ავტორი:

მამის "დანაშაულის გამოსასყიდად" ომში წასული ბიჭის ამბავი - გაეცანით ახალ გვარ-სახელებს ქერჩის საერთო სასაფლაოდან

მამის "დანაშაულის გამოსასყიდად" ომში წასული ბიჭის ამბავი - გაეცანით ახალ გვარ-სახელებს ქერჩის საერთო სასაფლაოდან

დრო და დრო, როგორც კი ქერჩიდან და გერმანიაში, ქემნიცში მდებარე სასაფლაოებიდან, ან აქამდე გასაიდუმლოებული არქივებიდან სიახლეებს მივიღებთ, AMBEBI.GE-ს მკითხველს იმ მეომრების გვარ-სახელებს ვაცნობთ, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ...

აქვე შეგახსენებთ, რომ გვარ-სახელებში, დაბადების ადგილებსა და თარიღებში შესაძლოა, შეცდომები იყოს, რადგან თავის დროზე მეომრების პირადი მონაცემები არასწორად იყო შევსებული.

ქერჩის კომისიის წარმომადგენელი, სუსანა კირაკოზიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ უნგრეთის ქალაქ ვაცში არსებობს საბჭოთა მეომრების სასაფლაო, რომელთა შორისაც არის ორი ქართველის საფლავიც და რომელსაც ადგილობრივი ქალბატონი წლებია უვლის, ყოველ 9 მაისს კი მათ საფლავებზე ყვავილები მიაქვს. ეს ორი ქართველი არიან:

ალფა დავითის ძე ისაკაძე - დაბადებული 1925 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ მუხლში. დაიღუპა 1944 წლის 11 დეკემბერს, უნგრეთში, ქალაქ ვაცში. გიორგი სერგეის ძე მჭედლიშვილი - დაბადებული 1915 წელს, ქალაქ გორში, გოგებაშვილის #20-ში. დაიღუპა 1945 წლის 31 მარტს უნგრეთის ქალაქ ვაცში;

ასევე, ქერჩის კომისია ცდილობს დაუკავშირდეს სულიკო სოსოს ძე ოთიაშვილის ოჯახს (ან ოტიაშვილს), დაბადებული 1913 წელს თელავის რაიონის სოფელ მატანში. მეუღლე ვერა ლევანის ასული. დღემდე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა, დაზუსტებული მონაცემებით დაიღუპა ქერჩში. კომისიის მიერ ნაპოვნია მისი საფლავი.

ახლა კი ცნობები მათ შესახებ, ვინც ქერჩის საერთო სასაფლაოშია ნაპოვნი:

ნიკოლაი სევასტის ძე დოგაძე (ან დოღაძე) - დაბადებული 1911 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ საზანოში, მეუღლე თამარ კონსტანტინეს ასული.

ალექსანდრე გრიგორის ძე კასრაშვილი - დაბადებული 1921 წელს ტყიბულის რაიონში, სტალინის მაღარო. მეუღლე თამარ გიორგის ასული.

ანდრეი გურჯის ძე ჯოჯაია (ან ჯოჯუა) - დაბადებული 1902 წელს, გალის რაიონში, პირველ გალში. მეუღლე ევგენია პავლეს ასული.

აკაკი ალექსეის ძე კერესელიძე - დაბადებული 1901 წელს, ონის რაიონის სოფელი ცოგაში (?). მეუღლე კანისტა დავითის ასული.

დავით სემიონის ძე სოსონაშვილი - დაბადებული 1924 წელს თბილისში, პლეხანოვის გზაჯვარედინის #4-ში. დასაფლავებულია ქერჩში, გლაზოვკის დასახლებაში.

გრამიტონ აღაპის ძე ქავთარაძე - დაბადებული 1917 წელს ვანის რაიონის სოფელ ისრეთში (?), მეუღლე ნინო ვლადიმირის ასული. დასაფლავებულია ქერჩში, ბაქსი გლაზოვკის დასახლებაში.

ნიკოლაი იასონის ძე ჭუმბურიძე - დაბადებული 1911 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში, ვერა მინაგოს ასული. დასაფლავებულია ქერჩში, ბაქსი გლაზოვკის დასახლებაში.

ივან რაჟდენის ასული მოსიძე - 1899 წელს წულუკიძის რაიონის (დღევანდელი ხონი) სოფელ ქვიტირში, 1899 წელს. დასაფლავებულია ქერჩში, ბაქსი გლაზოვკის დასახლებაში.

ვლადიმირ იასონის ძე ჯორბენაძე - დაბადებული 1923 წელს მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთი) რაიონის, სოფელ ხრიალეთში. მამა იასონ გიორგის ძე.

გიორგი ანდრეის ძე ვაშაკიძე - დაბადებული 1896 წელს, ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში. მეუღლე – ელიზაბეტ ივანეს ასული.

აბრამ კოჟას ძე ფირცხალავა - დაბადებული 1891 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში. მეუღლე მარია ივანეს ასული.

სემიონ ევსტატეს ძე გოგიბერიძე - დაბადებული 1922 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.

აკაკი ანისიმეს ძე თვარაძე - დაბადებული 1914 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩერებანაში, მეუღლე ნინა რომანის ასული.

ტროფიმ მიხაილის ძე ასანიძე - დაბადებული 1902 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში, მეუღლე – თამარი;

მიხეილ კესოს ძე გოგოხია - დაბადებული 1920 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ პახულში(?).

ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი რესპონდენტი მეგი სტემპენი მოგვითხრობს ერთ განსაკუთრებულ ისტორიას - ქართველი მეომრის ამბავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მამის "დანაშაულის გამოსასყიდად" წავიდა, რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკს გაუძლო, თუმცა, შინ ვერ დაბრუნდა...

დიმიტრი ფოცხვერაშვილი 1919 წლის 15 მაისს ზესტაფონში დაიბადა. მამამისი, მაკარი, მაშინდელი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაიჭირეს და გააციმბირეს. თუმცა, მოგვიანებით, ციმბირიდანვე ფრონტის წინა ხაზზე გაუშვეს და საბოლოოდ, დაღესტანში დაიღუპა...

დიმას "ხალხის მოღალატის" შვილის სტატუსი ჰქონდა, რის გამოც სისტემამ მორალურად დასაჯა - მას ომში არ იწვევდნენ. ფოცხვერაშვილების ოჯახს მაშინდელი იდეოლოგიის გამო, "დაღით" უწევდა ცხოვრება, რის გამოც ახალგაზრდა დიმამ იოსებ სტალინს წერილი მისწერა - "მომეცით უფლება, ომში წავიდე და ვიბრძოლო!". ამ წერილის შემდეგ, მას მალევე სამხედრო კომისარიატიდან გაწვევა მოუვიდა და ომში გაუშვეს. იმ დროს მისი უმცროსი ძმა, 16 წლის იყო, რომელიც ომში გაიპარა, ძმას ჩუმად გაჰყვა ფრონტზე... საბედნიეროდ, ომიდან ცოცხალი დაბრუნდა.

1941 წლის 22 ივლისს დიმიტრი ფოცხვერაშვილი ლობკინში ტყვედ ჩავარდა და საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც არაადამიანურ პირობებში უწევდა ყოფნა. ამას ემატებოდა ტუბერკულოზის, დიზენტერიისა და შავი ჭირის ეპიდემია, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა. ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე ტყვე, ბანაკის ხელმძღვანელობას მუშახელად სჭირდებოდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მას რაიმე შეღავათი ჰქონდა...

ამის შემდეგ მისი მონაცემები, 1942 წლის 21 აგვისტოს დუნაბურგის საკონცენტრაციო ბანაკში ფიქსირდება. რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ბანაკიდან გაიქცა და ისევ დააკავეს... ბანაკებს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, რის გამოც ვერ ზუსტდება რატომ აქვს დიმიტრი ფოცხვერაშვილს ორი ანკეტა... 1943 წლის 28 ივლისს, შტოლბერგის ქარხანაში ამუშავებდნენ, საიდანაც გაქცევა სცადა, თუმცა, გერმანელ სამხედროებს ვერ დაუსხლტა - ესროლეს და იქვე დამარხეს, სადაც სული დალია...

"ომის დამთავრების შემდეგ, დიმიტრის ნეშტს ექსჰუმაცია ჩაუტარდა და სხვა საბჭოთა მეომრების გვერდით, ქალაქ ქემნიცის სასაფლაოზე დაკრძალეს... დიმას დედას უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის ფოტო სიკვდილამდე, მკერდთან, კაბის ჯიბეზე ჰქონდა დაკერებული... გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბარა - ყველაფერი რაც დიმას ეკუთვნოდა, საფლავში ჩაეყოლებინათ... ასეც მოიქცნენ" - ამბობს მეგი სტემპენი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ამიტომ, დიმას ოჯახს, მხოლოდ ერთი ფოტო დარჩა. საოცრად მამაცი ბიჭი ოჯახმა არ დაივიწყა და მისი ხსოვნის პატივსაცემად, მის ძმისშვილს დიმა დაარქვა. თითქოს ბაბუის გენის გასაგრძელებლად, ძმისშვილიშვილი, გიორგიც სამხედრო გახდა - სამშობლოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა...

მკითხველს ვთხოვთ, კომენტარებში სრულყოფილად მიუთითეთ იმ ოჯახის წევრის ან ნათესავის მონაცემები, რომელსაც ეძებთ - სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ასევე ბოლო ცნობის მიღების თარიღი.