ავტორი:

"შეიძლება კონკურსანტის ხმა ფენოვან ხაჭაპურს შევადარო, ეს მარინასთვის კატასტროფაა" - რატომ "ერჩის" მარინა ბერიძე გიორგი გაბუნიას

"შეიძლება კონკურსანტის ხმა ფენოვან ხაჭაპურს შევადარო, ეს მარინასთვის კატასტროფაა" - რატომ "ერჩის" მარინა ბერიძე გიორგი გაბუნიას

პროექტი "მხოლოდ ქართული" ნელ-ნელა ძალებს იკრებს. მართალია, ზოგიერთმა კონკურსანტმა შოუ უკვე დატოვა, თუმცა ზოგიერთი სრულიად ახლებურად წარმოაჩენს საკუთარ თავს - ლიდერად ყალიბდება და სასიამოვნოდ აოცებს მაყურებელს. კონკურსის თავისებურებაც ეს არის. პროექტს მაყურებელთან ერთად, ჟიურის ექვსი წევრი აფასებს, მათგან ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური გიორგი გაბუნიაა, რომელიც ყურადღებას იქცევს თავისი თამამი, შეულამაზებელი შეფასებებით, რაც ხშირად ჟიურის წევრებს შორისაც უკმაყოფილებას იწვევს და ეს ეკრანზეც კარგად ჩანს.

როგორ აფასებს ტელეწამყვანი ამ პროექტში საკუთარ თავს, რას ნიშნავს მისთვის ქართული სიმღერა - ამაზე გიორგი გაბუნია AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს.

- პოლიტიკურ თოქ-შოუების გარდა, მგონი, "მხოლოდ ქართულიც" უკვე შენია...

- კი, ესეც ჩემია, მიუხედავად იმისა, რომ სულ კამათია - ჟიურის წევრები მერჩიან. თან, გამრავლდნენ, ბევრნი არიან და მაინც ვერ ეგუებიან იმას, რომ ეს კონკურსი ჩემიც არის. ძირითადად, ასეთ ფრაზებს მეუბნებიან: "დაჯექი, გაჩერდი, შენ ვინ გეკითხება, შენ რა იცი, რატომ ლაპარაკობ ამდენს?" არადა, ჩემი პროფესიის მთავარი ნაწილი ლაპარაკია... ასე რომ, "მხოლოდ ქართულშიც" ვლაპარაკობ.

- უსაფუძვლოდ გერჩიან?

- მაყურებლის შესაფასებელია, ვინ ვის "ერევა". ვცდილობ, სრულიად სახალხო ენით ავხსნა რაღაცები. პირდაპირ ვიტყვი - გულწრფელი ვარ. კიდევ კარგი, ისეთ სიტუაციაში არ ვარ, რომ არ ვიცი, რა ვთქვა და რაღაცას ვიგონებ. ყოველთვის კონკრეტული მომღელის შესრულებიდან გამომდინარე მომდის აზრი და ყველაზე მარტივია, საკუთარი აზრი გამოხატო. ამბავი ხშირად იმის გამო ტყდება, როცა არაფერს ვალამაზებ და სწორედ მაშინ მეუბნებიან, რომ ზედმეტად დაუნდობელი ვარ, ზედმეტად "ვჩექმავ" კონკურსანტებს, ალბათ ესეც მაშინ ხდება როცა ვბრაზდები...

- შენი აქტიურობა, ჟიურის წევრებიდან, ყველაზე მეტად, მარინა ბერიძეს აბრაზებს. არ გიფიქრია იმაზე, რომ ამ ემოციებისგან ცოტა თავი შეიკავო? და საინტერესოა ისიც - მუსიკალური განათლება გაქვს თუ არა?

- რაც შეეხება მუსიკალურ განათლებას - შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ის ტერმინები, რასაც მარინა ხშირად იყენებს, მეც ვიცი, მაგრამ არასწორად მიმაჩნია ჩემი მხრიდან იმ ტერმინებით საუბარი, რადგანაც მაყურებლის ძირითადმა ნაწილმა ისინი არ იცის და არც უნდა იცოდეს. ამიტომ, ვცდილობ, ნებისმიერმა ადამიანმა, სადაც უნდა იყოს, სადაც უნდა უყურებდეს "რუსთავი 2"-ს და ჩვენს შოუს, როგორი განათლება, ცხოვრებაც უნდა ჰქონდეს გავლილი, უნდა გაიგოს, რას ვამბობ.

სწორედ ამიტომ, შეფასებისას შეიძლება ხშირად გამოვიყენო სიტყვები - წყარო, მთა, მზე, წვიმა, რასაც მარინა მსაყვედურობს, მუსიკალურ კონკურსში რა შუაშია ნაკადული, ჩანჩქერი?! ამ საქმის სპეციალისტია და გასაგებია, ეს მისთვის გამაღიზიანებელია. მიაჩნია, რომ ჩემი ფრაზეოლოგია შოუში დილეტანტურად ჟღერს. მე კი მაგალითად, კონკურსანტის მრავალფენიანი, ძალიან ლამაზი ხმა შეიძლება უპრობლემოდ ფენოვან ხაჭაპურს შევადარო, რაც ვიმეორებ, მარინასთვის კატასტროფაა. არადა, რატომაც არა, თუ ვინმეს ფენოვანი ხაჭაპურივით მრავალშრიანი და გემრიელი ხმა აქვს?! დიახ, ამის თქმა არ მერიდება.

- როდესაც სცენაზე კონკურსანტი თავისი განცდებით, ემოციით დგას და უცებ, სათქმელს ნაჯახივით ეუბნები, დანდობის მომენტი სულ არ გაქვს?

- ნამდვილად მაქვს. სინამდვილეში რასაც მაყურებელი უყურებს და ისმენს, ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რაც შემიძლია, ვთქვა. რა თქმა უნდა, ყველაფერს არ ვამბობ, რასაც ვფიქრობ. სინამდვილეში კონკურსანტს ბევრ რამეში ვინდობ, უბრალოდ, დგება ხოლმე მომენტი, როცა მან უნდა იცოდეს ჩემი აზრი, თუნდაც ისე შეულამაზებლად, რასაც უხეშობაში მითვლიან. ალბათ ეს ყველაფერი ამიტომ ჟღერს ასე სასტიკად.

_ ეს არის ქართული სიმღერის კონკურსი. რა არის შენთვის ქართული სიმღერა?

_ აქამდე ქართულ სიმღერას საერთოდ არ ვუსმენდი. ოღონდ, მქონდა რამდენიმე საყვარელი სიმღერა, მართლა რომ მიყვარს ისეთი, მაგალითად, როგორიცაა ინოლა გურგულიას "ქარი კვლავ არხევს" (მისივე შესრულებით). საოცარი სიმღერაა! ამ ნამუშევარს თაყვანს ვცემ, რადგანაც ჩემში უღრმეს ემოციებს იწვევს. "მხოლოდ ქართულმა" ქართული სიმღერის მოსმენა, დამაწყებინა. ამასობაში, ბვერი ქართული და ჩემთვის ახალი სიმღერა აღმოვაჩინე. მოკლედ, "მხოლოდ ქართულით" ქართული მუსიკა "დავამუღამე".

- საყვარელი კომპოზიტორიც ხომ არ გყავს უკვე?

- ასე გამორჩეულად ჯერ არ მყავს, თუმცა მომწონს ჯანსუღ კახიძის ბევრი სიმღერა. ირაკლი ჩარკვიანი ჯერ კიდევ "მაესტროს" პერიოდიდან მიყვარს. მოკლედ, ვიმეორებ, ქართული მუსიკა 2018 წელს აღმოვაჩინე.

- ბავშვობაში რა იყო პირველი ქართული სიმღერა, რომელიც მოისმინე, ან გიმღერია?

- ამ ამბავს მშობლები ხშირად მიყვებოდნენ - ჩემი ძმა, დათა რომ დაიბადა, ძალიან ცელქი იყო, დიდი ძალისხმევა საჭირდებოდათ იმისთვის, რომ დაეძინებინათ, ამაში მთელი ოჯახი იყო ჩართული და უმღეროდნენ. იმ დროს მარტო ვრჩებოდი და საკუთარ თავს "იავნანას" ვუმღეროდი, ანუ თვითონვე ვიძინებდი. ასე რომ, ჩემი პირველი სიმღერა, "იავნანაა", რომელსაც დათას დაბადებამდე დედა მე მიმღეროდა და მერე კი უკვე აღარ ეცალათ ჩემთვის. დედა მღეროდა სულ და პიანინოზეც უკრავს, უყვარს ძალიან...

- დავუბრუნდეთ კონკურსს - ფავორიტები ხმამაღლა დაასახელე... ესეც ცოტა უხერხული ხომ არ იყო?

- დიახ, დავასახელე: ნოდარიკო ხუციშვილი, გუგა მარგველაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი. რატომ არის უხერხული?! ჯერჯერობით ესენი არიან ჩემი ფავორიტები, თუმცა ეს ამას არ ნიშნავს, რომ ამ ჩამონათვალში არაფერი შეიცვლება.

- ამის შემდეგ ხომ არ შეცვლილა ურთიერთობა სხვა კონკურსანტებთან?

- ისინი მეტ-ნაკლებად უკვე მიჩვეულები არიან ჩემგან ამას. მათთან კულისებში ძალიან მეგობრული ვარ, მაგრამ ჟიურის სკამზე რომ ვჯდები, შეიძლება, რაღაც საშინელება ვთქვა, რადგანაც ის უკვე სხვა სამყაროა.

- ამბობენ, რამდენიმე გიორგი გაბუნია არსებობსო. მართალია?

- კი, ასეა და არც ერთია ნათამაშევი, მოგონილი. უბრალოდ, ჩემი სხვადასხვა რაკურსია, ყველგან სრულიად ნამდვილი ვარ. ჩემთვის სცენა რინგივითაა. მე და შენ მოკრივეები რომ ვიყოთ, რინგზე ერთმანეთს ცხვირ-პირი დავუნგრიოთ, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რინგის მიღმა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ რინგზე რამდენჯერაც შევალთ, ცხვირ-პირს ერთმანეტს იმდენჯერ დავუმტვრევთ. ეს არის სულ!

- რა ამოცანის წინაშე დგას "მხოლოოდ ქართული 2"?

- "მხოლოდ ქართული" ძალიან რთული დავალების წინაშე დგას. პირველ სეზონში შევძელით და ქართულ მუსიკალურ სამყაროში სერიოზული სიახლე შევიტანეთ, რაც თუნდაც სოფო ბათილაშვილისა და ზვიად ბოლქვაძის დუეტის დახმარებით მოხდა. ეს დუეტი ჩვენს თვალწინ შედგა, ძალიან გაგვიმართლა. ფაქტია, რომ პირველი სეზონის სიმღერებს ყველა მღეროდა და უსმენდა.

მეორე სეზონი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ბევრად უფრო რთული პოზიციიდან გვიწევს დაწყება, რადგანაც გინდა თუ არა, მას ყველა მაინც პირველ სეზონს ადარებს. აქ კონკურსანტი, რომელიც ნელ-ნელა ლიდერად ყალიბდება, მინიმუმ სოფო ბათილაშვილის მსგავსი მაინც უნდა იყოს, ან უკეთესი, მას ჯობდეს, სოფოზე მეტი ყურადღება მიიქციოს, რაც რთულია.

შემდეგი ტური ზვიად ბოლქვაძესთან გვაქვს და ძალიან მიხარია. სამწუხაროდ, ამ სეზონზე ზვიადმა ვერ შეძლო ჩვენთან ერთად მუდმივად ყოფნა და მხოლოდ ეპიზოდურად ჩაერთვება. ასე რომ, შემდეგ ჯერზე ისევ ზვიადია შოუში და ისევ მოვისმენთ მის ვერსიებს. დანარჩენს თავად შოუ გვაჩვენებს, რა როგორ მოხდება.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს