. ერთ-ერთი ვერსიით, მან დაკავებიდან 4 წლის შემდეგ თავი მოიკლა.

საბჭოთა ხელისუფლებისთვის ძნელი აღმოჩნდა თქმა, რომ ტრაგედია „დიადი დღესასწაულის“ აღნიშვნის დროს მოხდა და თანაც, ამდენი ბავშვი შეეწირა.

ტრაგედიიდან 2 დღის შემდეგ, 7 ნოემბერს სოფელში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა გაიმართა. გარდაცვლილების ოჯახის წევრებს დუმილის პირობა ჩამოართვეს.

თუმცა, ხანძრის შესახებ ინფორმაცია მაინც გავრცელდა - იმავე დღეს რადიო „ამერიკის ხმამ“ გადასცა, რომ „კომუნისტებმა ბავშვები დაწვეს“.

ელბარუსოვოსთვის ტრაგედია ძალიან დიდი მასშტაბის იყო, მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში სოფელმა იმაზე ნაკლები ადამიანი დაკარგა, ვიდრე ნოემბრის „ერთ მშვიდ დღეს“.

ხანძარს გადარჩენილი ბავშვები მომდევნო წელს პიონერთა ბანაკში გაამგზავრეს, სოფელში კი ახალი სკოლა ააშენეს - ამჯერად, აგურით.

ელბარუსოვოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ხმამაღლა საუბარი მხოლოდ 1990-იან წლებში დაიწყეს, გაიხსნა მსხვერპლთა მემორიალიც.

ამ დროისთვის დოკუმენტები და მოგონებები ხანძრის შესახებ სკოლის ვებ-გვერდზეც არის განთავსებული.

ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე

რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა?

"კორონავირუსის პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს მზად" - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი