ავტორი:

კადიროვის ძვირფასმა საჩუქრებმა რუსები გააბრაზა : "ჩუქნის და ჩუქნის მილიონიან ავტომანქანებს “თავისიანებს”

კადიროვის ძვირფასმა საჩუქრებმა რუსები გააბრაზა : "ჩუქნის და ჩუქნის მილიონიან ავტომანქანებს “თავისიანებს”

ჩეჩნეთსა და ზოგადად, რუსეთში, უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ამა თუ იმ კონკურსის გამარჯვებულს მადლიერების ნიშნად "მერსედესის" მარკის ავტომობილს ჩუქნის...

kavkaz-uzel.eu–ს ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კადიროვის ფონდმა ორი "მერსედესი" გასცა საჩუქრად - პირველი, ნურადილოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, ამირხან უმაევისთვის, რომელიც 2 იანვარს რუსული კონკურსის Голос. Перезагрузка-ს ფინალისტი გახდა, თუმცა, მეორე ადგილზე გავიდა. კადიროვის თქმით, მისი გამოსვლა გამარჯვების ტოლფასი იყო... რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ცნობით კი, გროზნოში დაბრუნებულ მუსიკოსს ჩეჩნეთის საპატიო არტისტის სტატუსი მიანიჭეს. 3 იანვარს, ამირხან უმაევმა სოციალურ ქსელში საჩუქარს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც წერდა, რომ ავტომანქანა, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერისგან გადაეცა, ახმად კადიროვის სახელობის ფონდისგან მიიღო.

რამდენიმე დღით ადრე, 2018 წლის 29 დეკემბერს, გროზნოს მათემატიკური სკოლის 29 წლის მასწავლებელი, “რუსეთის 2018 წლის მასწავლებლის“ გამარჯვებული ალიხან დინაევი გახდა, რომელმაც ასევე კადიროვის ფონდიდან საჩუქრად "მერსედესის" მარკის ავტომანქანა მიიღო და “ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო მასწავლებლის” სტატუსით დააჯილდოვეს.

შარშან, 14 ოქტომბერს, ჩეჩნეთის ლიდერმა მოკრივე არტურ ბატერბიევი Mercedes W222 -ით დააჯილდოვა. ფაქტს საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რადგან ჩეჩნეთი დოტაციაზე მყოფი რესპუბლიკაა და "კადიროვი რუსეთის ბიუჯეტს საკუთარი პიარისა და ჩრდილოეთ კავკასიაში პოზიციების გასამყარებლად ფლანგავს"...

იმავე მარკის ავტომანქანა, უფრო ადრე, 11 ოქტომბერს, მან დაღესტნელ სპორტსმენს ჰაბიბ ნურმაგომედოვს აჩუქა, რომელმაც მაკრეგორი დაამარცხა.

კადიროვის მისამართით მწვავე კრიტიკამ არც ამჯერად დააყოვნა, - “ეს დემონსტრაციული დაჯილდოებები კარგია, კრიტიკამ გაჭრა და სპორტსმენების გარდა, განათლების სფეროში მომუშავე ხალხიც შეამჩნია კადიროვმა, მაგრამ ამდენმილიონიანი მანქანის ჩუქება, მაშინ როდესაც ხალხი მშიერია, სახლ -კარი არ აქვთ, ქუჩაში ცხოვრობენ და მშობლებს ავადმყოფ შვილებს ვერ მკურნალობენ - უადგილოა,” – წერს ჩეჩენი მალიკა.

ცნობისთვის, 2018 წელს ჩეჩნეთი ყველაზე მაღალდოტაციური რესპუბლიკების ხუთეულში შევიდა და რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან 27, 08 მილიარდი რუბლი მიიღო, რამაც ეკონომიკური ექსპერტების აღშფოთება გამოიწვია, რადგან საერთაშორისო სანქციების ფონზე, კადიროვი საკმაოდ ხელგაშლილად იქცევა.

2017 წელს, კადიროვს "Московских новостей –ს წარმომადგენლმა ჰკითხა, - საიდან შედის ფონდში თანხები, რაზეც ჩეჩნეთის ლიდერმა მიუგო, - “ალაჰი მჩუქნის! ასევე მამაჩემი და ჩემი მეგობრები რიცხავენ... სრული უფლება მაქვს, მამაჩემის სახელობის ფონდში არსებული თანხები ისე განვკარგო, როგორც თავად მსურს. ჩემს ზემოთ მხოლოდ ერთი “ბოსი” დგას – პუტინი.”

სოციალური ქსელის რუსი მომხმარებლების აღშფოთებას იწვევს კადიროვის უკიდეგანო თავგასულობა ყველა, მათ შორის ფინანსური მიმართულებით. მაშინ როდესაც ინგუშეთთან სადავო ტერიტორიების საკითხი მიწყნარდა, ის თავს უფლებას აძლევს უფრო გაშალოს ფრთები.

“როგორც ჩანს, დიქტატორ კადიროვს “მერსედესის” კომპანიის წარმომადგენელი ჰყავს “მოთვინიერებული”, თორემ დავიჯერო ჩეჩნეთში სხვა ავტომანქანებით არ მოძრაობენ?.. პუტინის “შვილობილი” აშკარად სხვა რეალობაში ცხოვრობს და არაფრად დაგიდევს რუსეთში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს... გასდის და რა ენაღვლებ,” – წერს მაქსიმ მგომენკო.

“რაც მთავარია, ვერავინ ვერაფერს უბედავს და ისიც, დიდი “მერსედესთმრიგებელი”, ჩუქნის და ჩუქნის მილიონიან ავტომანქანებს “თავისიანებს” და რაც მთავარია, პუტინისგან მწვანე აქვს ანთებული, ჩეჩნეთში დიქტატურა დაამყარა, დუმაში და მის გარეთ ვინც მისი თავგასულობის გაპროტესტება გაბედა, ყველას “ვიდეობოდიშები” ახდევინეს და ცხოვრობს არხეინად, ჩვენს ხარჯზე,” – წერს ნატალია კლუჩკინა.

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

კანარის კუნძულებზე, კორონავირუსის გამო, 1000-სტუმრიანი სასტუმრო კარანტინშია