ავტორი:

წიგნის ყდებზე გაცოცხლებული ქართული ისტორიული ქსოვილები - „პალიტრა L-ის“ ახალი მიმართულება  #იკითხექართული

წიგნის ყდებზე გაცოცხლებული ქართული ისტორიული ქსოვილები - „პალიტრა L-ის“ ახალი მიმართულება  #იკითხექართული

თანამედროვე ლიტერატურა საქართველოში სულ უფრო და უფრო აქტიურად ითარგმნება. ახალგაზრდა თაობაში თანამედროვე ავტორების მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ნათარგმნ ლიტერატურასთან ერთად ქართველი ავტორებიც მეტად გააქტიურდნენ. ეს გარკვეულწილად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსსაც უკავშირდება. ამ პროცესებში დიდი როლი მიუძღვით გამომცემლობებსაც.

#იკითხექართული - ეს კი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი მიმართულებაა, რომელიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამოცემასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ ეს მიმართულება მათთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებული მიზანი აქვთ დასახული.

„ჩვენ ქართული ლიტერატურის გამოცემას ყოველთვის ვუთმობდით განსაკუთრებულ ყურადღებას. თუმცა ბოლოდროინდელი ლიტერატურული პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად საჭიროებს გაძლიერებას. სწორედ ამის გამოძახილია#იკითხექართული, რომლის ფარგლებში ბოლო პერიოდის ქართულ რომანებს გამოვცემთ. გამოიცემა, როგორც ახალი ავტორები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ სამწერლობო ასპარეზზე, ასევე ახალი ქართული ლიტერატურის უკვე კლასიკად ქცეული წიგნები. არიან ავტორები, რომლებსაც დიდი ხანია არ მივბრუნებივართ.

სერიის კონცეფციასა და დიზაინზე განსაკუთრებით ვიზრუნეთ და ჩვენს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ასეთ საინტერესო ფორმაზე შევჩერდით, რომელიც ერთდროულად თანამედროვეც არის და კლასიკურიც, რაც ყველაზე მთავარია, სრულიად ქართულია, - განმარტავს „პალიტრა L-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ზაქრაძე.

ახალი მიმართულების, რომელიც განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, წიგნების ყდებზე გამოყენებულია ტრადიციული ქართული სამოსის ორნამენტები. იდეა დიზაინერ ანა მაჩაიძეს ეკუთვნის, რომელმაც ის მარიტა ჯანაშიასთან ერთად რეალობად აქცია.

„დიზაინერითვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა,როდესაც ნაციონალურ და მშობლიურ თემას კიდებს ხელს. ვფიქრობთ, რომ მიმართულება #იკითხექართული ძალიან მნიშვნელოვანია. მისთვის თანამედროვე და ძველი ქართული ელემენტების გაერთიანება ვცადეთ. ჩვენი შთაგონების წყარო იყო ქართველი მეფეებისა და დედოფლების ტანსაცმლის ქსოვილები, რომლის აღდგენაც „ხელოვნების სასახლის“ პროექტის, „ქართული ისტორიული ქსოვილების“ ფარგლებში მოხდა. ორნამენტებიც და ფერებიც იმდენად საინტერესო და ლამაზია, რომ აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე საქართველოს კულტურის ნაწილიც. ვფიქრობთ, რომ მათი ამ სახით გამოყენება ჩვენი კულტურის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს,“ - აღნიშნავს დიზაინერი ანა მაჩაიძე.

ახალი მიმართულების ფარგლებში უკვე გამოცემულია სამი წიგნი: ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებული“, თამაზ ჭილაძის „აჰა, მიიწურა ზამთარი“ და გურამ ფანჯიკიძის „სპირალი“. სამომავლოდ კიდევ არაერთი ავტორის გამოცემაა დაგეგმილი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს