ავტორი:

აფხაზეთში რუსი მამაკაცი მოკლეს - "ზაფხულში ჩამოვა პუტინი და დაგვარიგებს, როგორ გადავრჩეთ რუსეთთან ერთად"

აფხაზეთში რუსი მამაკაცი მოკლეს - "ზაფხულში ჩამოვა პუტინი და დაგვარიგებს, როგორ გადავრჩეთ რუსეთთან ერთად"

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, რომელიც ოჩამჩირეში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსი მამაკაცი 5 წლის წინ, რუსეთის ქალაქ კოსტრომიდან ჩავიდა და ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში ოჯახთან - მეუღლესა და ორ შვილთან ერთად დასახლდა. ოჯახი ამ წლების განმავლობაში ახლობლის სახლში ცხოვრობდა.

ოჩამჩირის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე სლავიკ ქუჩუბერია abkhaz-auto.ru-სთან საუბარში ამბობს, რომ მოკლულის მეუღლის ინფორმაციით, 14 იანვარს, მათთან სახლში ორი უცნობი ადამიანი მივიდა. რამდენიმეხნიანი საუბრის შემდეგ, მათ შორის კამათი დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე გასროლაც გაისმა და უცნობები გაიქცნენ.

მოკლულის მეუღლის თქმით, სავარაუდოდ, მისი ქმარი კარგად იცნობდა ბოროტმოქმედებს, რადგან მათთან სასაუბროდ გავიდა. რუსი მამაკაცი ავტომანქანების შემკეთებელი იყო, სახელოსნოში მუშაობდა და მაინცდამაინც ბევრი ფული არ ჰქონდა, რომ მისი დაყაჩაღება მოსდომებოდათ. მომხდართან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მკვლელობის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე ვერსია გავრცელდა: ადგილობრივების თქმით, რუსმა ხელოსანმა ვიღაცას უხარისხოდ გაუკეთა მანქანა, თუმცა, ფული მაინც გამოართვა. კიდევ ერთი ვერსიით, ბოროტმოქმედები ნარკომომხმარებლები იყვნენ და ახალი წლის ღამეს მასთან ფულის გამოძალვისთვის მივიდნენ. როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, ამიტომ, მასპინძელმა უარით გაისტუმრა...

აფხაზები წერენ კიდევ ერთ ვერსიაზე - რუსეთის მოქალაქე ქირით ცხოვრობდა იქამდე დაკეტილ ქართველის სახლში, რომელიც აფხაზმა მიისაკუთრა და სახლი სადავო იყო... წლების განმავლობაში, რუსი მდგმური არაერთხელ გააფრთხილეს, რომ იქაურობა დაეტოვებინა.

"ვყვავით და ვყარვართ... რა უნდა ვთქვა, გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს და ოჯახის წევრებს... ესეც თქვენი "აჯირნიხეა" (ძველით ახალი წელი აფხაზურად), გილოცავთ! "- წერს ანტონ ბუბნევი.

"სულაც არ გამიკვირდება, რომ გვითხრან თავი მოიკლაო. არ ვიცით, აქ ვინ როგორ და რა პრივილეგიებით სარგებლობს? ადამიანი ჩამოვიდა აქ, მუშაობდა, არავის არაფერს უშავებდა, თავისთვის იყო, ცხოვრობდა და შვილებს ზრდიდა და მოკლეს... და შემდეგ გვიკვირს და გვწყინს, რატომ გვთვლიან ცუდებად და ველურებად" - წერს იასონ აფხაზი.

"მორჩა, უკვე მიმტყუნა ნერვებმა... ისეთი განწყობა მაქვს, რომ ვითარება ყველანაირი კონტროლიდან გავიდა. კავკასიელები ისეთი საზიზღრები, მშიშრები და უპრინციპოები გახდნენ, არ გამიკვირდება, რომ ხვალ მსხვერპლშეწირვის რიტუალებს დავუბრუნდეთ... უკვე დავრწმუნდი, რომ ეს განუკითხაობა არასდროს დასრულდება" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი "მატა ჰარის" ნიკით...

"არაუშავს, ზაფხულში პუტინი ჩამოვა და დაგვარიგებს, როგორ უნდა გადავრჩეთ რუსეთთან დაახლოების პირობებში... ჰოდა, თან მიგვანიშნებს, თუ იმ ქართველების დაკეტილ სახლებს არ მოგვყიდით, ებრაელის წყევლა აგიხდებათ - ვერც თქვენ იხეირებთ და არც სხვას ახეირებთო..." - წერს ლუიზა სოხუმელი...

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი