ავტორი:

ვისი გავლენა ძლიერდება სუს-ში და გახდება თუ არა გიორგი გახარია პრემიერი?

ვისი გავლენა ძლიერდება სუს-ში და გახდება თუ არა გიორგი გახარია პრემიერი?

დაპირებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს "ქართული ოცნება" გაზაფხულზე განახორციელებს. კულუარული ინფორმაციით, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად შეიცვლება პრემიერიც, რომელსაც შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. არსებული ინფორმაციით, გახარიამ ამისთვის მზადება უკვე დაიწყო და პოზიციების გამყარებისთვის სუს-ში საკუთარ კადრებს ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა. კერძოდ, სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს.

არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის სავარძლიდან პრემიერის სავარძელში გადასვლამდე გახარია მთავრობაში პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას - მას შალვა ტაბატაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ასევე გახარიას კადრად მოიაზრება. ის, რომ მთავრობაში მოსალოდნელია ცვლილებები, ამას არც პარლამენტში უარყოფენ, თუმცა არ იციან, კონკრეტულად ვის შეეხება ცვლილება.

"ცვლილებები, რომ იქნება ფაქტია, ამას ველოდები, მაგრამ რა სახის იქნება არ ვიცი. მოვიდა ადამიანი, დაბრუნდა პოლიტიკაში, მას აქვს თავისი ხედვა და ბუნებრივია თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ გუნდი უნდა შეცვალოს, მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტებიც, თუმცა ბახტაძის გახარიათი ჩანაცვლებას სკეპტიკურად უყურებენ. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, სუს-ში საკუთარი კადრებით გახარია პოზიციებს მაინც ვერ გაიმყარებს, რადგან საბოლოოდ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.

"არ მიკვირს, რომ საზოგადოებაში ჩნდება ასეთი მრავალსვლიანი კომბინაციების ვარიანტები. ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, როდესაც გამორიცხული არაფერია. მაგრამ ვინ ეკითხება გახარიას რამეს, როდესაც პარტიის ხელმძღვანელი არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ გახარიამ რაც არ უნდა თავისი კადრები დანიშნოს, გადაწყვეტილებას მაინც ივანიშვილი მიიღებს. ზოგადად კი, ყველა პრემიერი ცდილობდა კლანის გაძლიერებას. დაწყებული ღარიბაშვილით, დამთავრებული კვირიკაშვილით, თუმცა "კახურმა კლანმა" ღარიბაშვილი ვერ გადაარჩინა. ყველა პრემიერი ცდილობდა ამას, მაგრამ არა მგონია, ამით ისინი პოზიციებს იძლიერებდნენ, უბრალოდ, თავიანთ ახლობლებს იმადლიერებენ. ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად გინდა გახარია იყოს, ან ნებისმიერიი სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ცდილობდეს მდგომარეობის განმტკიცებას. ეს არაფერს ნიშნავს. მისი მდგომარეობა დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე, თორემ, რომელი პრემიერი გადაარჩინა საკუთარმა გარემოცვამ. ღარიბაშვილმა კახელებით აავსო მთელი მთავრობა, მაგრამ რა?! მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება. იგივე კვირიკაშილს. ამიტომ ამას ვუყურებ სკეპტიკურად. ზოგადად კი ჩემი აზრით, ეს ცვლილებები უკავშირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და არა ზურაბიშვილს და ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებას“, - უთხრა Ambebi.ge-ს ცინცაძემ.

ანალოგიურად ფიქრობს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, სუსი პრემიერს ემორჩილება, შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ გომელაურის უწყებაში დაწყებული ცვლილებები ამასთან იყოს დაკავშირებული.

"სუს-ი წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურას, ის ზრუნავს როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. მას გააჩნია ბერკეტები როგორიც კონსტიტუციური დაცვის საფუძვლებზე, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებაზე. სუს-ი ექვემდებარება უშუალოდ პრემიერს, აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი სტრუქტურა, მაგრამ ვინ მართავს, ან არის თუ არა იქ კლანური მმართველობა, სხვა საუბრის თემაა. ზოგადად კი, სუს-ში დაწყებული საკადრო ცვლილება სრულიად ბუნებრივია, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ახლახან დასრულდა და ახლა ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევები, როგორც საგარეო, ისე საშინაო კუთხით და, რა თქმა უნდა, ცვლილებები აუცილებელია და თან ამას ემატება ის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყნის შიგნით არის. ასე რომ, ცვლილებები სრულიად ბუნებრივია, თუმცა ხელმძღვანელის დონეზე არა მგონია მივიდეს. გომელაურმა ეს სისტემა თვითონ შექმნა. გომელაური ემიჯნებოდა გარკვეულ პოლიტიკური ბრძოლის ელემენტებს, იყო განყენებული ფუნქციონერი, ამიტომ მის შეცვლაზე ეჭვი მეპარება“, - გვითხრა მაისაიამ.

სუს-ში დაწყებულ ცვლილებებს და მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს შორის კავშირს ვერ ხედავს პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი. მისი აზრით, ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი იმ შემთხვევაში აღდგება, თუკი პრემიერად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება.

"არ ვიცი გახარია რისთვის ემზადება, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ არ მიმაჩნია ლოგიკურად სუს-ში ცვლილებების დაკავშირება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან. ამ ორ საკითხს შორის კავშირს ვერ ვხედავ. ჩვენი სისტემა ისეა აწყობილი და ისეთი სქემით მუშაობს, რომ ამ ორს შორის კავშირი არ არის. ჩვენთან ინსტიტუციური თემები ხომ აღრეულია, შესაბამისად ამ ლოგიკას არ განვავითარებდი. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს სტაბილიზაცია და სახელმწიფოებრივ ამოცანაზე გადავიდეს პოლიტიკური იწილო-ბიწილოდან, აუცილებელია ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდება. ყველა სხვა შემთხვევაში ამ გადაადგილებას აზრი არ აქვს. თუ ძალის ცენტრი ერთმანეთს არ ემთხვევა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რომელ კაბინეტში იჯდება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უნდა მოხდეს თანხვედრა ძალის ცენტრისა და ინსტიტუციური ცენტრის. უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავს და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. გახარია იქნება პრემიერი, თუ ბახტაძე, რა მნიშვნელობა აქვს, თუ ისევ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაბრალდა და მისი პასუხისმგებლობის ზონაში დარჩა. ახლა გვაქვს მოცემულობა, რომ გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და ამ ფონზე რაიმე საკადრო ცვლილებას რა მნიშვნელობა აქვს. თუ ის იღებს, მაშინ კაბინეტშიც უნდა იჯდეს. ეს არის სახელმწიფო, ყველაფერი სხვა არის მანკიერება", - გვითხრა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები