ავტორი:

"ბავშვობაში სა­კუ­თარ თავს "იავ­ნა­ნას" ვუმ­ღე­რო­დი..." - რომელი სიმღერა იწვევს განსაკუთრებულ ემოციებს გიორგი გაბუნიაში

"ბავშვობაში სა­კუ­თარ თავს "იავ­ნა­ნას" ვუმ­ღე­რო­დი..." - რომელი სიმღერა იწვევს განსაკუთრებულ ემოციებს გიორგი გაბუნიაში

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს ჟიურის ექვსი წევრი აფასებს და მათგან ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური გიორგი გაბუნიაა, რომელიც ყურადღებას იქცევს თამამი, შეულამაზებელი შეფასებებით, რაც ხშირად ჟიურის წევრებს შორისაც უკმაყოფილებას იწვევს და ეს ეკრანზეც კარგად ჩანს.

გიორგი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჟიურის დანარჩენი წევრები "ერჩიან", რადგან მიიჩნევენ რომ მას მუსიკალური კომპეტენცია აკლია:

"ძირითადად, ასეთ ფრაზებს მეუბნებიან: "დაჯექი, გაჩერდი, შენ ვინ გეკითხება, შენ რა იცი, რატომ ლაპარაკობ ამდენს?" - არადა, ჩემი პროფესიის მთავარი ნაწილი ლაპარაკია... ასე რომ, "მხოლოდ ქართულშიც" ვლაპარაკობ" - ამბობს გაბუნია, რომელსაც მუსიკალური განათლებაც აქვს - შვიდწლედი აქვს დამთავრებული.

ტელეწამყვანი საუბარში იმაშიც გამოგვიტყდა, რომ აქამდე ქართულ სიმღერას არ უსმენდა, თუმცა ბავშვობაში ქართულ სიმღერასთან დაკავშირებით საინტერესო მოგონება აქვს:

"აქამდე ქართულ სიმღერას საერთოდ არ ვუსმენდი. ოღონდ, მქონდა რამდენიმე საყვარელი სიმღერა, მართლა რომ მიყვარს ისეთი, მაგალითად, როგორიცაა ინოლა გურგულიას "ქარი კვლავ არხევს" (მისივე შესრულებით). საოცარი სიმღერაა! ამ ნამუშევარს თაყვანს ვცემ, რადგანაც ჩემში უღრმეს ემოციებს იწვევს. "მხოლოდ ქართულმა" ქართული სიმღერის მოსმენა, დამაწყებინა. ამასობაში, ბევრი ქართული და ჩემთვის ახალი სიმღერა აღმოვაჩინე. მოკლედ, "მხოლოდ ქართულით" ქართული მუსიკა "დავამუღამე".

- საყვარელი კომპოზიტორიც ხომ არ გყავს უკვე?

- ასე გამორჩეულად ჯერ არ მყავს, თუმცა მომწონს ჯანსუღ კახიძის ბევრი სიმღერა. ირაკლი ჩარკვიანი ჯერ კიდევ "მაესტროს" პერიოდიდან მიყვარს. მოკლედ, ვიმეორებ, ქართული მუსიკა 2018 წელს აღმოვაჩინე!

- ბავშვობაში რა იყო პირველი ქართული სიმღერა, რომელიც მოისმინე, ან გიმღერია?

- ამ ამბავს მშობლები ხშირად მიყვებოდნენ: ჩემი ძმა, დათა რომ დაიბადა, ძალიან ცელქი იყო, დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ დაეძინებინათ, ამაში მთელი ოჯახი იყო ჩართული და უმღეროდნენ. იმ დროს მარტო ვრჩებოდი და საკუთარ თავს "იავნანას" ვუმღეროდი, ანუ თვითონვე ვიძინებდი. ასე რომ, ჩემი პირველი სიმღერა, "იავნანაა", რომელსაც დათას დაბადებამდე დედა მე მიმღეროდა და მერე კი უკვე აღარ ეცალათ ჩემთვის. დედა მღეროდა სულ და პიანინოზეც უკრავს, უყვარს ძალიან...

- შენი აქტიურობა, ჟიურის წევრებიდან, ყველაზე მეტად, მარინა ბერიძეს აბრაზებს. არ გიფიქრია იმაზე, რომ ამ ემოციებისგან ცოტა თავი შეიკავო? და საინტერესოა ისიც - მუსიკალური განათლება გაქვს თუ არა?

- რაც შეეხება მუსიკალურ განათლებას - შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ის ტერმინები, რასაც მარინა ხშირად იყენებს, მეც ვიცი, მაგრამ არასწორად მიმაჩნია ჩემი მხრიდან იმ ტერმინებით საუბარი, რადგანაც მაყურებლის ძირითადმა ნაწილმა ისინი არ იცის და არც უნდა იცოდეს. ამიტომ, ვცდილობ, ნებისმიერმა ადამიანმა, სადაც უნდა იყოს, სადაც უნდა უყურებდეს "რუსთავი 2"-ს და ჩვენს შოუს, როგორი განათლება, ცხოვრებაც უნდა ჰქონდეს გავლილი, უნდა გაიგოს, რას ვამბობ.

სწორედ ამიტომ, შეფასებისას შეიძლება ხშირად გამოვიყენო სიტყვები - წყარო, მთა, მზე, წვიმა, რასაც მარინა მსაყვედურობს, მუსიკალურ კონკურსში რა შუაშია ნაკადული, ჩანჩქერი?! ამ საქმის სპეციალისტია და გასაგებია, ეს მისთვის გამაღიზიანებელია. მიაჩნია, რომ ჩემი ფრაზეოლოგია შოუში დილეტანტურად ჟღერს. მე კი მაგალითად, კონკურსანტის მრავალფენიანი, ძალიან ლამაზი ხმა შეიძლება უპრობლემოდ ფენოვან ხაჭაპურს შევადარო, რაც ვიმეორებ, მარინასთვის კატასტროფაა. არადა, რატომაც არა, თუ ვინმეს ფენოვანი ხაჭაპურივით მრავალშრიანი და გემრიელი ხმა აქვს?! დიახ, ამის თქმა არ მერიდება! წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ