ავტორი:

"მამიკოს გოგო" ბათუმიდან - გაიცანით "მხოლოდ ქართულის" ულამაზესი კონკურსანტი, რომელმაც ჟიური საოცარი ხმით მოხიბლა

"მამიკოს გოგო" ბათუმიდან - გაიცანით "მხოლოდ ქართულის" ულამაზესი კონკურსანტი, რომელმაც ჟიური საოცარი ხმით მოხიბლა

5 ნოემბერს "რუსთავი 2"-ის ეთერში მეგაპროექტი "მხოლოდ ქართული 2" დაიწყო. ეთერში პირველი შესარჩევი ტურის პირველი სერია გავიდა. მაყურებელმა რამდენიმე კონკურსანტი უკვე იხილა, რომლებიც ჟიურიმ შემდეგ ტურში გადაიყვანა. მათ შორის არის ბათუმელი მზიკო ფარტენაძე, რომელიც კონკურსზე მამასთან ერთად გამოჩნდა და ინტერნეტსივრცეში "მამიკოს გოგოდაც" მონათლეს.

AMBEBI.GE ბათუმელ მზიკო ფარტენაძეს უკეთ გაგაცნობთ.

"ვარ ბათუმიდან, ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე და კონსერვატორიაში ჯაზის ხელოვნებაზე. ძალიან მიყვარს მუსიკა და "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობა ამიტომ გადავწყვიტე. ეს საკუთარი თავის წარმოსაჩენად და ამ სფეროში რეალიზებისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა", - გვეუბნება მზიკო, რომელიც საკუთარ ოჯახსა და მამაზე ასე გვესაუბრება:

- მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ოთხი დედმამიშვილი ვართ და ყველას მიმართ ბავშობიდანვე ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. მე ნაბოლარა ვარ და მისი მხრიდან კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, ყოველთვის ჩემს გვერდითაა. ასე მომყვება ყველგან, სადაც უნდა წავიდე... უნდა, რომ სულ ჩემ გვერდით იყოს, მიგულშემატკივროს, გამამხნევოს... თან, მამებს გოგო შვილები ხომ განსაკუთრებით უყვართ და გოგოებს კიდევ მამები.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესით ეკონომისტია, მუსიკასთან ყოველთვის ახლოს იყო, სულ გიტარაზე უკრავდა და მღეროდა, მეც ბავშვობაში მიკრავდა და სიმღერებს მასწავლიდა. მუსიკის სიყვარული და მუსიკალურობა გენეტიკურად მომყვება. მეც, ჩემი დებიც სულ ვმღეროდით... დედაჩემი და ჩემი ძმაც...

როგორც მზიკო გვეუბნება, "მხოლოდ ქართულის" პირველ კონკურსშიც სურდა მონაწილეობა, თუმცა კონსერვატორიაში მისაღები გამოცდებისთვის ემზადებოდა და გადაიფიქრა:

- მე და ჩემი საუკეთესო მაგობარი ლაივებზე აქტიურად დავდიოდით. ერთხელაც გადავწყვიტე, რომ მონაწილეობა მეც მიმეღო და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. თან, როგორც გითხარით, ქართული სიმღერა განსაკუთრებით მიყვარს. ჯაზის მიმართულებით წელს ჩავაბარე, ახლა უმეტეს დროს ჯაზს ვუთმობ, ვიდრე - წინა წლებში. მაგრამ რადგან ჩემთვის ქართული იყო პრიორიტეტული, სხვა კონკურსებში ამიტომ არ ვმონაწილეობდი. ახლა ძალიან გამიხარდა ქართული სიმღერის წინ წამოწევა. გამოჩნდა თუ არა ასეთი პროექტი, სიხარულით ჩავერთე.

- ჟიურის წევრებიდან ყველაზე მეტად რომლის გეშინოდა?

- ჟიურიმ სწორად შემაფასა, ვთვლი, რომ სამართლიანი იყო ყველა. არც ერთის მეშინოდა. უბრალოდ, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა ქალბატონი მარინას მიმართ, თუმცა, რა თქმა უნდა, თანაბრად მინდოდა, ყველას წინაშე კარგად წარვმდგარიყავი. ქალბატონი მარინა "ანა-ბანას" კონკურსიდან მიცნობდა, მას მერე 8 წელი გავიდა, გაზრდილი რომ მნახა, მინდოდა, კარგი შედეგი მქონოდა... სასაცილო ის იყო, მე და მამა კასტინგზე ერთად რომ დაგვინახეს, წამყვანებს - ილოს და ნიკას, დუეტი ვეგონეთ...

- ახლა ორ სასწავლებელს და ამ კონკურსში მონაწილეობას ერთმანეთს როგორ შეუთავსებ?

- ძალიან სერიოზული და რთული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ სადაც მონდომება, შრომა იქნება, იქ ყველაფერი მოესწრება. რაც უფრო დაკავებული ხარ, მით უფრო ბევრს ასწრებ, მეტად ჩართული ხარ საქმეში.

როგორც მზიკო ამბობს, არის აქტიური სტუდენტი. თბილისში ნაქირავებ ბინაში, მუსიკოს დაქალთან ერთად ცხოვრობს. არის დამოუკიდებელი, ბათუმში მყოფი მშობლები და დედმამიშვილები სულ ენატრება. რაც თბილისში გადმოვიდა, თავისი ქალაქი კიდევ უფრო შეუყვარდა, როგორც კი გამონახავს, იქ ჩადის. განსაკუთრებით უყვარს ბულვარში და ზღვის სანაპიროზე სეირნობა. თბილისში კი, თავისუფალ დროს ხარისხიანი მუსიკის მოსასმენად, მეგობართან ერთად, ჯაზკაფეში დადის.

- ბათუმი ყველასთვის ზღვასთან ასოცირდება, ჩემთვის ზღვასთან და თოლიებთან. მიყვარს ჩემი ქალაქი და როცა ბათუმზე ვიწყებ ლაპარაკს, ყოველთვის იმას აღნიშნავენ, რომ ბათუმელებს განსაკუთრებულად გიყვართ თქვენი ქალაქიო. მართლაც ასეა. თბილი, მეგობრული ქალაქია, რომელმაც ბათუმელი გამხადა, რითაც ვამაყობ.

- "მხოლოდ ქართულში" რა მოლოდინი გაქვს?

- ჟიურის წევრები და ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ამჟამად ძლიერი ნაკადია. კარგი კონკურსანტები არიან. მოლოდინი ის არის, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს