ავტორი:

გაყალბებული რეიტინგი და მოტყუებული რეკლამის დამკვეთი - რა ხდება ქართულ ვებ-სივრცეში?

გაყალბებული რეიტინგი და მოტყუებული რეკლამის დამკვეთი - რა ხდება ქართულ ვებ-სივრცეში?

ციფრული მედიიის გავლენის ზრდის კვალდაკვალ, ვებ-სამყაროში კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება. დღესდღეობით რეიტინგი ვებ-პორტალების რეპუტაციის და შემოსავლის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

საქართველოში ვებ გვერდების რეიტინგების მზომი ფაქტობრივი ლიდერია TOP.GE. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პლატფორმა adjara.com რეიტინგებში პირველ ადგილს, სავარაუდოდ, მაჩვენებლების ხელოვნურად გაზრდით იკავებდა. რეიტინგში მონაწილე ვებ-საიტებმა, TOP.GE-ს ადმინისტრაციას განცხადებით მიმართეს, ორგანიზაციამ მათი საჩივარი შეისწავლა და adjara.com-ს რეიტინგში მონაწილეობა ორი თვით აუკრძალა.

კონკრეტულად რა წესების დარღვევისთვის გამოეთიშა რეიტინგს adjara.com, არ გვეუბნებიან. თუმცა, TOP.GE-ში ადასტურებენ, რომ ორგანიზაციამ წესები ნამდვილად დარღვია:

"TOP.GE-ს აქვს კონკრეტული წესები, რომელთა დაღვევა იწვევს ჩვენგან შესაბამის რეაგირებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვერ გეტყვით თუ რომელი წესები დაარღვია კომპანიამ, რადგან ეს მხოლოდ ორ კომპანიას შორის არსებული პირადი ინფორმაციაა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ რამდენიმე წესი დაირღვა და ჩვენ მივიღეთ adjara.com-ის რეიტინგიდან გათიშვის გადაწყვეტილება. თუ ისინი თებერვლამდე გამოასწორებენ მითითებულ ხარვეზებს, შესაძლებლობა ექნებათ კვლავ დაუბრუნდნენ რეიტინგს" - აცხადებენ TOP.GE-ის ადმინიტრაციაში.

რეიტინგში მონაწილეობის მისაღებად პლატფორმას მოეთხოვება დაიცვას წესები, რომელთა უმრავლესობა, რეიტინგის ხელოვნურად ზრდის, გაყალბების წინააღმდეგ არის მიმართული და საპრევენციო ხასიათს ატარებს. ერთ-ერთი წესი კი პირდაპირ ადგენს დირექტივას: "აკრძალულია მთვლელის მაჩვენებლის ხელოვნური მეთოდებით გაზრდა".

ზოგადად, წესები რომ დაცული იყოს, მათი დაუცველობისთვის ეფექტური სანქციები უნდა არსებობდეს, ხოლო როდესაც სანქციები ფორმალურ ხასიათს ატარებს, ეს ზოგიერთ არაკეთილსინდისერ მომხმარებელს წესების დარღვევისკენ უბიძგებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით რა გასაკვირვია, რომ სარეიტინგო მარათონში მონაწილე ზოგიერთ პლატფორმას პირველობის დაუოკებელი სურვილი უჩნდება და მონაცემების ხელოვნურად შეცვლასა და გაყალბებასაც არ ერიდება.

TOP.GE-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საშუალოდ თვეში რეიტინგის ხელოვნურად გაზრდის გამო 5-6 ვებგვერდი იბლოკება და ორი თვით ითიშება სარეიტინგო სიიდან. ორ თვიანი საჯარიმო ვადის გასვლის შემდეგ, თუკი ვებ გვერდი მითითებულ გადაცდომებს აღმოფხვრის, მას სარეიტინგო სიაში დაბრუნების უფლება ეძლევა.

კითხვაზე თუ როგორ და რამდენად მყისიერად ხდება რეიტინგის გაყალბების შემთხვევის გამოვლენა TOP.GE-ში ასე გვპასუხობენ:

"ჩვენ არ გაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა საიტი შევამოწმოთ სათითაოდ, არღვევენ თუ არა ისინი წესებს და რეიტინგის გასაზრდელად იყენებენ თუ არა მიუღებელ ხერხებს, რადგან ჩვენ ვთვლით 16 000-მდე საიტის რეიტინგს და ფიზიკურად შეუძლებელია, სათითაოდ შემოწმდეს ყველა. ძირითადად ხარვეზის გამოვლენა ხდება შემოსული საჩივრების შემდეგ, თუ ვინმეს შეეპარება ეჭვი და მოგვმართავს, რომ ესა თუ ის პლატფორმა რაღაცას ისე არ აკეთებს, ჩვენ ვამოწმებთ და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ვახდენთ რეაგირებას" - განაცხადა TOP.GE-ს ერთ-ერთმა მფლობელმა თეიმურაზ ხაინდრავამ.

თავად adjara.com-იდან საკითხის კომენტირებისას გვაცნობეს: "საკითხთან დაკავშირებით მხარეთა შორის კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ საქმე ეხებოდა ტექნიკურ ხარვეზს, რომლის გამოსწორების პროცესშიც მხარეები ურთიერთთანამშრომლობენ".

მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყო ეს, თუ რეიტინგის გასაზრდელად მიზანმიმართული მაქინაცია, ამის დადგენა ვერ ხერხდება.

როდესაც ვებ პორტალს აქვს შესაძლებლობა, რეიტინგი გააყალბოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არაკეთილსინდისიერად იკავებს სხვა, სინამდვილეში მასზე მაღალი რეიტინგის მქონე ვებსაიტის ადგილს, რითაც აზარალებს ამ უკანასკნელს, ხოლო რეკლამის შემკვეთი, რომელიც ძირითადად სწორედ რეიტინგებით ხელმძღვანელობს - მოტყუებული რჩება.

მარკეტოლოგი სოფო ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ რეიტინგის მთვლელი ანალიტიკური ვებ პორტალების სანდოობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, როგორც სარეკლამო ბიზნესის, ისე თავად ვებ სამყაროს განვითარების ხარისხს. ის საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუკეთესო პრაქტიკით თავად რეიტინგის მზომავი პორტალის დამფუძნებლები არიან ინიციატორები ისეთი დამცავი მექანიზმების შემოღების, რომელიც ნებისმიერი ტიპის გაყალბებას მინიმუმამდე დაიყვანს.

"ვფიქრობ თავად მათი დამფუძნებლების ინტერესებშია მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის 100%-იანი სიზუსტე. საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტული გარემოდან გამომდინარე, ინფორმაციის სანდოობის დონე კრიტიკულია ასეთი ტიპის კომპანიის წარმატებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების მცდელობები იქაც ძალიან ბევრია, ანალიტიკური პორტალები მილიონობით დოლარის ინვესტიციას ანხორციელებენ ისეთი პროგრამების განვითარებაში, რომელიც დაეხმარებათ პირველ ეტაპზე, საიმედო ბაზის შექმნაში და შემდგომ ეტაპზე, ნებისმიერი გაყალბების მცდელობის სწრაფად იდენტიფიცირებასა და არასანდო პარტნიორების ბაზიდან სამუდამოდ ამოღებაში" - განაცხადა სოფო ჩოგოვაძემ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს