ავტორი:

გადადგება თუ არა ირაკლი კობახიძე? - რა ცვლილებებია მოსალოდნელი "ქართულ ოცნებაში" ახალი წლიდან

გადადგება თუ არა ირაკლი კობახიძე? - რა ცვლილებებია მოსალოდნელი "ქართულ ოცნებაში" ახალი წლიდან

დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს "ქართული ოცნება" ახალი წლიდან განახორციელებს. კულუარული ინფორმაციით, ცვლილებებს "შეეწირება" პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის პოსტი შესაძლოა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ დაიკავოს. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებები რამდენიმე ეტაპიანი იქნება და ეს პირველ რიგში მთავრობას შეეხება - რამდენიმე მინისტრთან ერთად, თანამდებობას რამდენიმე გუბერნატორიც და მერიც დაემშვიდობება.

ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები განხორციელდება პარტიის შიგნითაც. არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე თანამდებობას პარტიის შიგნითაც დაემშვიდობება. კობახიძის მიმართ ბიძინა ივანიშვილის განაწყენების საბაბი, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს "ქართული ოცნების" ძველი გვარდიაც.

ჯერ კიდევ ზაფხულში "ოცნებაში" ე.წ ირაკლი კობახიძის ფრთასთან დაპირისპირებამ პარტიაში სრული ქაოსი გამოიწვია, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება გახდა აუცილებელი. თუმცა, მაშინ ექს-პრემიერმა ცვლილებები მხოლოდ სამთავრობო დონეზე განახორციელა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირობა დადო, რომ ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის ეფექტიანობა გაიზრდებოდა.

"ცვლილებები გარდაუვალი უნდა იყოს, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და საზოგადოებას უთხრა, რომ განახორციელებდა ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებით კრიტერიუმებიც განსაზღვრა - აღნიშნა რომ, უპირველესად ყურადღება მიექცევა კვალიფიკაციას, შემდეგ ერთგულებას და ა.შ. ეს პროცესი ალბათ ახალი წლის მერე დაიწყება, კონკრეტულ გვარ-სახელებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით" - უთხრა AMBEBI.GE-ს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის შესაძლო დაკავებას არ ადასტურებს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. მისი თქმით, ეს სკანდალური თემის აგორების მცდელობაა. თუმცა ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, ცვლილებები საპარლამენტო დონეზეც განხორციელდება.

"ცვლილებებზე ვაკეთებთ აქცენტს იმის საფუძველზე, რომ მოხდეს სტრატეგიული ამოცანების წარმოდგენა, რაზედაც პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. შემდეგ აღნიშნა, რომ ვინც ამას ვერ აჰყვება და ამ მოთხოვნებს, რასაკვირველია ის შეიცვლება. თქვენ გინდათ, რომ მე ისეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაზედაც შემდეგ აგებთ სკანდალურ გამოკითხვებს. თუ საჭირო იქნება საპარალმენტო დონეზეც იქნება ცვლილებები. ვნახოთ, როგორი ამოცანები იქნება" - გვითხრა ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვარს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენონ დეპუტატებმა. მისი გადაყენების საკითხის დასმა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ-მესამედს შეუძლია.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება - ასე აფასებენ პოლიტოლოგები ახალი წლის შემდეგ მოსალოდნელ ცვლილებებს. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო სტანდარტი დაცემულია, ამიტომ მისთვის და საზოგადოებისთვის სულ ერთია, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე. მისი აზრით, პარლამენტის არც ერთი დეპუტატი არ არის ზურაბ ჟვანიას და დავით უსუფაშვილის დონის.

"პარლამენტში ისეთი კანდიდატურა, რომელიც რაღაც სტანდარტს დააკმაყოფილებდა, არ მეგულება. უსუფაშვილის ან ჟვანიას მსგავსი ადამიანები ამ მოწვევის პარლამენტში არ არიან. ამიტომ შიგნით რა მოძრაობები იქნება, ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო. ეს შეიძლება საინტერესოა პირადად ვოლსკისთვის და კობახიძისთვის, ხალხისთვის კი ნაკლებად საინტერესოა. კობახიძე, გასაგებია რაც არის და აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. გვჭირდება სისტემურ ცვლილებები.

პარლამენტში არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ჩვენი საკანონმდებლო ორგანო არის რუბინინტული დანამატი, სადღაც განთავსებული ძალის ცენტრის, აქედან გამომდინარე შიგნით პატარა ადამიანები რას ხლაფორთობენ, ან რა ინტრიგებს ხლართავენ, არავისთვის არ არის საინტერესო. მაინტერესებს სახელმწიფობერივი პროცესი და არა ვიღაცების ბაქი-ბუქი" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

ანალოგიურად ფიქრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც.

"ის, რომ საკადრო ცვლილებებია საჭირო, ამაზე ყველა თანხმდებით, თუმცა არა მგონია, ამ ცვლილებებით ქვეყანაში ახალი ეპოქა დაიწყოს. კონკრეტულად რას მოიტანს მაგალითად, კობახიძის ვოლსკით ჩანაცვლება, არ ვიცი, ამ ცვლილების არსი არ მესმის. ამის გაკეთება, იმიტომ რომ კობახიძე ხისტია, არასწორია. მთლინად პოლიტიკა და კონტექსტია შესაცვლელი. მაშინ ეს სიხისტეც არ იქნება თვალისმომჭერელი. თუ არ არსებობს კონცეფცია და ხედვა, რა უნდა გაკეთდეს, მაშინ ცვლილებებს აზრი არ აქვს. ასე რომ, ვიღაცის ვიღაცით ჩანაცვლება იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონს, შედეგის მომტანი არ იქნება.

ასეთი ცვლილება დროებით დაამშვიდებს მათ, ვისაც კობახიძის ხასიათი აღიზიანებდა, თორემ შედეგს არ გამოიღებს. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ცვლილება შედეგზე იყოს ორიენტირებული, უნდა ჩამოაყალიბის კონცეფცია და შემდეგ განახორციელოს ცვლილება" - აღნიშნა ძაბირაძემ.

ახალი წლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ მოსალოდნელ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიაც.

"ამ ცვლილებებს დადებითი ტენდეცია ექნებოდა მაშინ, თუ ეს საკადრო ცვლილებები დადებით შედეგს მოახდენდა ხალხის ცხოვრებაზე. ამ 6 წლის განმავლობაში ვნახეთ საკადრო ცვლილებები, რომლითაც არანაირი დადებითი შედეგი არ დამდგარა და მხოლოდ ნეგატიური იმატებს. როდესაც არ არის იმედი, რომ საკადრო ცვლილება პოზიტიურ შედეგს მოიტანს, ასეთ შემთხვევაში ეს ცვლილებები მხოლოდ ბოლის გამოშვებისათვის თუ გამოდგება. ამიტომ პოზიტიური იმედის საფუძველი არ მაქვს", - განუცხადა AMBEBI.GE-ს გამზარდიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები