ავტორი:

4 ყველაზე სკანდალური ამბავი, რომელსაც 2018 წელს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

4 ყველაზე სკანდალური ამბავი, რომელსაც 2018 წელს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

წარმოგიდგენთ სკანდალურ საზოგადოებრივ ამბებს, რომლებსაც 2018 წელს სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურად განიხილავდნენ. AMBEBI.GE-მ 4 ყველაზე რეზონანსული თემა შეარჩია:

1) ჩვენი ოთხეულის სათავეში "კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტი აღმოჩნდა, რომლის განხილვაშიც საზოგადოების თითქმის ყველა ფენა ჩაერთო. კანონპროექტის თანახმად, კანაფის მოყვანა-წარმოება და მისგან მიღებული სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტზე გატანა ლეგალურ საქმიანობად ცხადდებოდა. ცნობილი იყო, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერდა თვით ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც ამის შესახებ მოგვიანებით თავადაც ისაუბრა.

მმართველი გუნდის ლიდერები ერთხმად გვარწმუნებდნენ, რომ მარიხუანა გადაარჩენდა და ააყვავებდა საქართველოს ეკონომიკას. მთავრობის წევრები კანაფის კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის დადებით შედეგებზე საუბრისას მოწინავე ქვეყნების ეკომოკიკურ მაგალითებსა და მედიცინის თანამედროვე მიღწევებს იშველიებდნენ.

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი "მომავალი 2-3 წლის განმავლობაში მილიარდი ლარის ექსპორტზე" საუბრობდა, უმრავლესობის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ კი მარიხუანა სოფლის მეურნეობის კულტურად "მონათლა" და სიმინდსა და ლობიოს გაუთანაბრა.

თუმცა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ეკლესიის წარმომადგენლებმა, საკანონმდებლო ინიციატივის მიღმა ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა მომრავლების საფრთხე დაინახეს.

"კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი... რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ შვილებს", - განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ.

"ჩვენი ქვეყანა ამისათვის მზად არ არის და არც იქნება. ჩვენი მოსახლეობა ამას არ დაუშვებს... სახელმწიფოზე რომ ფიქრობდნენ, სხვა რამეს მოიფიქრებდნენ... ეს ინიციატივა ერისთვის სამარცხვინოა... კანაფის დამზადების ნებართვა, ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს", - ამბობდნენ სასულიერო პირები.

სასულიერო პირები მრევლთან ერთად აწყობდნენ აქციებს და შეხვედრებს მართავდნენ ტაძრებში. საბოლოოდ, საზოგადოების აქტიურმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. 2 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში ილია მეორეს, ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მთავრობამ "კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საჭიროების ერთ-ერთ მიზეზად ოპოზიცია სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს ასახელებდა.

2) არჩევნები ვახსენეთ და უნდა აღინიშნოს, რომ სკანდალებისა და ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის არჩევნებს. პიარის სპეციალისტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კანდიდატთა საარჩევნო კამპანია გამორჩეული იყო სიძულვილის ენითა და ოპონენტთა ნეგატიური კუთხით წარმოჩენის მცდელობებით. ოპონენტებმა მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი კუთხით წარმოსაჩენად გამოიყენეს მისივე საარჩევნო ბანერები, რომლებზეც მმართველი პარტიის სხვა ლიდერები იყვნენ გამოსახულნი და რომლებიც სოციალურ ქსელებში საყოველთაო ქილიკისა და სარკასტული ფოტოშარჟების თემად იქცა.

"რასაც ამ ქალს უკეთებენ, მართლა არ ვიცი რა ქვია ამას. საერთოდ ოდნავი თავმოყვარეობა არ აქვს? ბილბორდებიდანაც ჩამოხსნეს უკვე და ეს მელეხი გააკრეს. არჩევნებია თუ კავეენი?!"

"წინა ტურში უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა..."

"პირველ ტურში სალომეს ნიღაბი ეკეთა, ეხლა მოიხსნა"

"ბატონო სალომე, გვეშველება რამე?", - წერდნენ სოციალურ ქსელებში.

ბანერებზე პარტიის ლიდერების გამოჩენა მეორე ტურისთვის განახლებული სტრატეგიით ახსნა ირაკლი კობახიძემ, ხოლო პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ საარჩევნო კამპანიაში გუნდის ლიდერთა მონაწილეობა ჩვეულებრივი ამბავია, რადგან დამოუკიდებელ კანდიდატს მთელი მმართველი გუნდი უცხადებდა მხარდაჭერას.

განახლებული ბანერების იდეის ავტორი პიარის ებრაელი სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი აღმოჩნდა, რომელსაც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ებაელი აფერისტი" უწოდა და ანტისემიტურ სკანდალშიც გაეხვა.

„ჩვენ ჩამოვედით მეორე ტურისთვის და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა აქცენტი არა მხოლოდ კანდიდატზე, არამედ ძალაზე, რომელიც კანდიდატების უკან იდგნენ და მხარს უჭერდნენ მას. ეს იყო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება... ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მიგვეტანა გზავნილი მოსახლეობამდე - არჩევანს აკეთებთ არა მხოლოდ ორ კანდიდატს, არამედ ორ იდეოლოგიას და მმართველობის ორ წესს შორის,“ - განმარტა პიარტექნოლოგმა.

3) 2018 წელს ქართული სოციალური ქსელების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ თემად იქცა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის ქორწილი, რომელიც წლის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების სიაშიც მოხვდა.

ბერა ივანიშვილს წლების მანძილზე აწყვილებდნენ სხვადასხვა გოგონასთან, თუმცა საბოლოოდ ისეთ გოგონაზე იქორწინა, რომლის შესახებაც მანამდე წარმოდგენაც არ გვქონდა. ბერას რჩეული, უმშვენიერესი მოდელი ნანუკა გუდავაძე აღმოჩნდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.

წყვილის ლავ-სთორი რამდენიმე თვე გრძელდებოდა. "და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი" - ამ სიტყვებით წარუდგინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბერამ საცოლე საზოგადოებას სექტემბრის შუა რიცხვებში, ნიშნობის შემდეგ.

ჯვრისწერის წინ წყვილი პატრიარქმა დალოცა. ნანუკამ და ბერამ ჯვარი 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს. საზოგადოება აქტიურად განიხილავდა ქორწილის ყველა დეტალს, მორთულობითა და სტუმრებით დაწყებული, ნეფე-დედოფლის ჩაცმულობით დამთავრებული.

სვეტიცხოველში ნანუკას თეთრი კაბა ეცვა, ტრადიციული ქართული ელემენტებით, ბერას კი - ასევე თეთრი ფერის ჩოხა.

წვეულებაზე 150 ადამიანი იყო დაპატიჟებული, მათ შორის პოლიტიკოსთაგან კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ქორწილს აფორმებდა ანსამბლი "ერისიონი" და ფრანგი და ბრაზილიელი მუსიკოსები. მიწვეულთა შორის არ აღმოჩნდა ბერა ივანიშვილის ნათლია, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

ჯვრისწერის შემდეგ ქორწილი კოჯორთან მდებარე კომპლექსში Bioli Hall-ში გაიმართა. ქორწილისთვის მთლიანი კომპლექსი უამრავი ყვავილით იყო მორთული. რესტორანში ნანუკა გუდავაძეს რალფ რუსოს 2017 წლის კოლექციის ულამაზესი ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც 42 ათასი დოლარი ღირს.

ტაძრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერას ქორწილის გამო სვეტიცხოვლის ტაძარი დაიკეტა და იქ მომლოცველებს არ უშვებდნენ.

ამბავს სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი მიუძღვნა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა: "წარმოიდგინეთ რომ ედუჩას ქორწილისთვის დაგვეხურა სვეტიცხოველი, იქიდან კვირა დღეს მრევლი გაგვეყარა და სკამები დაგვედგა, როგორც პროვინციული რიტუალების დარბაზში, რა ამბები დაიწყებოდა ჩვენს ქვეყანაში...რაც მოხდა, არის ყველა ტრადიციის დარღვევა და საზოგადოების სრული უპატივცემლობა", - წერდა სააკაშვილი.

თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა სვეტიცხოვლის მღვდელმსახურმა, მამა პეტრე კვარაცხელიამ. ხალხს გადაადგილებას რომ ხელი არ შეშლია და არც სვეტიცხოველი ყოფილა დაკეტილი, ეს დაადასტურა ასევე ბერას მეგობარმა თემო მჟავიამაც, რომელიც ქორწილში იმყოფებოდა.

სკანდალური ბრალდებების საპასუხოდ პოსტი დაწერა ბერა ივანიშვილმაც: "ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია", - დაწერა ბერამ და ხარჯებთან დაკავშირებით კრიტიკის პასუხად აღნიშნა, რომ მის ქორწილში ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ხოლო მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არაფრით უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტს.

სააკაშვილმა სკანდალური გამოხმაურების გარეშე არც ბერას ეს პოსტი დატოვა: "თუ გინდა გაიგო როგორია ზომიერი ცხოვრება, გაგაცნობ ჩემ შვილს, რომელიც შენი თანატოლია და შეგიძლია ერთი კვირით ესტუმრო მას ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში", - დაწერა სააკაშვილმა და ბერას შეახსენა, რომ "იმ ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს, მისი ოჯახისთვის ზომიერება, 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნაა, სადაც მათ 4 ვეტმფრენი და თვითმფრინავი ემსახურება".

4) წლევანდელი ხმაურიანი და სკანდალური ამბების ხუთეული წარმოუდგენელი იქნებოდა ღამის კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციის გარეშე, რომელიც "ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპეცოპერაციად იქცა.

12 მაისის ღამეს "ბასიანსა" და "გალერიში" შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 გამსაღებელი დააკავეს. თუმცა როგორც გაირკვა, ბრალდებულები პოლიციამ სპეცოპერაციამდე აიყვანა. შსს-მ სპეცოპერაციის ჩატარება ე.წ. კლუბური ნარკოტიკებით ახალგაზრდა ადამიანების გარდაცვალების გახშირებული ფაქტებით ახსნა. სასიკვდილო ნარკოტიკების რეალიზაცია, მათი თქმით, ამ კლუბებშიც ხდებოდა.

სპეცოპერაცია იმავე ღამეს "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე გააპროტესტეს, როგორც კლუბებში მყოფმა პირებმა, ასევე უამრავმა რიგითმა მოქალაქემ, რომელთაც მოგვიანებით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, რადგან პოლიციამ მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. ხმაურიანი აღმოჩნდა აქცია პარლამენტთანაც. 12 მაისის ღამეს პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი ინციდენტების შედეგად, 60-მდე ადამიანი დააკავეს. პარლამენტთან აქციას ორგანიზებას უწევდნენ "თეთრი ხმაურის" მოძრაობა და პარტია "გირჩი". იმ ღამეს დააკავეს "ბასიანის" დამფუძნებლები ზვიად გელბახიანი და ტატო გეთია, ასევე "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი, თუმცა დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით პოლიციამ კლუბში მყოფთა და აქციის მონაწილეთა მიმართ უკანონო ქმედებები და ძალის გადამეტების ფაქტები უარყო.

სპეცოპერაციასა და საპროტესტო აქციას დიდი რეზონანსი მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუშინდელი წიოკი უცხოელი სტუმრების მიერ არაორდინარულ თავგადასავლად იქნება აღქმული და არა საფრთხედ და უსიამოვნებად, რომელიც მათ განიზიდავს ჩვენი ქალაქისგან. ნარკოტიკის გამსაღებლებს სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არა ასეთი ფორმით, არა კლუბების კულტურის მოსპობით... ნუ მოახდენთ კლუბების დემონიზებას, ნარკოდანაშაული ბევრად ფართო ასპარეზზე და ბევრად მასშტაბურადაა საბრძოლველი. სიყალბეა, ექსკლუზიურად კლუბებს მიეწეროს ამ პრობლემის ბოლოდროინდელი ასეთი აფეთქება და ილუზია შეიქმნას, რომ ამ კლუბების დარბევის გზით მოგვარდება პრობლემა", - წერდა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

რუსთაველზე აქცია 12 მაისის ღამეს არ დასრულებულა და ის კიდევ რამდენიმე დღეს ასევე ხმაურიანად გაგრძელდა. აქციაზე შეკრებილი ადამიანები თავდაპირველად პროტესტს მუსიკითა და ცეკვით გამოხატავდნენ. თუმცა მოგვიანებით აქციის ორგანიზატორთა მხრიდან პოლიტიკური მესიჯები გაისმა. ისინი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის იმდროინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას და ნარკოპოლიტიკის შეცვლას მოითხოვდნენ. რუსთაველის გამზირზე მალე "ქართული მარშის" მიერ მართული კონტრაქციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებიც "თეთრი ხმაურის" მოძარობის აქციას აპროტესტებდნენ. ორ აქციას დაპირისპირებისგან პოლიცია იცავდა.

14 მაისს შედგა შეხვედრა, რომელსაც "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ლიდერები, უფლებადამცველები, კლუბების წარმომადგენლები, გიორგი გახარია და სხვები ესწრებოდნენ. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და, მოსალოდნელი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, აქცია შეწყდა. გიორგი გახარია მოლაპარაკებების შემდეგ აქციაზე გავიდა და იქ შეკრებილებს მიმართა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებთან გამოსვლა ბოდიშით დაიწყო.

კლუბებმა "გალერიმ" და "ბასიანმა" მუშაობა 22 და 23 მაისს განაახლეს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს