ავტორი:

"აზუჩენას პარტია დამატყვევებელი იყო!" - რას წერს მსოფლიო პრესა ნინო სურგულაძის წარმატებულ დებიუტზე ვერდის ქალაქში

"აზუჩენას პარტია დამატყვევებელი იყო!" - რას წერს მსოფლიო პრესა ნინო სურგულაძის წარმატებულ დებიუტზე ვერდის ქალაქში

იტალიაში პარმის ფარნეზეს თეატრში "ტრუბადურის" (იტალ. Il trovatore) პრემიერა შედგა. მთავარ, აზუჩენას პარტიაში, ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის დებიუტი შედგა. ნინომ ასევე მონაწილეობა მიიღო გალა-კონცერტში ქალაქ პარმაში, რომელიც ვერდის 205 წლის იუბილეს მიეძღვნა... აღსანიშნავია, რომ პარმის მაყურებელი საოპერო სამყროში განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა, კერძოდ, ვერდის რეპერტუარში. ამიტომაც ბევრი ერიდება კიდეც პარმაში გამოსვლას.

პარმაში განხორციელდა ძალიან იშვიათი კულტურული მოვლენა - შედგა აბსოლუტური მსოფლიო პრემიერა. "ტრუბადური" წელს ვერდის ქალაქში პარიზული, ფრანგული კრიტიკული გამოცემის მიხედვით დაიდგა, იგი განსხვავდება იტალიური ვერსიისგან მრავალი დეტალით, აღსანიშნავია, რომ მასში დამატებულია 20-წუთიანი საბალეტო ჩართვა.

პარმაში, სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად მსოფლიოს ყველა კონტინეტიდან თავს იყრიან ხელოვნების მოყვარულები და მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკალური კრიტიკოსები.

"ვერდის ქალაქში მეორედ ვიმყოფები, ხოლო ფესტივალში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ფაქტობრივად, ეს იყო ჩემი დებიუტი. ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ოპერა „ტრუბადურს“, განსაკუთრებით საოცარია ფრანგული ვერსია - ნატიფი და კიდევ უფრო დახვეწილი. ეს წარმატება არის შემოქმედებითი გუნდის დიდი დამსახურება: მაესტრო რობერტო აბბადოსა და ბობ უილსონის, ჩემი ფანტასტიური კოლეგების, საოცარი ორკესტრისა და გუნდის, მიმანსის, თითოეული თეატრის თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დიდი სიყვარულის დამსახურება! მადლობა მათ, რომ მომცეს საშუალება ასეთი სიამოვნება მიმეღო! როგორც იტალიელები იტყვიან: "ვივა ვერდი!" - ასე გამოხატა მადლიერება ნინო სურგულაძემ წარმატებული დებიუტის შემდეგ თავის ფბ გვერდზე.

„ტრუბადურის“ რეჟისორი გახლდათ ამერიკელი ბობ რობერტ უილსონი, იგი მსოფლიო საუკეთესო რეჟისორთა სამეულში შედის და დღევანდელობის გენიოსად არის აღიარებული. თავისი მნიშვნელობით იგი ითვლება თანამედროვე საოპერო რეჟისურის ერთ-ერთ ფუძემდებლად და ნოვატორად. ის ასევე, მუშაობს ჰოლივუდის ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორიცაა ბრედ პიტი, ლედი გაგა და ასე შემდეგ.

ბობ უილსონმა სულ სხვანაირი სამყარო შექმნა "ტრუბადურის" დადგმაში. ზოგადად, ვერდის ნაწარმოებები მოითხოვს მასშტაბურ დადგმებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ინტიმურობას გაესვა ხაზი. ეს გამოიხატა განსაკუთრებით დადგმის მინიმალიზმში, პერსონაჟებში და სრულიად განსხვავებულ კონცეფციაში.

საინტერესოა ასევე გრაფი დი ლუნა გრიმი, რომელიც შემზარავიცაა და ამავე დროს საოცრად ემოციურიც. ოპერის გმირები საშინელებათა ნაწარმოებების პერსონაჟებს მოგვაგონებენ. დი ლუნა - დრაკულას, აზუჩენა კი ფიფქიას დედინაცვალს ან თუნდაც მალეფისენტას. დადგმა სტატიურია, როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ამ ხერხით, იგი უფრო მეტად ასმენინებს მუსიკას მაყურებელს.

ორკესტრს ხელმძღვანელობდა რობერტო აბბადო, მსოფლიოში განთქმული დირიჟორი, რომელიც დიდი მუსიკოსების ოჯახიდანაა. ის კლაუდიო აბბადოს ძმისშვილია, მასში შერწყმულია საუკეთესო ფასეულობები პროფესიონალიზმთან და ტალანტთან ერთად.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ფესტივალზე გადაწყდა, ჩიაწეროს სპექტაკლის DVD ვერსია რომელსაც სულ მალე ვიხილავთ მსოფლიო მასშტაბით მუსიკალურ მაღაზიებში და მაყურებელს საშუალება მიეცემა ნახოს ეს გამორჩეული დადგმა. პრემიერის დღეს ფარნეზეს ამფითეტრში, ექსკლუზიურად მოეწყო სცენა. ამფითეატრის მხოლოდ შუაგულში განთავსდა 500 სკამი და ფაქტიურად, ყველა სპექტაკლი ანშლაგით გაიმართა.

მსოფლიო გენიოსის, ოპერის ყველაზე გავლენიანი, საოპერო ხელოვნების რეფორმატორის ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, იტალიის ვერდის ქალაქ პარმაში, ყოველწლიურად იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი რამდენიმე სახელგანთქმულ სცენაზე ვითარდება: პარმის სამეფო თეატრში, ჯუზეპე ვერდის თეატრ ბუსეტოში და პარმის ფარნეზეს თეატრში. ფესტივალზე სრულდება ვერდის ცნობილი ოპერები: „აიდა", „ოტელო", „ფალსტაფი", „ტრავიატა", „ჟანა დ'არკი" და „ტრუბადური"...

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი და საუკეთესო ვარსკვლავები, დირიჟორები და რეჟისორები. ფესტივალს მუდმივად დიდი გამოხმაურება აქვს მსოფლიო პრესაში. წელსაც სწორედ ასე მოხდა და რაც განსაკუთრებით საინტერესოა და სასიხარულო, ნინო სურგულაძის დებიუტი განსაკუთრებით აღინიშნა.

"ნიუ იორკ ტაიმსის" სტატიაში აღინიშნა, რომ ნინო სურგულაძის მიერ შესრულებული აზუჩენას პარტია დამატყვევებელი იყო.

"ტემბრის ერთგვაროვნება, ხმის ემისიის არისტოკრატიული ხასიათი და პერსონაჟის სამღვდელო პლასტიკა, რეჟისურის იდეის თანახმად, იყო მახასიათებლები ბოშა აზუჩენასი, ყინულის ამ ბაღის კიდევ ერთი მარგალიტისა. მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე ამ თვისებათა ინკარნაცია იყო, მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა პერსონაჟის პლასტიკურობა და ბოლომდე წარმოაჩინა თავისი ვოკალური მონაცემები: სრული კონტროლი ხმის მთელს დიაპაზონზე და ბუნებრივად და საუცხოოდ პროეცირებული მაღალი ნოტები, რომლებიც ყოველთვის ძალდაუტანებლები და რბილი სიძლიერის ხალიჩაზე დაყრდნობილ-განფენილნი იყვნენ" - სიმონე ტორნეი, gliamicidellamusica.net

„ფუფუნებაა გყავდეს ნინო სურგულაძე აზუჩენას როლში! ამასთან, უილსონმა მოუვლელი და მოხუცი ბოშა გარდაქმნა ფიფქიას დედინაცვლად და მომღერლის ფიგურასა და წარმოსადეგობას გაუსვა ხაზი. ეს კონტრასტი შოკს მოჰგვრიდა დადგმის შესახებ ყველაზე თავშეკავებული აზრის მქონე ადამიანსაც კი. ვოკალურად იგი უნაკლო იყო, სრულიად განსხვავებული იმ გაცრეცილი და უკვე არცთუ სუფთა ხმის პატრონი მომღერლებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ გვესმის ხოლმე აზუჩენას როლში. ამის საპირისპიროდ, სურგულაძის მიერ ნაჩვენებმა ახალგაზრდობამ პეწი შემატა მის ნამუშევარს. იგი უნაკლო იყო მთელს ტესიტურაში და განსაკუთრებით შთამბეჭდავი "C'est la qu'ils l'ont trainée" მონათხრობსა და ციხის საკნის სცენაში, რომელშიც უილსონისეული სტატიზმი და სიმღერის დრამატიზმი ერთდროულად სულის შემაშფოთებელიც იყო და მიმზიდველიც. დიდებული გამოსვლა!" - ხავიერ დელ ოლივო, Platea Magazine.

“ნინო სურგულაძე დიდებული ანტი-აზუჩენაა და სრულყოფილებამდე ახდენს პერსონაჟის განსახიერებას სტილიზებური სიმღერითა და ჟესტიკულაციით. იგი მთლიანად ჩაფლულია დადგმაში და მიმართულებაში, რომელიც შორს არის იმ ჩვეული შესრულებისგან რომელიც აქამდე მოგვისმენია და გვიხილავს ამ პარტიაში" - ჯანკარლო ლანდინი, გამოცემა l’opera

“ნინო სურგულაძემ წარმატებით შეასხა ხორცი და ასესხა ხმა ბოშა აზუჩენას. მისი ლამაზი მუქი ფერის ხმა ერთგვაროვანია და ადვილად გადადის პარტიტურით გათვალისწინებულ ყველაზე მაღალი ტესიტურის ზონაში. საშემსრულებლო თვალსაზრისით მან ნათლად და სრულყოფილად გვაგრძნობინა დედის დრამა, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩინა რეჟისურის მიერ გათვალისწინებულმა სამსახიობო თამაშმა სამღვდელო ხასიათის, მაღალი სტილის პლასტიკისა და ჟესტების თანხლებით" - დავიდე მარკეტტი, The.blogartpost

“ნინო სურგულაძე ელეგანტური და დახვეწილი აზუჩენაა, თბილი, ერთგვაროვანი და ხავერდისებური ხმით, რომელიც ყოველთვის და სრულადაა დამორჩილებული საშემსრულებლო მოთხოვნებს" - უილიამ ფრატი, OperaeOpera

"ის არის აზუჩენა, რომელიც იწვის სიმღერაში, უდახვეწილესი შემსრულებელი, თავდაჯერებულად აჟღერებს ხმას ყველა რეგისტრში, განსაკუთრებით თავს კარგად მაღალ რეგისტრში გრძნობს, ინტენსიურად დრამატულია თავის მონათხრობში შვილთან, მეორე აქტში (c’est là qui l’ont traînée), იგი ახერხებს მთლიანად დაიპყროს მაყურებელი, რომელიც მას სუნთქვაშეკრული უსმენს და დასასრულისას თავს ითავისუფლებს ხანგრძლივი აპლოდისმენტით ღია სცენაზე" - მარია ტერეზა ჯოვანიოლი, MTG Lirica

“ნინო სურგულაძე, საქართველოში დაბადებული მეცო-სოპრანო, ბრწყინვალე ხმის ტემბრით, ღრმა, დიდებული არტისტი, რომელმაც შეძლო განესახიერებინა დიდად გულის ამაჩუყებელი აზუჩენა" - წერს ჟორჯჟ კალი, ხელოვნებისა და კულტურის ისტორიის პროფესორი და გამოცემა Concerto-ს მუსიკალური კრიტიკოსი.

“ინტენსიური და უარისტოკრატიულესი ნინო სურგულაძის აზუჩენა" - დავიდე ანაკინი (Delteatro.it)

"ტრუბადურის ფრანგულ ვერსიაში იტალიურთან შედარებით მეტ მნიშვნელობას იძენს აზუჩენა, რომელიც პერსონაჟთა შორის ერთგვარი შემაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ხდება, თუ ამ როლს ისე იმღერებ როგორც ნინო სურგულაძე მღეროდა, რომელიც შურისძიების წყურვილით აღსავსე ბოშის მელოდიურ ფრაზებს გულუხვად ძერწავდა თავისი მუქი მეცოთი.

სასიამოვნო უშუალობით, ჟესტისა და ხმის ჭკვიანური გამოყენებით და უნატიფესი პიანისიმოებისა და მგრგვინვარე მაღალი ნოტების ერთნაირად ყურადღებით შესრულებით, სურგულაძემ აზუჩენას ხასიათს სიცოცხლე, მრავალმხრივობა და ცხადი შინაგანი კონფლიქტი შესძინა. თუმცა მისი კოლეგებიც კარგები იყვნენ, მაგრამ მათ აკლდათ სურგულაძის განსაკუთრებული ნაპერწკალი" - ჰარი როუზი, Parterre Box

"სპექტაკლის ყველაზე ორიგინალური პერსონაჟი უეჭველად ბოშა აზუჩენაა - შესანიშნავ ფორმაში მყოფი ნინო სურგულაძე. იგი მაგნიტივით მიმზიდველია როგორც კავატინაში (საუცხოო ტრელებით), ისევე მის შემდგომ უდაძაბულეს მონათხრობში, რომელშიც იგი აღწერს საკუთარი შვილის შეცდომით ცეცხლში ჩაგდების ამბავს. მესამე მოქმედების ტერცეტში ვერდი მას პატივს დებს დამატებითი კანტაბილეთი, რომელიც არ მოიპოვება იტალიურ ვერსიაში. პარიზში აზუჩენას როლის პირველი შემსრულებელი ცნობილი პოლინ ვიარდო იყო, მითიური მარია მალიბრანის და; შემონახულია მისი ფერადი ლითოგრაფია შესაბამის კოსტიუმში. ნინო სურგულაძე ძალზედ მიმზიდველი და დელიკატურია აგრეთვე შვილთან ფინალურ დუეტშიც" - ფაბიო ტრანკიდა, Il Trillo Parlante

"ნინო სურგულაძე დიდებული აზუჩენაა. მისი მუქი და ბრწყინვალე ტემბრი ერთგვაროვნებას ინარჩუნებს ხმის ყველა რეგისტრში. საუცხოოა აგრეთვე ემისია: თვით ყველაზე დაბალი ნოტებიც კი სავსე, მჟღერი და ბუნებრივია. მაღალი ნოტები საიმედო და ძალდაუტანებელია, ხოლო გამჭრიახი, ჭკვიანური სამსახიობო თამაში თითქმის თავის სასარგებლოდ იყენებს რეჟისურის მიერ თავსმოხვეულ სტატიკურობას" - პატრიცია მონტევერდი, OperaClick

2019 წელს პარმა ევროპის კულტურული ცენტრი ხდება. საბედნიეროდ და ჩვენდა გასახარად, საქართველომ ექსკლიუზიური უფლება მოიპოვა და ხელი მოეწერა მემორანდუმს - საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრისა და პარმის ფესტივალს შორის ორმხრივ მოლაპარაკების შედეგად, ვერდის ფესტივალი თბილისშიც გაიმართება, რაც უპრეცენდენტო ფაქტია.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს