რთული პოლიტიკური ვითარება, მოქალაქეები დილემის წინაშე და ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯი - ასეთია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. რადგან 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, მას შემდეგ, რაც არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ხელახალი არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა გაიმართოს. მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.
მეორე ტურში პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები იბრძოლებენ - სალომე ზურაბიშვილი (38.64%) და გრიგოლ ვაშაძე (37.74%). აქ ბარიერი დაწესებული აღარ არის, შესაბამისად - იგებს ის, ვისაც მეტი ხმა ექნება.
რთული არჩევანის წინაშე დგანან ამომრჩევლები, რომლებმაც პირველ ტურში სულ სხვა კანდიდატს დაუჭირეს მხარი.
თენგო 35 წლის: "სამწუხაროდ, მეორე ტურში არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარეს კანდიდატს შორის მომიწევს. არც ვაშაძეს მინდა მივცე ხმა და არც ზურაბიშვილს, თუმცა არჩევნებზე წასვლის სურვილი მაქვს. ჯერ ვერ გადავწყვიტე, საბოლოოდ, ვის დავუჭირო მხარი".
ნათია 26 წლის: "პირველ ტურში, ზურაბ ჯაფარიძეს მივეცი ხმა, რადგან მომწონს მისი კრეატიული აზროვნება და თავისუფალი იდეები. მეორე ტურში რას ვიზამ, ნამდვილად არ ვიცი. ორივე კანდიდატი მიუღებელია, თუმცა როგორც მოქალაქე, არჩევნებზე აუცილებლად მივალ და ან ორივეს გადავხაზავ, ან იძულებით ვაშაძეს მივცემ ხმას სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ“.
ანალოგიურად ფიქრობს 32 წლის თიკო, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში დავით უსუფაშვილს მისცა ხმა: "რთული არჩევანის წინაშე ვდგავარ. ჩემთვის ორივე კანდიდატი მიუღებელია, ამიტომ მივალ არჩევნებზე და ორივეს გადავხაზავ. ქვეყნის ბედი უკვე სერიოზულად მაღელვებს", - გვითხრა რესპოდენტმა.
"გაურკვეველ ვითარებაში ვარ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. არცერთი კანდიდატი მომწონს, ამიტომ ალბათ ორივეს გადავხაზავ, ამბობენ, ეს ხმა ზურაბიშვილს ეთვლებაო, მაგრამ ჩემს სინდისთან მაინც ვიქნები მართალი", - გვითხრა კიდევ ერთმა რესპოდენტმა.
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შემდეგ დღეს პირველად გააკეთებს საგანგებო განცხადებას. რის თქმას აპირებს ზურაბიშვილი, წინასწარ არავინ ახმაურებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ზურაბიშვილმა კანდიდატურა მოხსნას.
AMBEBI.GE დაინტერესდა, რამდენად აქვს უფლება კანდიდატს მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ამ შეკითხვით არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" მივმართეთ. როგორც აღმოჩნდა, ამ უფლებას მას საქართველოს საარჩევნო კოდექსი (მუხლი 105) უზღუდავს.
"კანონმდებლობით მეორე ტურში გასულ არცერთ კანდიდატს კანდიდატურის მოხსნის უფლება არ აქვს. მან ამის შესახებაც რომ განაცხადოს, ბიულეტენში მისი სახელი და გვარი მაინც ჩაიწერება, ამ შემთხვევაში ჩაიწერება - გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი.
თუ ზურაბიშვილი განაცხადებს, რომ აღარ სურს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მეორე ტურზე მისული ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი მაინც მას მისცემს ხმას, ქვეყანაში უპრეცედენტო ვითარება შეიქმნება და თავად კანდიდატის გადასაწყვეტი იქნება, გახდება თუ არა პრეზიდენტი.
სამწუხაროდ, ასეა კანონმდებლობით დარეგულირებული. „სამართლიანი არჩევნები“ თავის დროზე ამის წინააღმდეგი იყო და ვითხოვდით, რომ კანდიდატს ჰქონოდა შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და მისი ჩანაცვლება მესამე ადგილზე გასული კანდიდატით მომხდარიყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ დაუშვა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა", - განუცხადა AMBEBI.GE-ს „სამართლიანი არჩევნების დირექტორის მოადგილემ ელენე ნიჟარაძემ.
რაც შეეხება დამატებით ხარჯებს - საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ქვეყანას დაახლოებით 40 მილიონი დაუჯდა, სავარაუდოდ, ამის ნახევარი დაჯდება მეორე ტური. თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის ხარჯებთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია.
არჩევნების პირველი ტურის 39 მილიონზე მეტი თანხიდან არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 28 272 634 ლარი დაიხარჯა. არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება - გადამზადებისთვის გათვალისწინებული იყო 1 002 300 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 242 850 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის გათვალისწინებული იყო 7 619 000 ლარი. ხოლო მეორე ტურისთვის რამდენი დაიხრჯება, ჯერჯეორბით უცნობია. შესაბამისი კომისია ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში შეიკრიბება, რის შემდეგაც ხარჯები ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა.
"უახლოეს მომავალში ცენტრალური საარჩევნო კომისია შეიკრიბება და დაითვლის მეორე ტურის ხარჯებს და შემდეგ ამას წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს. მეორე ტური გაიმართება ყველა იმ უბანზე, სადაც პირველ ტურში ჩატარდა, საზღვარგარეთაც გაიხსნება უბნები ანალოგიურად. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ ხარჯებს და დანაზოგებს, რაც შეიძლება ადმინისტრაციას ჰქონდეს და ახლაც კომისია ეცდება შეამციროს ხარჯები.
მაგალითად, სარეკლამო ხარჯები საარჩევნო პერიოდში გაიცა, შესაბამისად მეორეჯერ აღარ გაიცემა, რაც შეეხება წარმომადგენლების დაფინანსებას, ახლა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ექნება, რადგან სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მისი წარმომადგენლების ხარჯები ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.