ავტორი:

ვინ იყვნენ ლეგენდარული ქართველი ემიგრანტი ძმები, რომელთა სახელი პორშეს, დაკიდულ მატარებელს და ჰიტლერს უკავშირდება

ვინ იყვნენ ლეგენდარული ქართველი ემიგრანტი ძმები, რომელთა სახელი პორშეს, დაკიდულ მატარებელს და ჰიტლერს უკავშირდება

ჰიტლერის საიდუმლო მრჩეველი, ევროპის დაკიდული მატარებლის და "პორშეს" თერმოდინამიკული დამუშავების ავტორი - ვინ იყვნენ ლეგენდარული ემიგრანტები ძმები ნიკურაძეები.

...არსებობს გადმოცემა, რომ როდესაც გერმანელები პარიზში შევიდნენ და გაჩნდა სერიოზული საშიშროება, რომ მათ ეპოვნათ და მიეკუთვნებინათ საქართველოს ეროვნული საგანძური, რომელსაც დიდი ექვთიმე თაყაიშვილი იცავდა, ამ მძიმე მომენტში ექვთიმესთან გამოცხადდნენ "ესესის" ფორმაში გამოწყობილი ძმები ნიკურაძეები და მიხეილ კედია (სალომე ზურაბიშვილის დედის ძმა) და დახმარება აღმოუჩინეს განძის დამალვაში და გადარჩენაში..

ვინ იყვნენ ლეგენდარული ძმები ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები, რომელთა სახელი ჰიტლერს, ევროპის დაკიდულ მატარებელსა და "პორშეს" უკავშირდება - მათ შესახებ AMBEBI.GE-ს მკითხველს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვაჟა შუბითიძე უამბობს.

ძმები სამტრედიაში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადნენ. 1919 წელს ივანე იმ რჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხვდა, რომელთაც ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით, სახელმწიფო თავის ხარჯით უცხოეთში სასწავლებლად აგზავნიდა. ძმები რომ არ დაეშორებინა, ახალგაზრდების მამა სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში და უნივერსიტეტის რექტორს სთხოვა, მეც მოგეხმარებით სახსრებით და თუ მოხერხდება ალექსანდრეც ძმასთან ერთად გაგზავნეთო. ასე მოხვდნენ ძმები გერმანიაში...

- ბატონო ვაჟა, საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის გერმანიაში მოღვაწე სახელგანთქმული პროფესორების - ძმები ნიკურაძეების შესახებ... გვიამბეთ მათ შესახებ…

- ნიკურაძეებზე ცნობები, საქართველოში პირველად გურამ შარაძემ გამოაქვეყნა, შემდეგ ჩვენ ჩავუღრმავდით... ამჯერად ძმები ნიკურაძეების შესახებ ახალგაზრდა მკვლევარები – გიორგი მამულია და ედიშერ ჯაფარიძე მუშაობენ... ძმები ნიკურაძეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის და რექტორის - პეტრე მელიქიშვილის მიერ 1919 წელს საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში სასწავლებლად გაემგზავრნენ ახალი მიმართულების ასათვისებლად საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. სულ 70 ნიჭიერი ახალგაზრდა გაგზავნა ნოე ჟორდანიას მთავრობამ...

უფროსმა ძმამ ივანე ნიკურაძემ წარმატებით დაამთავრა გიოტინგენის უნივერსიტეტი დ იმ დროის უდიდესი მეცნიერის პრანდტლის უსაყვარლესი მოწაფე გახდა. 1923 წელს ივანე ნიკურაძემ დიდი წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იმ დღიდან მას მეცნიერული სამყარო იოჰან ნიკურაძის სახელით იცნობს. როცა პრანტდლიმ შექმნა ჰიდრავლიკურ კვლევა-ძიებათა ინსტიტუტი, მან იქ ასისტენტად მიიწვია ივანე ნიკურაძე და 1934 წლამდე ერთად მუშაობდნენ. ამ ინსტიტუტში გახდა ივანე ნიკურაძე გამოყენებითი მექანიკისა და თერმოდინამიკის უდიდესი სპეციალისტი.

1934 წელს ივანე გახდა აახენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლისა და უნივერსიტეტის კათედრისა და კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 1945 წელს კი მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პროფესორი. მისი ავტორობით შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელოები ჰიდროდინამიკასა და თერმოდინამიკაში - "იდეალურ დინებათა მექანიკა", "სითხის დინამიკა", "აერომექანიკა"... იგი იყო მიუნხენის ე. წ მაგისტრთა კოლეგიის ერთ-ერთი დამაარსებელი, მსოფლიო მნიშვნელობის ჰიდრავლიკოსი, რომელმაც შექმნა თავისი სკოლა.

ივანე ნიკურაძის სახელი უწოდეს ფორმულებს, მრუდეებსა და დიაგრამებს... მის ნაშრომებს იყენებდნენ საბჭოთა მეცნიერებიც. ნიკურაძეს ეკუთვნის გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში დაკიდული მატარებლის თერმოდინამიკული დამუშავება, ასევე მისი შექმნილია ცნობილი მსუბუქი ავტომანქანის "პორშეს" თერმოდინამიკული დამუშავება.

ივანე ნიკურაძის მეუღლე იყო გერმანელი - ჰილდე ემიგი. მასთან შეეძინა ვაჟი, რომელსაც ძმის პატივსაცემად ალექსანდრე დაარქვა. ივანე გარდაიცვალა 1979 წელს გიოტინგენში. მისი მდიდარი არქივი სწორედ გერმანიის ამ ქალაქშია.

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს მისი უმცროსი ძმის, ალექსანდრე ნიკურაძის შესახებ?

- ალექსანდრე ნიკურაძე სწავლობდა ჯერ გიოტინგენის, შემდეგ კი მიუნხენის ორ სასწავლებელში - უნივერსიტეტსა და მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში. 1927 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1932 წელს იგი მიწვეულ იქნა ჯერ გიოტინგენის, ხოლო რამდენიმე თვეში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორად. 1928 წლიდან იგი აქვეყნებს მნიშვნელოვან გამოკვლევებს გერმანიის მთავარ სამეცნიერო ჟურნალებში. 1934 წელს გერმანიაში გამოქვეყნდა ალექსანდრე ნიკურაძის ცნობილი მონოგრაფია "თხევადი დიელექტრიკები", რომელიც ითარგმნა საბჭოთა კავშირში, სადაც ამის ანალოგი არ არსებობდა.

1930-იანი წლების ბოლოს მან მიუნხენში დააარსა ელექტრონებისა და იონების კვლევა-ძიების ინსტიტუტი, რომელიც ევროპაში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრი გახდა. მანვე გაამზადა სამტომეული, რომელიც ატომების თეორიას და მისი გამოყენების საკითხებს ეხებოდა, თუმცა იგი სრულად ვერ გამოვიდა. სულ მან ფიზიკა-მათემატიკის დარგში 35 სამეცნიერო ნაშრომი შექმნა, რომელთა დონე და ღირებულება მაღალია. ფიზიკა-მათემატიკის გარდა ალექსანდრე ნიკურაძე დიდად იყო დაინტერესებული პოლიტიკით და ჰუმანიტარული დისციპლინებით - საქართველოს ისტორიით, ევროპოლოგიით, არქეოლოგიით, გეოპოლიტიკით, არქიტექტურით და ა. შ.

ალექსანდრემ ხუთი ენა იცოდა და ნაშრომებს სხვადასხვა ენებზე აქვეყნებდა. მისი ნაშრომებია: "იაზონის მემკვიდრეობის გარშემო", "ხალხთა მიმდინარეობანი აღმოსავლეთ ევროპაში", "ევროპული სახელმწიფოს აღნაგობის საფუძველი", "კავკასია" - გამოიცა სამჯერ გერმანულად და ქართულად დღემდე არ არის ნათარგმნი... "ევროპის ფორმირებისთვის", "ოცნებითგან ვიდრე საქმემდე", "არგონავტების მითი", "სკანდინავიელები და ქართველები პონტო-ბალტის სანაპიროზე" - აღნიშნულ ნაშრომებში მოცემულია ახლებური და ძალიან საინტერესო იდეები, როგორც საქართველოს ისტორიისთვის, ასევე ევროინტეგრაციის იდეისთვის.

ალექსანდრე ნიკურაძეს იწვევდნენ ლექციების წასაკითხად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მონაწილეობდა ოქსფორდში და სხვა უნივერსიტეტებში გამართულ მსოფლიო სამეცნიერო კონგრესებში. ნიკურაძე დაახლოვებული იყო გერმანიის მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან. მისი კურსელი და მეგობარი იყო ოკუპირებული აღმოსავლეთის ტერიტორიების მინისტრი ალფრედ როზენბერგი, რომელმაც ალექსანდრე ნიკურაძეს შეუქმნა "კონტინენტალური ევროპის კვლევა-ძიების ინსტიტუტი", სადაც მუშავდებოდა გერმანიის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მართვის მოდელები, დამუშავდა კავკასიიის კონფედერაციის შექმნის გეგმა გერმანიიის და საქართველოს ლიდერობით (ამ ინსტიტუტში მუშაობდა ზურაბ ავალიშვილიც, რომელმაც ალექსანდრეს ხელში დალია სული 1944 წელს).

იგი ყოფილა ჰიტლერის საიდუმლო მრჩეველი საბჭოთა კავშირის საკითხებში. 1951 წელს ალექსანდრე ნიკურაძემ პარიზის ქართულ სათვისტომოში წაიკითხა მოხსენება "საზოგადო სურათები ქართულ-ევროპული წარსულიდან", სადაც გამოთქვა ორიგინალური იდეები ქართულ-ევროპულ ურთიერთობათა შესახებ. 1952 წლის 22-24 სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ კომპიენთან "ლა ბრევიერის" სასახლეში ალექსანდრე ნიკურაძის ინიციატივით გამართულმა მეცნიერთა კონგრესმა, მიიღო ნიკურაძის წინადადება ცნება-ტერმინის "ევროპოლოგიის" შემოღების შესახებ, რაც დღეს მსოფლიოს ყველა წამყვან უნივერსიტეტშია და გულისხმობს ევროპულ სამეცნიერო დარგების თავმოყრას და ერთ სწავლებად ჩამოყალიბებას...

ალექსანდრეს ინიციატივით, 1960-იანი წლებიდან გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყეს ეკონომიკის საგნის სწავლება, რაც მალე გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. იგი ქართულ შედევრებს ხშირად თარგმნიდა და უცხო ენებზე აქვეყნებდა. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში ქალაქ მიუნხენში და იქ არის დასაფლავებული. მისი არქივი ჩამოტანილია და ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.

"საქართველოში ამჟამად ​კორონავირუსით ინფიცირებული 70 ავადმყოფისთვის საკმარისი "ტოცილიზუმაბის" მარაგია" - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს პასუხობს

"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები