ავტორი:

რუსეთის საიდუმლო სქემა, რომლითაც ცხინვალიდან ლუგანსკსა და დონეცკში მილიონები ირიცხება - რა გამოააშკარავა ამერიკულმა მედიამ

რუსეთის საიდუმლო სქემა, რომლითაც ცხინვალიდან ლუგანსკსა და დონეცკში მილიონები ირიცხება - რა გამოააშკარავა ამერიკულმა მედიამ

"კრემლი წლების განმავლობაში აფინანსებს ე.წ. პრორუსულ "რესპუბლიკებს" უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში... მისი მიზანია გააძლიეროს რუსეთის გავლენები და შეაჩეროს დასავლეთთან დაახლოების პროცესები, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის..." - წერს გამოცემა The Washington Post რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის საიდუმლო ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით, რომლის საშუალებითაც, რუსეთის ხელისუფლება დასავლეთის მკაცრ სანქციებს არიდებს თავს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, გამოაშკარავებულია იმპროვიზებული საბანკო სისტემა, რომელიც რუსეთმა ცხინვალში დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების დასაფინანსებლად შექმნა და რუსეთს დაწესებული საერთაშორისო სანქციების არიდებაში ეხმარება.

The Washington Post-ის ცნობით, გამოძიების პროცესში ჟურნალისტები ესაუბრნენ სეპარტისტული რესპუბლიკების წამყვან ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებიც მოსკოვის მიერ იმართებიან და გაირკვა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში 150 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა. ამ ფინანსურ ტრანზაქციებს ოკუპირებული ცხინვალის საგადასახადო სამსახურის მონაცემები ადასტურებს.

"საიდუმლო სქემის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტები თანხას რიცხავენ ცხინვალის რეგიონში, საიდანაც ის რუსეთში მიედინება, იქიდან კი საშენი მასალები, პროდუქტები, საწვავი და სხვა სახის საქონელი ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებზე ხვდება. ანუ თანხა მოძრაობს მოსკოვიდან ცხინვალის გავლით აღმოსავლეთ უკრაინისკენაც..." - წერს The Washington Post.

სტატიის ავტორის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგადასახადო სისტემის სამსახურმა გამოცემას აცნობა, რომ ბოლო ხანებში ცხინვალში 146 კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც ნამდვილად აწარმოებენ ბინზესს უკრაინაში, მათ შორის არის, ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი კომპანია Republican Fuel Co. ასევე, 52 ავტოგასამართი სადგური, რომელიც დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკიდან იმართება და მისი საგადასახადო გამოქვითვა, 2018 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში 89 ათას დოლარს აჭარბებდა... კომპანია Republican Fuel Co-მ ამ საკითხზე გამოცემისთვის კომენტარის მიცემისგან თავი შეიკავა.

The Washington Post-ის ჟურნალისტმა ცხინვალში ყოფნისას გაარკვია იმ ანკლავის მოქმედება, რომელიც მოსკოვისთვის ერთ-ერთ საიდუმლო ფინანსურ ცენტრად იქცა. ადგილობრივი ე.წ. სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ვახტანგ ჯიგკაევი გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ “შესაძლოა, ეს ვინმესთვის მიუღებელი იყოს, თუმცა ცხინვალში ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება...” გამოცემის ცნობით, აშკარაა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების ფინანსური ნაკადები, ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე 3 წლის წინ დაარსებული “საერთაშორისო გადარიცხვების ბანკის” ოფისიდან იმართება და საფინანსო გადარიცხვების სქემას, რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის 1981 წლის კურსდამთავრებული - ვიაჩესლავ მაზურინი ხელმძღვანელობს. Post-ის ჟურნალისტს ინტერვიუზე უარი უთხრა.

გამოცემასთან ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ხელმძღვანელებმა. ისევე, როგორც უარი განაცხადა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ და ოკუპირებული ტერიტორიების კურატორმა ვლადისლავ სურკოვმა.

ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი The Washington Post-თან საუბრისას განაცხადა, რომ “აღმოსავლეთ უკრაიანა ახლა იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც სამხრეთ ოსეთი 20 წლის წინ იმყოფებოდა... ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ ძალიან გვინდოდა, ჩვენთვის ვინმეს მხარი დაეჭირა...”

ცნობისთვის, ივლისში ბიბილოვი სირიის პრეზიდენტ ასადს შეხვდა, უფრო ადრე კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ყირიმთან "საქმიან ეკონონომიკურ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას" მოაწერა ხელი. აღმოსავლეთ ქვეყნებიდან, ისევე, როგორც სირიიდან, რეგულარულად დადიან აფხაზეთში ე.წ. ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა რანგის პირები.

დიდი ალბათობით, ცხინვალის მსგავსი "კანონიერი კომპანიები" რუსეთს აფხაზეთშიც ექნება... რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინას, ადგილობრივმა "ხელმძღვანელობამ" The Washington Post-ის ჟურნალისტებს იქ ჩასვლის უფება არ მისცა.

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში