ავტორი:

"თეატრალური განხეთქილება" აფხაზეთში - რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს ძველი და ახალი თაობის მსახიობები

"თეატრალური განხეთქილება" აფხაზეთში - რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს ძველი და ახალი თაობის მსახიობები

სოხუმში ახალგაზრდა და უფროსი თაობის მსახიობებს შორის დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლა. აფხაზეთის ე.წ. დრამატული თეატრის ხელმძღვანელობის მიმართ ახალგაზრდული თეატრის მსახიობების უკმაყოფილება, რამდენიმე ხნის წინ, სცენის დათმობა-არ დათმობის გამო დაიწყო.

apsnylife.ru-ს ცნობით, ახალგაზრდული თეატრი 2014 წლის აგვისტოში დაარსდა. მაშინ თეატრის მსახიობებს სტატუსი მისცეს, თუმცა იქვე განუმარტეს, რომ საკუთარი სცენა არ ექნებოდათ და რეპეტიციებისთვის სოხუმში არსებული კულტურული ცენტრის შენობაში ფართი გამოუყვეს. სპექტაკლის გასამართად კი დრამატული თეატრის სცენა დაუთმეს, ისიც მხოლოდ ხუთშაბათობით.

"თეატრალური საზოგადოების ძველ თაობას დიდად თვალში არ მოსდიოდა ახალგაზრდების ნამუშევრები და მათ "უგემოვნოსა" და "არაფრისმომცემს" უწოდებდნენ... ვიცოდით, რომ ერთ დღესაც მათი უკმაყოფილება რაღაცნაირად ამოხეთქავდა..." - წერს სოხუმელი სტუდენტი.

წლების განმავლობაში, გარკვეული უკმაყოფილებების მიუხედავად, ორივე თეატრალური ჯგუფი როგორღაც ახერხებდა ერთად მუშაობას, თუმცა 15 ნოემბერს, როდესაც ახალგაზრდულმა თეატრმა საკუთარი სპექტაკლის გამართვა გადაწყვიტეს, აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დღეს დრამატულ თეატრსაც ჰქონდა სპექტაკლი დაგეგმილი. ამის გამო ახალგაზრდული თეატრი შენობაში არ შეუშვეს.

მალე დრამატული თეატრის გარშემო ახალგაზრდების მხარდამჭერები გამოჩდნენ. ვითარება ისე დაიძაბა, რომ ინციდენტების თავიდან ასარიდებლად ადგილზე მილიცია მივიდა... თუმცა დრამატული თეატრის სპექტაკლი მაინც ჩატარდა. ახალგაზრდული თეატრის წარმომადგენლებმა კი პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათთვის ამ გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. "რამდენიმე ათეული შემთხვევა ჰქონდათ, როდესაც ახალგაზრდები ქუჩიდან, ე.წ. ბირჟიდან თეატრში შეიყვანეს... აფხაზეთში სხვა გასართობი არც არაფერია, თუ გადაბმულ ქეიფებს და "გონკებს" არ ჩავთვლით... უკანონო მოთხოვნები გაქვთო, გვეუბნებიან, სინამდვილეში, თავიანთი ერთფეროვანი და დრომოჭმული სპექტაკლებით არავინ ინტერესდება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მათ მაყურებელი წავართვით... ეს არის ყველაფრის მიზეზი..." - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა მსახიობი.

ახალგაზრდული თეატრის დირექტორის ასლან ენიკის თქმით, წლების განმავლობაში ითხოვდა, რომ ახალგაზრდებსა და დრამატულ თეატრს შორის შეთანხმება "იურიდიულად" გაფორმებულიყო, თუმცა უარს იღებდნენ.

"დრამატული თეატრის მაშინდელმა დირექტორმა გვითხრა, რომ ჩვენ კვირაში მხოლოდ ერთი დღე გვქონდა სცენა, თეატრი ბიუჯეტისგან სრულად ფინანსდებოდა და ჩვენგან არაფერს აიღებდა... ახლა კი გვეუბნებიან, რომ ფულს არ იხდით და სცენას რატომ დაგითმობთო... ვერაფერი გავიგე" - ამბობს მსახიობი ალიას ავიძბა.

2018 წლის ზაფხულში აფხაზეთის დრამატული თეატრის დირექტორი ნოდარ ჩანბა გახდა, რომელმაც ახალგაზრდული თეატრის მიმართ მიდგომები შეცვალა, რაც მიუღებელია ახალგაზრდებისთვის. ისინი ირწმუნებიან, რომ აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და დრამატულ თეატრში სცენა არ დაეთმობათ.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი