ავტორი:

"ყველა კოსტიუმი ერთხელ ჩანს და მერე გარდერობისთვისაა განწირული" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" დიზაინერი შიდა სამზარეულოს ამხელს

"ყველა კოსტიუმი ერთხელ ჩანს და მერე გარდერობისთვისაა განწირული" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" დიზაინერი შიდა სამზარეულოს ამხელს

მეხუთე სეზონია, თბილისის მოდის კვირეული მისი ნამუშევრებით იხსნება. თემას და სტილს არ ღალატობს - არის კლასიკური და დახვეწილი.

წელს თბილისის მოდის კვირეულის მთავარ ხაზს - "ეკო მოდასაც" ფეხი აუწყო და 13 ორიგინალური კოსტიუმით წარსდგა, რომელის პერფომანსიც რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა დაუდგა.

"ჩემი კოლექციები არ არის სეზონური, ის ყველა სეზონს ერგება. საერთოდ კი, მომწონს ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. თან, ყველა ინდივიდუალურია, ყველას თავისი ხელწერა აქვს, რაც დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია, არ გავდეს სხვას, თუმცა არის მომენტები, ზეგავლენის ქვეშ რომ ექცევიან.

მეც, თუკი რაიმე მსგავსი მომეძალება, მაშინვე ვბლოკავ. მირჩევნია ჩემს ყველა კოსტიუმს ლაშა ჯოხაძე ერქვას! თუნდაც გააკრიტიკონ, არ მოეწონოთ, მაგრამ იყოს ჩემი" - გვეუბნება დიზაინერი ლაშა ჯოხაძე.

ბოლო დროს ის "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტების კოსტიუმებზეც ზრუნავს. ამბობს, რომ ერთი ეპიზოდიდან მეორე ეპიზოდამდე, დაძაბულ რეჟიმში მუშაობს. ყოველი ტურისთვის კონკურსანტებს, მათ პატნიორებს და შოუს წამყვანებს სამოსს უქმნის.

"დიზაინერისთვის ამ პროექტზე მუშაობა აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკაა, იმიტომ, რომ ეკრანია, გამოსახულებაა... რაც მოდის სფეროში მოდური და მიღებულია, ამ კოსტიუმებთან არაფერ შუაშია, რადგანაც ხომ ვამბობ, თავისი სპეციფიკა აქვს. ყველაფერი ტანზე ზუსტად უნდა იყოს მორგებული, წელვადი - ბევრი ნიუანსია.

მოკლედ, ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა, რომელშიც უცხო ადამიანი კარგად თუ ჩაიხედავს, დარწმუნდება, რომ სირთულეებს ვაწყდებით. ყველაფრის მინიმალურ დროში გაკეთება გვიწევს. მიუხედავად ამისა, ჩემთვის "ცეკვავენ ვარსკვლავები" ღირებული პროექტია. ამასთან, სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ყველაზე რთულიც. იმიტომ, რომ ლაივ რეჟიმში ვართ და ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - დასძენს ლაშა ჯოხაძე და მადლიერია, რომ არასდროს ჰქონია პატარა "ჩეპეც" კი.

იმისთვის, რომ ესა თუ ის კოსტიუმი შექმნას, ცეკვების ისტორიებს სწავლობს. ღრმად და საფუძვლიანად არა, თუმცა საიდან წამოვიდა თითოეული, რა შინაარსისა და ხასიათის, ეს აინტერესებს.

"მაგალითად, როგორია ვალსის კაბა? ეს არის შოუ და რაც პროფესიონალ მოცეკვავეებს შეჯიბრებაზე აცვიათ, იმ კოსტიუმებისგან განსხვავებული, უფრო მარტივი უნდა იყოს. აქ უკვე ჩემი იმპროვიზაციები დაშვებულია, თუმცა გარკვეულ ზღვარს არ ვცდებით, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ორგანული გახდა. ყველაზე ძალიან მაინც "ტანგო" მიყვარს, მისი კოსტიუმები ხასიათში მკაცრია და სექსუალური, რაც ეკრანზე უფრო ესთეტური და მშვენიერი სანახავია", - გვეუბნება დიზაინერი.

- რამდენ ხანში ქმნით კოსტიუმს?

- მასზე სამუშაოდ ყველაზე მინიმალური დრო, რაც გვქონია, 2 დღე ყოფილა, თუმცა რეალურად, 4 დღეში. ასე რომ, ყოველკვირეულად სულ ახალ-ახალი იქმნება.

- შემდეგ სად მიდის ეს კოსტიუმები?

- "იმედის" საკუთრებაა და გარდერობში ინაცვლებს.

- რომელიმე კოსტიუმი ცეკვისას ხელახლა თუ გამოგიყენებიათ?

- განვლილი კოსტიუმი ასეთ მეგაშოუებში, მიმაჩნია, რომ სასურველი არ არის გამოიყენონ და არც გამოყენებულა, რასაც არც შემდეგში ვაპირებთ. თან, სხვის ტანზე შეკერილი კოსტიუმი, თითქმის შეუძლებელია სხვას მოერგოს. "ცეკვავენ ვარსკვლავები" მაღალბიუჯეტიანი პროექტია, მიხარია, რომ ყოველი ახალი კოსტიუმი ინდივიდუალურად პროექტის თითოეული მონაწილისთვის იქმნება.

თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ მათი გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად ხდება. მხოლოდ ერთხელ გამოიბრწყინებს და მერე გარდერობისთვისაა განწირული.

- პრეტენზიები არ გესმით თქვენი მისამართით?

- პროფესიონალ მოცეკვავეებთან დიდი ხანია ვურთიერთობ და ვიცი მათი გემოვნება, რაც მნიშვნელოვანია მუშაობისას. მათ ხასიათს და გემოვნებას ყოველთვის ვითვალისწინებ. მაგრამ რაც შეეხება ვარსკვლავებს, როდესაც თავდაპირველად ვხვდები და ზომებს ვუღებ, კითხვებს ვუსვამ - რა ფერს არ იცვამს, რომ მის კოსტიუმში ის ფერი არ გამოვიყენო. მახსოვს, პირველად ნინი წიკლაურს რომ შევხვდი, მითხრა, მწვანე ფერი არ მინდაო... მოკლედ, ამის გათვალიწინება მიწევს. ისე, ეკრანს მუქი ფერები არ უხდება.

- თავად თუ ცეკვავთ?

- სამეჯლისო ცეკვებს არა, თუმცა ქართულსაც ვცეკვავდი და თანამედროვე ცეკვებზეც დავდიოდი, სხვათა შორის, ძალიან კარგად გამომდიოდა. მერე შევეშვი და ხატვისკენ გადავიხარე. წლევანდელ სეზონზე პროექტიდანაც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ჩემს საქმეს ვერასოდეს ვუღალატებ. ძნელია, იცეკვო და კოსტიუმებიც აკეთო. თუ ამ ნაბიჯს გადავდგამ, იქაც მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. ერთად ეს ორი საქმე შეუძლებელია.

- ვინმეს გადარწმუნება თუ გიწევთ?

- კი, ყოფილა მსგავსი რამ, რაც მარტივად გამომდის. უბრალოდ, ადამიანს არ ვატყუებ, ვუხსნი, ვეუბნები, თუ რატომ არ შეიძლება ამა თუ იმ სამოსის ჩაცმა... აი, ეს არის მთელი ჩვენი შიდა სამზარეულო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება