ავტორი:

"ივანიშვილი დაკვირვების რეჟიმშია..." - რატომ აგონებთ ექსპერტებს "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენები შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებს

"ივანიშვილი დაკვირვების რეჟიმშია..." - რატომ აგონებთ ექსპერტებს "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენები შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებს

"ქართულ ოცნებაში" ე.წ. კობახიძის გუნდსა და ძველ სახეებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. ექსპერტები "ოცნების" დაშლას გარდაუვლად მიიჩნევენ. როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილის დაბრუნებით, "ოცნების" შიგნით ვითარების დაბალანსების მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ "ოცნებაში" მორიგი დაპირისპირება ცოტა ხნის წინ უვადო მოსამართლეთა სიით დაიწყო, რასაც პარტიის ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი - გაიზიარებენ თუ არა ეს დეპუტატები თავის დროზე პარტიიდან გარიცხულ დავით ჭიჭინაძის ბედს, უახლოეს მომავალში გაირკვევა. მაგრამ იმას, რომ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნისთვის ემზადებიან, დავით ჭიჭინაძე პრაქტიკულად არც უარყოფს. უფრო მეტიც, სწორედ ამის გამო მან "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქცია დატოვა და ახლა მისი კოლეგების გადაწყვეტილებას ელოდება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებითაც, არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც, დავით ჭიჭინაძის მსგავსად, პარტიიდან ეკა ბესელიაც გაირიცხოს, თუმცა ეს არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას.

„ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ დისკუსიისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან ამ დროს ამაზე უფრო მეტი სირთულეები იყო, რაც მაშინ პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა.

თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. გუნდი არის ერთიანი, იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გადის გარეთ და ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას" - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ბესელია "გუნდის რიგით წევრად" რჩება.

ბესელიას მსგავსად პარტიაში რიგით წევრად დარჩა გედევან ფოფხაძეც, რომელიც იურიდიული კომიტეტიდან ბესელიას წასვლის შემდეგ გაიწვიეს. უფრო მეტიც დღეს კაჭრეთში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე, ბესელია და ფოფხაძე არ მიიწვიეს.

"ეს არის ტექნიკური მხარე, რომელზეც აქცენტირება საჭიროდ არ მიმაჩნია. როგორც კი მექნება საშუალება, ვიბრძოლებ უღირსი მოსამართლეების წინააღმდეგ, რა მნიშვნელობა აქვს საიდან. "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ვიქნებით ან მე ვიქნები თუ არა. მთავარია, ვისაუბროთ იმაზე თუ რა მოხდება სასამართლოში" - გვითხრა გედევან ფოფხაძემ.

პოლიტოლოგები „ქართული ოცნების“ დაშლას გარდაუვლად მიიჩნევენ. ხათუნა ლაგაზიძის აზრით, გაკეთებული განცხადებების შემდეგ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება გაჭირდება. მისი თქმით, „ოცნებაში“ გავლენების ბრძოლა მიმდინარეობს 2020 წლის არჩევნებისთვის, ასე რომ ეს დაპირისპირება თანდათან გამწვავდება.

"ის, რომ პარტიაში სხვადასხვა ჯგუფები იკვეთება, ახალი არ არის. ივანიშვილმა ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როცა პოლიტიკაში დაბრუნდა და მისი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. როგორც ჩანს, ამ თვეების მანძილზე მან პარტიის ერთიანობის აღდგენა ვერ მოახერხა. ყველაფერი მიმართულია 2020 წლის საპარლამენტო სიაზე და რასაც ვუყურებთ, არის „ოცნების“ წევრების ბრძოლა საპარლამენტო სიისთვის.

დღევანდელი დეპუტატების უმრავლესობა დარჩება სიის მიღმა. ამიტომ სამომავლოდ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. ახლა ჩანს კობახიძის გუნდი და ბესელიას გარშემო შემოკრებილი „ძველი გვარდია“, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ჯგუფებიც არ არის“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, ივანიშვილს თუ მართვის სადავეები გაექცა, მაშინ კობახიძის გუნდი გაძლიერდება ისე, როგორც თავის დროზე სააკაშვილის პარტია, რომელსაც შევარდნაძემ ვეღარაფერი მოუხერხა.

"როგორც გამოჩნდა, მოსამართლეთა ამ სიის მთავარი ლობისტი ირაკლი კობახიძეა. თუკი მოსამართლეთა საწინააღმდეგო ჯგუფმა გაიმარჯვა, არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძე მოჰყვეს "ჩარეცხილთა სიას" და გადააყენონ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან. მაგრამ თუ დამარცხდა ბესელიას ჯგუფი - „ძველი გვარდია“, ასეთ შემთხვევაში ვიხილავთ კობახიძის ჯგუფის უპრეცედენტო გაძლიერებას, რადგან პარლამენტში საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ჰყავს. ასე რომ, ეს იქნება ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელმაც შეიძლება ივანიშვილსაც წაუყენოს თავის პირობები. ამ ეტაპზე ვფიქრობ ივანიშვილი დაკვირვების რეჟიმშია.

ეს სიტუაცია ძალიან ემსგავსება შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებს, როდესაც შევარდნაძემ ვერაფერი დაუპირისპირა სააკაშვილის გუნდის გაძლიერებას. მაშინ „ქართულ პოლიტიკურ სიბრტყეში, ჯგუფი რომელიც სააკაშილის პარტიას დააბალანსებდა ფიზიკურად აღარ აღმოჩნდა. პრინციპული განსხვავება ის არის, რომ სააკაშილი მაშინ ძალიან რეიტინგული იყო, კობახიძე კი უარყოფითი იმიჯით გამოირჩევა. ასე რომ, არ არის გამორიცხული ჩვენ ვუყურებდეთ „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი ძალის ფორმირების პროცესს, რომელსაც ვეღარავინ შეუშლის ხელს თუ ივანიშვილმა გაუშვა მართვის სადავეები ხელიდან“, - გვითხრა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სამ შესაძლო სცენარს განიხილავს. მისი თქმით, პარტიის დაშლა ივანიშვილზეა დამოკიდებული და ამას ახლა ნაკლებად ვარაუდობს.

"დაიშლება თუ არა პარტია, დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზე. პოლიტიკურ ელიტას „ქართული ოცნების“ არანაირი სურვილი და რესურსი არ აქვს, რომ რადიკალური ნაბიჯი გადადგას. ორივე მხარე ახლა უბრალოდ აპილირებს, რეალურად კი, ბიძინა ივანიშვილზე არიან დამოკიდებულები. ის საკმაოდ რთული დილემის წინაშე დგას, არ არის ადვილი გადაწყვეტილება, გარკვეული პაუზა სჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად გაერკვეს და ამის მერე იმოქმედოს. ფაქტობრივად, სამი ვარიანტია: კობახიძე წავა, ან ბესელია წავა, ან გააგრძელებენ ურთიერთსიძულვილის პირობებში თანაცხოვრებას.

ზოგადად, ძალიან მიჭირს ამ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ქმედებების კომენტირება და პროგნოზირება. ხშირ შემთხვევაში მისი ქმედებები ლოგიკას მოკლებულია. საკმაოდ მძიმე არჩევანის წინაშე დგას: ან დაანგრიოს თავის მიერ აშენებული სისტემა და ვალები გაისტუმროს „ძველი გვარდიის“ მიმართ, ან "ძველი გვარდია" უნდა გადააგდოს. ორივე შემთხვევაში სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ამიტომ მე მაინც ვვარაუდობ, რაღაც შუალედურ გადაწყვეტილებას იპოვის, რომ დრო მოიგოს და ეს კრიზისი რამენაირად ჩაახშოს. მაგრამ ეს სისტემურ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მხოლოდ დროებითი იქნება" - განუცხადა ხუხაშვილმა AMBEBI.GE-ს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები