ავტორი:

"არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან" - ჩერგოლეიშვილი "ერთი ოჯახის" შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე

"არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან" - ჩერგოლეიშვილი "ერთი ოჯახის" შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე

"ტაბულას" დირექტორი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის განცახდებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. ჩერგოლეიშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაერთიანება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" ერთ ოჯახად არ აქცევს, როგორც ამას სააკაშვილი მიიჩნევს.

"სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა "ერთ ოჯახზე".

ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს - მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია.

არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო - ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ჰელსინკში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას შეხვდა. ჰელსინკში პოლიტიკოსები "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობას ესწრებიან.

სააკაშვილის თქმით, ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოა".

"მნიშვნელოვანია, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ "ევროპის სახალხო პარტიამ" გადამწყვეტი როლი ითამაშა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში.

გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი", - აღნიშნა საკაშვილმა.

"ევროპულ საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით კი, "ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ისინი და ენმ-ი კვლავ ოპონენტები იქნებიან".

„ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთელ ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ამოცანა გვაქვს - სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოყვეს, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება როგორიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და მითუმეტეს, ივანიშვილს დღეს. ეს თქვა გიგი უგულავამ და ეს პოზიცია არაერთხელ დავიკავეთ საჯაროდაც. ამის შემდგომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთში კონკურენცია ექნებათ და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ - ოპოზიციაში.

ეს პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი - ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს,“ - განაცხადა ბოკერიამ.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "სახალხო პარტიის" წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობასა და მეორე ტურისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა.

„ამ დროისთვის ჯერ ისიც არ არის ცნობილი, თუ როდის დანიშნავენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, მაგრამ როცა იქნება, ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე, პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება განსაზღვროს ხალხმა“, - აცხადებს გიგი უგულავა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს