ავტორი:

რა მდგომარეობაშია პატიმარი, რომელიც 28 დღეა შიმშილობს და რას ამბობენ მასზე პროკურატურაში - ირაკლი ჩხეიძის საქმის დეტალები

რა მდგომარეობაშია პატიმარი, რომელიც 28 დღეა შიმშილობს და რას ამბობენ მასზე პროკურატურაში - ირაკლი ჩხეიძის საქმის დეტალები

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციური სამსახური ირაკლი ჩხეიძეს, რომელიც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იხდის სასჯელს, სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა მათივე ცნობით, დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ჩხეიძემ მკურნალ ექიმს დღესაც არ მისცა მისი გასინჯვის უფლება.

მსჯავრდებული 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ჩხეიძეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა.

ირაკლი ჩხეიძე, მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალის მიერ მისი სტაციონარული მკურნალობის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა, მსჯავრდებული დღეს დილით მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, რადგან მან დადო პირობა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მედპერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე დაეთანხმებოდა.

მსჯავრდებული 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, თუმცა საპროცესო შეთანხმების გაფორმება სპეციალური პენიტენციური სამსახურის კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი ჩხეიძე მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც წინა დღეებში, დღესაც, 22 დეკემბერს მსჯავრდებულმა მკურნალ ექიმს მისი გასინჯვის უფლება არ მისცა.

21 დეკემბერს ირაკლი ჩხეიძე ერთჯერადად გაესინჯა ექიმს, უჩიოდა გულისრევას, ღებინებას, წნევა ჰქონდა 130/80, გლუკოზა სისხლში 97, ტემპერატურა 37.6. წონა 52 კგ. 21 დეკემბერს, გასინჯვის შემდეგ გაუკეთდა დროტავერინი და მეტოკლოპრამიდი, გულისრევის საწინააღმდეგოდ, გადასხმაზე უარი განაცხადა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირაკლი ჩხეიძესთან გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს მისი დათანხმება სამედიცინო დახმარების მიღებაზე,” - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ჩხეიძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ასევე იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა) ჩადენაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს, პატიმარი უკვე მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი სწავლობს აღნიშნულ საქმეს.

პატიმარმა ირაკლი ჩხეიძემ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ირაკლი ჩხეიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე, ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სააპელაციო სასამართლოში კი, ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმის განხილვა.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ჩხეიძეს საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.

„ირაკლი ჩხეიძის მიმართ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის ორი სხვადასხვა საქმის განხილვა მიმდინარეობს.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხეიძის მიმართ არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე, ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით).

ირაკლი ჩხეიძე 2015 წელს ბრალდებულად დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით კი შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოში კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ირაკლი ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ამ საქმეზე ჩხეიძე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურატურამ ირაკლი ჩხეიძეს შესთავაზა საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება 3 წლიან რეალურ სასჯელზე და 3 წლით პირობით მსჯავრზე, თუმცა მან ამ პირობაზე უარი განაცხადა“, - ნათქვამია პროკურრატირის ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ