ავტორი:

"აინტერესებს, სად არიან ისინი, ვინც წარსულში მას უბრაზდებოდნენ" - უნიჭიერესი ბიჭუნა ზუგდიდიდან, რომელმაც აუტიზმი ხელოვნებით დაძლია

"აინტერესებს, სად არიან ისინი, ვინც წარსულში მას უბრაზდებოდნენ" - უნიჭიერესი ბიჭუნა ზუგდიდიდან, რომელმაც აუტიზმი ხელოვნებით დაძლია

ზუგდიდში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სახელოსნოს ხის აბრაზე დიდი ასოებით "გიგის სახელოსნო" აწერია. გიგი სიჭინავა ერთ-ერთი აუტისტი ბავშვია, ვისაც საკუთარი სამუშაო სივრცე აქვს. ის პატარაობიდან ხატავს და სწავლის გაგრძელება სამხატვრო აკადემიაში, თბილისში სურს.. თუმცა იცის, რომ ამისთვის კიდევ ბევრი უნდა იშრომოს.

Ambebi.ge გიგის დედას ნათია სახოკიას ესაუბრა:

"თავიდან, როდესაც საერთოდ არ საუბრობდა, წერდა მხოლოდ ციფრებს და მათ ხმამაღლა წარმოთქვამდა. ეს ყოველთვის მიკვირდა და ახლაც ბევრი რაღაც ჩემთვის გაურკვეველია. ყოველთვის ვატყობდით, რომ შემოქმედი იყო. სათამაშოებს, რომლებსაც ხან ჩვენ ვყიდულობდით და ხან ჩუქნიდნენ, შლიდა და თავიდან თავისი გემოვნებით აწყობდა. ყველა სათამაშოს გიგის ხელი ეტყობოდა. ბავშობიდან ხატავდა, მაგრამ მისი ინტერესი მხოლოდ ხატვით არ შემოიფარგლება. დაიწყო ძერწვა, ახლა ქაღალდისგან აკეთებს სხვადასხვა ფიგურებს, განსაკუთებით გაიტაცა ქაღალდისგან სატვირთოების აწყობამ. მე ვფიქრობ, ძალიან რთულია, ეს ისე გააკეთო, რომ რეალურთან ძალიან მიახლოებული იყოს. რთულია გაიხსენო, რომელი იყო მისი პირველი ნამუშევარი, მაგრამ როდესაც სამხატვრო სკოლაში მივიყვანეთ, ეკლესია დახატა. არ ვიცი რატომ, ეს მისი არჩევანი იყო", - ამბობს გიგის დედა ნათია სახოკია.

გიგი აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდია და მას ეს დიაგნოზი ოთხი წლის ასაკში დაუსვეს. ამ ამბის გაგება მშობლებისთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა შვილის მდგომარეობის შესაცვლელად ბრძოლა მალევე დაიწყეს. ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს გიგის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა. ერთგვარი თერაპია კი დედის გადმოსახედიდან, მისი შვილისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანებთან მეტი კომუნიკაცია გახდა.

"მან იცის, რომ გარკვეული პრობლემის წინაშე ვიდექით და დიდი ხანი ამას ვებრძოდით. დღესაც გამოსწორების გზაზე ვდგავართ. დადის მუდმივად თერაპიაზე. დღეს ძალიან კარგად არის და საუბრობს. მან ეს ყველაფერი იცის და აქვს ძალიან ბევრი კითხვა. ძალიან ბევრი რაღაც ახსენდება, წარსული, როცა ვერ საუბრობდა. დღეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს მეუბნება, რომ ისინი მას უწყრებოდნენ და აინტერესებს, სად არიან დღეს ისინი და რატომ, უბრაზდებოდნენ მას. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ათი წლის წინ ბაღში ყოფნის პერიოდს იხსენებს და მეუბნება, რომ მას იმის გამო აუწიეს ყური, რომ რაღაც ვერ გააკეთა. წარსულის გახსენება ძალიან ამაღელვებელია. რთული პეროდი გავიარეთ. გიგი ოთხი წლის იყო, როდესაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. თავიდანვე დავიწყეთ ბრძოლა და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს გიგიმ თვისი თავი შემოქმედებაში იპოვა. ვხედავ, რომ მისთვის ერთგვარი თერაპია საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადამიანებთან კომუნიკაცია და მას ამაში გამოფენები ეხმარება", - თქვა ნათია სახოკიამ.

გიგის ნამუშევრები საზოგადოების დიდმა ნაწილმა პირველად 2017 წელს სახელოსნოს გახსნის დღეს გაიცნო. სახელოსნო პატარა შემოქმედს მშობლებმა საკუთარი სახსრებით მოუწყეს და მას დღეს თავისი სამუშაო სივრცე აქვს.

გიგის დღეს 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს, მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში. გარდა ამისა, მონაწილეობდა ორწლიან ანტი-სტიგმა კამპანიაში "დაინახე ყველაფერი", რომლის დასკვნით ღონისძიებაზეც მისი ყველა ნამუშევარი გამოიფინა. ასევე გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში, რომელიც აუტისტი ბავშვისა და დელფინის ურთიერთობას ასახავს. გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმის დელფინარიუმში მიმდინარეობდა. გიგის წარმატება და მისი მდგომარეობის გაუმჯობესება დედის ერთ-ერთი ნატვრა იყო, რომელიც წლების შემდეგ აუხდა, თუმცა ის ახლა ოცნებობს, რომ გიგი უფრო დამოუკიდებელი გახდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ