ავტორი:

დაპირისპირება მარნეულში - დააკავეს "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები

დაპირისპირება მარნეულში - დააკავეს "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები

მარნეულში ინციდენტის შედეგად, პოლიციამ ორი პირი დააკავა.

სოფელ იმირის #59 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლებს შორის.

ოპოზიციის თქმით, მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატი თამაზ ნავერიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები, მათ შორის მარნეულის საკრებულოს თავჯმდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი დააფიქსირეს.

„მარნეულის რაიონში არის არეულობა, ეს შემოაქვს ხელმძღვანელობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აქ იმყოფება და ის აძლევს მითითებებს. ყველა უბანზე დავაფიქსირეთ მამუკა ნავერიანი,“, - აღნიშნა ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა.

მამუკა ნავერიანის განმარტებით კი, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება და მათი კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია არ ხდება. „კანონის ჩარჩოებში თვალყურს ვადევნებ, რომ ობიექტურად ჩატარდეს არჩევნები. მაჩვენეთ ფაქტები, სად ეწევიან სალომე ზურაბიშვილისმხარდასაჭერ აგიტაციას?!" - აღნიშნა მამუკა ნავერიანმა.

რაც შეეხება თამაზ ნავერიანის პოზიციას, მისი თქმით, უბანზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, მივიდა იმიტომ, რომ ინციდენტის შესახებ შეატყობინეს.

„ამიტომ მოვედი და არა იმისთვის, რომ შიგნით შევიდე. თქვენი საქმე არ არის, მე სად ვიქნები და სად არ ვიქნები. ჩემი აქ ყოფნა ნამდვილად შეიძლება“, - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ფ.კ.-ს და პარტია „ქართული ოცნების“ წევრს ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოთხოვნას, ამიტომ ორივე მხარის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რაიონის სოფელ იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე.

დადგინდა, რომ ფ.კ.-ს და ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პოლიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი - არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით”, - აცხადებენ შს სამინისტროში.

ამასთან, მარნეულში მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."