ავტორი:

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს - რა ხდება "რედისონში"

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს - რა ხდება "რედისონში"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია პროცედურებზე მსჯელობა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავდაპირველად წარდგენილ 10-კაციან სიაში იყვნენ, რადგან მათ, ჯანეზაშვილის თქმით, პირადი დაინტერესება აქვთ.

"დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საბჭომ თუ მურუსიძემ მოგვიყვანეს ის ადამიანები, ვინც უშუალოდ იყო იმ 10-კაციან სიაში, მათ შორის მოსამართლეები: ქადაგიძე, ცისკაძე, ალანია და სხვები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ ამ სიაში ყოფნას და ამ ფორმით შემდგომ უკვე პარლამენტში წარდგენას, მსჯელობდნენ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე. ჩემთვის ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება, რომ ისევ მოხვდნენ სიაში და შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რაც მათ საშუალებას მისცემს პარლამენტში კიდევ ერთხელ იყვნენ წარდგენილები და მათ სასარგებლოდ მოხდეს კენჭისყრა. ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ადამიანებთან ერთად ვიმსჯელო პროცედურებზე, რომლებიც დათანხმდნენ სიაში ყოფნას და მიიღეს მონაწილეობა პროცესში, რომელსაც პროცესი საერთოდ არ ჰქვია. კატეგორიულად მოვითხოვ, ან შეიქმნას ფორმატი, რომელიც სამართლიანი იქნება, არ გაჩნდება კითხვები, ან ამ ჯგუფში ჩემს ყოფნას აზრი არ აქვს", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

თავის მხრივ, ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ სანამ მეტი გარანტია არ მიეცემა, რომ მის მოსაზრებებს გაითვალისწინებენ, ჯგუფში მუშაობის აზრს ის ვერ ხედავს და პროცესს "დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობად" აფასებს. "დღევანდელ პირობებში, როდესაც არავითარი საშუალება არ არის ჯგუფში, რომ გათვალისწინებული იყოს განსხვავებული აზრი, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში ყოფნას აზრი არ აქვს. როდესაც შემუშავდება პროცედურა, სადაც ჩვენი ხმა დაცული და გათვალისწინებული იქნება, მაშინ მზად ვიქნები, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. მანამდე, ეს არის ჩვენი დროის ტყუილად კარგვა და ამ პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობა. რაც არ უნდა ვქვათ, მაინც აისახება ისტებლიშმენტის, ირაკლი კობახიძის და მოსამართლეთა ჯგუფის მოსაზრებები. ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ მეტი გარანტიები არ მოგვეცემა, ჩვენი, საზოგადოების, ამ ჯგუფში ყოფნას აზრი არ აქვს. ამიტომ არ ვაპირებ ჯგუფში მუშაობას, სანამ ეს პირობები არ შეიქმნება", - განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ პირობების შექმნის შემთხვევაში, ის ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად ჯგუფის სამუშაო შეხვედრებს დაუბრუნდება.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა.

"ერთი წელია ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება უვადოდ დანიშვნები გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება. იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ. ეს სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ არ იქნება რეალური რეფორმა საბჭოსი და უვადოდ დანიშვნის პროცედურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ განვაახლოთ უვადოდ დანიშვნები იმისთვის, რომ სუფთა და ახალი ხალხი შევუშვათ სასართლო სისტემაში", - განაცხადა დოლიძემ.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა ასევე "ნაციონალურმა მოძრაობამ". ამის შესახებ პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებზე ვესაუბრებოდეთ არა კრებსით მურუსიძეს, არამედ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს მართლმსაჯულების მისაღწევად".

შეგახსენებთ, რომ "რედისონ ბლუ ივერიაში" ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები