ავტორი:

"ჩემია, გულში მაქვს..." - რას ნიშნავს ქართული სიმღერა "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებისთვის

"ჩემია, გულში მაქვს..." - რას ნიშნავს ქართული სიმღერა "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებისთვის

პროექტი "მხოლოდ ქართული" მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა და უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. კონკურსანტებს შორის, უმეტესად, თავს იყრიან ისინი, ვისაც ქართული სიმღერა განსაკუთრებულად უყვარს. მათგან ცხადია, ზოგს უმართლებს, ზოგს - არა, თუმცა ჟიური ყოველ ჯერზე ქართული სიმღერის მოყვარულთა ათეულს ნამდვილად არჩევს.

კონკურსიდან ორმა მონაწილემ პროექტი უკვე დატოვა, თუმცა დანარჩენები პროექტში აქტიურად განაგრძობენ ბრძოლას. თითოეულ კონკურსანტს ქართულ სიმღერაზე თავისი შეხედულება აქვს და თუ რა ადგილს იკავებს ის მათ ცხოვრებაში, ამაზე ასე გვპასუხობენ:

მზიკო ფარტენაძე: ქართული სიმღერა განსაკუთრებით მიყვარს. ჯაზის მიმართულებით წელს სასწავლებელში ჩავაბარე, უმეტეს დროს ჯაზს ვუთმობ, ვიდრე - წინა წლებში, მაგრამ რადგან ჩემთვის ქართული სიმღერაა პრიორიტეტული, სხვა კონკურსებში ამიტომ არ ვმონაწილეობდი. ამ კონკურსით, რომელშიც ჩავერთე, ქართული სიმღერის წინ წამოწევა მიხარია და მასში სიხარულით ვმონაწილეობ.

გიორგი კელაპტრიშვილი: ძირითადად ქართულ სიმღერებს ვასრულებ და ეს ჩემთვის ყველაფერია. ვმღერი ასევე ხალხურსაც და საერთოდ იმას, რაც მომწონს, გიტარაზე ვუკრავ. ერთი-ორი საავტოროც ვცადე, რასაც მეგობრების წრეში ვმღერი. ვოკალში მყავდა პედაგოგი, დავდიოდი მასთან. პედაგოგი ახლაც მყავს, რადგანაც ბოლოს სერიოზულად გადავწყვიტე ხმისთვის მიმეხედა, დამემუშავებინა. ქართულად გარკვეული აუდიტორიისთვის და ჯგუფებისთვის ქალაქურ სიმღერებს ვმღერი და არავითარ შემთხვევაში, ფანოღს.

გიორგი ნარმანია: ქართული სიმღერა დიდ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, უძვირფასესია. არც კი მიცდია უცხოური სიმღერების შესრულება. თან, რამდენად გამოვა, ესეც არ ვიცი. ბავშვობიდან რაც ყურში ჩამესმის და შეთვისებული მაქვს გონებასა და გულში, იმას ვასრულებ. ასე რომ, ამ პროექტით და ქართული სიმღერით იწყება ჩემი სოლო კარიერა, რისთვისაც მზად ვარ და თავს არ დავზოგავ! სწორედ ქართული სიმღერის სიყვარულის გამო არ დავჯერდი მხოლოდ ხალხურ სიმღერებს და გალობას და მესამე ჟანრს - ქალაქურ სიმღერას შევეჭიდე. ორი წელია, საესტრადო-საგიტარო სიმღერებს დავეუფლე. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, დიდი ძალისხმევა ამისთვის არ დამჭირვებია.

გუგა მარგველაშვილი: ღრმა ბავშვობიდან ვმღერი, სულ პატარა ვიყავი, რომ ბაბუამ ქართულად ამამღერა. ქართული ჰანგები გენეტიკურად მშობლების მხრიდან მომყვება. მოკლედ, მას მერე, რაც პირველი აკორდები ბაბუაჩემმა მასწავლა, სულ ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც სულ ქართული მრავალხმიანობა მესმოდა. იყო სტუდიები, მუსიკალური ჯგუფები და ხმებში სიმღერას იქ ვითვისებდი. ამიტომ, კმაყოფილი ვარ, „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტი რომ ვარ და აქ ქართულ სიმღერას მეტად ვხვეწ, რეპეტიციებზე ბევრ რამეს ვსწავლობ, რაც სამომავლოდ გამომადგება. მინდა, ცხოვრების მთავარ საქმიანობად სიმღერა გავიხადო.

ნუცა თოფურია: თითქმის ყველა ჟანრს ვმღერი, უცხოურს, ქართულს, მაგრამ ქართული მაინც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. უფრო სხვა ემოციით ვასრულებ. უფრო ჩემია, გულში მაქვს...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს