ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომერი #12(96), რომელშიც წაიკითხავთ:

მეფე თეიმურაზ II-ის “დაბრუნება” სამშობლოში

მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი სამშობლოში ჩამოვიდა. ჩვენ არ ვართ განებივრებული ჩვენი ისტორიული პირების, მონარქების პორტრეტებით. დანამდვილებით არ ვიცით, როგორ გამოიყურებდა მათი უმრავლესობა. მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი ამ თვალსაზრისით ბედნიერ გამონაკლისს წარმოადგენს. თანამედროვე ქართველობას შეუძლია, ქართველი მეფის იერი და ჩაცმულობა იხილოს მეფისვე თანამედროვე პორტრეტისტის მიერ შესრულებულ ფერწერულ ტილოზე.

1761 წლის 8 აპრილს რუსეთში მოლაპარაკებებზე ჩასულმა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ იმდენად მოხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედი, რომ მონარქმა რუსეთის საიმპერატორო კარის ერთ-ერთ უპირველეს მხატვარს, ალექსეი ანტროპოვს ქართველი ხელმწიფის პორტრეტის დახატვა დაავალა. ეს ტილო დღემდე დაკარგულად მიიჩნეოდა.

ქართველი მეფის პორტრეტის საქართველოში ჩამოსვლას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს - თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, ის უკანა გზაზე შეუძლოდ გახდა, გზაშივე გარდაიცვალა და სამეფო ამალამ ქართველი მეფე ასტრახანში დაკრძალა. მას შემდეგ საქართველო არაერთხელ შეეცადა გვირგვინოსნის სამშობლოში გადმოსვენებას, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ როცა 1745 წელს სვეტიცხოველში თეიმურაზი მეფედ ეკურთხა, უკვე 130 წელიწადი იყო გასული, რაც აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანული წესით არც ერთი მეფე არ ეკურთხებინათ.

ძვირფასი ხელნაწერი ექსპონატი აშშ-ში

ინდიანის უნივერსიტეტის ლილის ბიბლიოთეკაში ინახება სულხან-საბა ორბელიანის «სიტყვის კონის» ხელნაწერი, რომელიც დღემდე გამოუცემელი და დაუმსახურებლად მივიწყებულია. ის საყურადღებოა უნიკალური საზედაო ასოებით, რომელთა ანალოგი ქართულ ლიტერატურაში არ მოგვეპოვება. მოხატული ასოები გამოირჩევა შესრულების გაწაფულობით, ოსტატობითა და გრაფიკული ნახატისა და ფერის ვირტუოზულობით. ხელნაწერი დიდი მოცულობისაა (33 სმ X 21,5 სმ) და 326 ფურცელს შეიცავს. ჩასმულია ლამაზად მორთულ ხის ტყავგადაკრულ ყდაში. სამწუხაროდ, გვერდების ნაწილი დაზიანებულია. ტექსტი გადაწერილია ხელით, ლამაზი მხედრულით, წითელი და შავი მელნით, ქაღალდზე. მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე საზედაო ასოს ილუსტრაციას, აგრეთვე ხელნაწერის შექმნისა და ლილის ბიბლიოთეკაში მოხვედრის ისტორიას. ანდერძიდან ცხადი ხდება, რომ ხელნაწერის დამკვეთი მზეჭაბუკ ორბელიანია, ხოლო გადამწერია იოანე ლარაძე. ორივე მათგანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა.

ჯონ ლენონის მკვლელობა

38 წლის წინ, 1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 72-ე და სენტრალ პარკ უესტის ქუჩების კვეთაზე მდებარე პრემიუმკლასის ფეშენებელური საცხოვრებელი სახლის, «დაკოტას» სიახლოვეს, სტუდიიდან შინ დაბრუნებულ ჯონ ლენონს ხუთი ტყვია დაახალეს. მარკ დევიდ ჩეპმენმა სიცოცხლეს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი გამოასალმა. ჩეპმენი მთელ დღეს მოთმინებით უდარაჯებდა ლენონს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ავტოგრაფი გამოართვა და მუსიკოსთან ერთად ფოტოზეც კი მოხვდა...

ლენონის სიკვდილმა დიდ ბრიტანეთზე მეტად ამერიკა შეძრა. ბრიტანელებს უკვირდათ ასეთი დიდი მწუხარება. მათთვის ნაცნობი ჯონ ლენონი «ბიტლზისგან» განუყოფელი იყო და 1970 წელს ჯგუფის დაშლასთან ერთად «გაქრა». გაჩნდა მეორე, «ამერიკელი» ლენონი და ის ბრიტანელებისთვის ნაცნობი ლენონის იმიჯისგან საკმაოდ განსხვავდებოდა. ამერიკაში ცხოვრების ბოლო ათ წელიწადში ის გახდა ახალგაზრდული მოძრაობის სულიერი ლიდერი, გურუ. მისი მუსიკა «ვიეტნამის თაობისა» და პაციფისტური მოძრაობის ერთგვარ ჰიმნად იქცა. ბრიტანელებისთვის კი ამერიკელი ლენონი სადღაც რაღაცას თავისთვის «უბერავდა» და დროდადრო საინტერესო მუსიკასაც ქმნიდა... მრავალი ქვეყნის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები არ წყვეტდნენ ლენონის მკვლელობის ამბის განხილვას. ადამიანი, რომელსაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ სიმღერა და გიტარაზე დაკვრა ეხერხებოდა, თავისი დროის ლეგენდად იქცა და მაშინ მისი სახელი პლანეტის პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას მცხოვრებმა იცოდა.

საბერეების მოხატულობა - გარეჯის მხატვრული სკოლის სათავეებთან

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ნაწილს წარმოადგენს საბერეების მონასტერი, რომელიც გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი კლდეში ერთ იარუსად გამოკვეთილ ეკლესიებს, სატრაპეზოსა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსებს აერთიანებს. ერთმანეთისგან გამოსარჩევად, ისინი სამეცნიერო საზოგადოების მიერ დანომრილია. მოხატულია V, VI, VII და VIII ეკლესიები. მოხატულობა IX-X საუკუნეებით თარიღდება. ის მნიშვნელოვანია სტილისტიკური თვალსაზრისითაც - ქრისტიანული შუა საუკუნეების გარდამავალ ხანაში, ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, კედლის მხატვრობაშიც ანტიკური მხატვრული ტრადიცია დავიწყებას ეძლევა და იცვლება სახასიათო ხაზობრივ-სიბრტყობრიობით, რომელსაც მკვეთრი ფერთა გამა აძლიერებს. იგი ძირითადად ადგილობრივი პიგმენტისგან მზადდებოდა და დღემდე არ კარგავს გამომსახველობის ძალას, ამდენსაუკუნოვანი სრული მოუვლელობის მიუხედავად.

საბერეების კლდეში ნაკვეთი მონასტერი, გარეჯის კომპლექსის სხვა მონასტრებთან ერთად, გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგას. ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები, მოუვლელობითა და გარემო ზემოქმედებით, ნელ-ნელა ნადგურდება. სხვა მონასტრების მსგავსად, აქაც თვალსაჩინოა სხვადასხვა ეპოქის ვანდალიზმის კვალი, ეკლესიათა კედლები და უშუალოდ ფრესკები გადავსებულია სხვადასხვა ენაზე შესრულებული საპილიგრიმო თუ სხვა სახის წარწერებით. თუმცა ყველაზე რთული პრობლემას იმ კლდის ქანების დაშლის პროცესი წარმოადგენს, რომელშიც კომპლექსია გამოკვეთილი. უპირველესად, ფრესკების კონსერვაციამდე, ამ კლდის გამაგრება უნდა დაიწყოს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მოკლე ამბები. “უსაფრთხოების ქოლგა” უფლისციხისთვის

ახალი ამბები. იესო ქრისტეს უნიკალური გამოსახულება ისრაელიდან

ახალი ამბები. დავითგარეჯის საგანძურის გადასარჩენად

ტაო-კლარჯეთი. სიახლეები ვაჩეძორის მონასტრიდან

ქართულ-ბალტიური ურთიერთობები. ბალტიისპირეთი ქართველთა თვალსაწიერში (დასასრული)

ქართლ-კახური ისტორიები. რას და რატომ ედავებოდა პეტრე ბაგრატიონი ერეკლე II-ს

ახალი ამბები. ლატვიაში ქიმიკოს პეტრე ბაგრატიონის დაბადების 200 წლისთავი აღინიშნა

მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები. «სანამ თურქები და რუსები მოვიდოდნენ»... - ვრცელი «ქვეყანა» არტაანი (დასასრული)

წერილი რედაქციას. მეგობრობით დამარცხებული მტრობა

შუააზიური ტრაგედია. უზბეკი ჩეკისტის ამაო აღსარება - შაჰიმარდანი-1929. ნაწილი III

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. ორი საგვარეულო სამარხი

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა