გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველ გვიდო ბუხვალდისთვის, უცხო ნამდვილად არაა დიეგო მარადონას პერსონა. 1990 წელს იტალიაში გამართული მუნდიალის ფინალში, ახოვანი გერმანელი არგენტინელ ვარსკვლავს პერსონალურად მეურვეობდა და მაშინ ჩაითვალა, რომ მან მოვალეობას თავი კარგად გაართვა.
შედეგად, მეტსახელად “დიეგოც” კი მიიღო. გერმანელებმა ფინალი ანდრეას ბრემეს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით მინიმალური ანგარიშით (1:0) მოიგეს და როგორც გაირკვა, ბუხვალდი შაბათსაც ბუნდესნაკრების დიდი ანგარიშით გამარჯვებას არ გეგმავდა. “სპორტ-ექსპრესის” ჟურნალისტთან საუბარში მან აღნიშნა, რომ თანამემამულეებისგან ასეთ შთამბეჭდავ თამაშს, არ ელოდა.
- ინგლისთან - 4:1, არგენტინასთან -4:0. გერმანია ასეთ სახელოვან მეტოქეებს ამგვარი ანგარიშებით როგორ ამარცხებს?
- ამას, თავადაც არ ველოდი. ბუნდესნაკრებმა ფურორი მოახდინა. ვფიქრობ, წარმატების საიდუმლო, პირველყოვლისა იმაშია, რომ წინა ხაზში, წარმოუდგენლად კარგი შემსრულებლები შეიკრიბნენ. სასიხარულოა, რომ ისეთი მაღალი კლასის ფორვარდებს, როგორიც კლოზე და პოდოლსკი არიან, მხარს იოზილი და მიულერი უბამენ, რომელთა ქმედებებმაც ნაკრებს ბევრი ახალი და ფასეული შესძინა.
- არგენტინასთან მატჩამდე, თქვენი პროგნოზი როგორი იყო?
- 2:1 გერმანიის სასარგებლოდ. სხვების მსგავსად, ვვარაუდობდი, რომ გამარჯვება გაცილებით გაგვიჭირდებოდა.
- თამაშამდე აღნიშნავდით, რომ არგენტინის ამჟამინდელი ნაკრები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 1990 წლის ფორმაციის. ახლაც იგივეს ფიქრობთ?
- 1990 წელს, არგენტინელებს ფაქტობრივად ერთადერთი დიდი ფეხბურთელი ჰყავდათ მარადონას სახით. ახლა, მათ რიგებში, მესის გარდა, ტევესი და იგუაინია – მაღალი დონის ოსტატები, რომელთაც თამაშების ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლიათ. 20 წლის წინ, არგენტინის ნაკრებს ფეხბურთელთა მსგავსი არჩევანი არ ჰქონდათ.
- თუმცა, მაშინ გერმანიამ 1:0 მოიგო, ხოლო ახლა - 4:0...
- გულწრფელად უნდ ითქვას – ამჟამინდელი ნაკრები საუცხოო ფეხბურთს თამაშობს.
- 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დროს, რომელიც რომში გაიმართა, მარადონას ერთი მეტრითაც კი არ შორდებოდით. მაშინ გაზეთები იუწყებოდნენ, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, ბუხვალდი არგენტინელ ვარსკვლავს დოპინგ-კონტროლზეც კი გაჰყვაო. ეს, სიმართლეა?
- დიახ, მართალია. თუმცა, უფრო დიდი სიამოვნებით, ბიჭებთან ერთად გასახდელში გამარჯვებას ვიზეიმებდი. დოპინგ-კონტროლზე კი იმიტომ წავედი, რომ ჩვენი გუნდიდან დოპინგზე სინჯის ჩაბარების უფლება, სწორედ მე მერგო.
- გერმანიას 1/2-ფინალში თამაში მიულერის გარეშე მოუწევს. ეს, ბუნდესნაკრებისთვის სერიოზული პრობლემაა?
- საბედნიეროდ, ჩვენ ტროხოვსკი, მარინი და კროოსი გვყავს. იმედი მაქვს, რომ მიულერი მსოფლიო ჩემპიონატზე გოლს კიდევ გაიტანს – ოღონდ, ფინალში.
- გერმანიას ურთულესი სატურნირო კალენდარი აქვს. ჯგუფში ჩატარებული არცთუ იოლი შეხვედრების შემდეგ, გუნდს თამაში ინგლისთან და არგენტინასთან მოუწია, ხოლო ახლა, დაპირისპირება ესპანეთთან ელის. ასეთ დაძაბულ გრაფიკს, გაუძლებს?
- დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრებს ეს ძალუძს. თუნდაც იმიტომ, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომელთაც ძალების აღდგენა სწრაფად შეუძლიათ. 23-24 წლის რომ ვიყავი, თამაში ყოველ 2-3 დღეში შემეძლო. ბუნდესნაკრებს ამაშიც დიდი უპირატესობა აქვს.