ავტორი:

ემოციები „საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი ლაივიდან - "რა მარტივია, როცა ამ ყველაფერს "ჩუსტებში", ტელევიზორთან მოკალათებული უყურებ..."

ემოციები „საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი ლაივიდან - "რა მარტივია, როცა ამ ყველაფერს "ჩუსტებში", ტელევიზორთან მოკალათებული უყურებ..."

"საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ლაივ-შოუ შედგა. პროექტი ორმა კონკურსანტმა დატოვა - მარიამ კახელიშვილმა და ბესო ნემსაძემ. პირველივე ლაივზე არც ერთი ელოდა, თუ პროექტს მიღმა აღმოჩნდებოდა, მაგრამ მაყურებელმა ასე გადაწყვიტა - მათ ყველაზე დაბალი ქულები დააგროვეს. ლაივ-კონცერტის ლიდერი ხმების მიხედვით ოთო ნემსაძე აღმოჩნდა.

კონკურს 8 მონაწილე აგრძელებს. ჟიურის მათი იმედი აქვს, სჯერა, რომ პროექტს ღირსეული მოიგებს და "ევროვიზიაზე" სწორედ ის წარადგენს ჩვენს ქვეყანას.

სტეფანე მღერბრიშვილი, ჟიურის წევრი:

"კონკურსანტებიდან ყველა მომწონს, თუმცა ერთი-ორზე კი ნამდვილად დამწყდა გული, რომლებიც ათეულში ვერ მოხვდნენ. საბოლოო ჯამში კი, ამ ათეულში ყველა გამარჯვებულია. 4-5 ადამიანია ისეთი, მათგან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ყველა ვარიანტში მაგარი იქნება. საერთოდ კი, კონკურსანტებს ყველაფერი ერთად უნდა ჰქონდეთ - არტისტიზმი, ხმა, სმენა, ტექნიკა, რიტმის გრძნობა, ანუ ის, რაც არტისტს უნდა გააჩნდეს.

ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი, ძალიან სერიოზული მონაწილეებით. ვემზადებით იმისთვის, რომ "ევროვიზიაზე" წავიდეს ჩვენი რჩეული. კარგი პროექტია იმ კუთხითაც, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავს, განსაკუთრებით აქტივობაა ინტერნეტით, მაგრამ ყველას მაინც ის სამასმილიონიანი აუდიტორია აინტერესებს, რომელიც "ევროვიზიაზე" გველის.

- ჟიურის წევრებს მოსამზადებელ პერიოდში ჩარევა გიწევთ?

- არა, "საქართველოს ვარსკვლავი" ის პროექტია, სადაც ჟიური არ არის მენტორი, მწვრთნელი, როგორც სხვა შოუებში. ჩვენ მხოლოდ კონკურსანტების ნამღერს ვაფასებთ.

- მოკლედ, ისეთები არიან, რომ თქვენს ნდობას "ევროვიზიაზე" გაამართლებენ?

- პროფესიონალები არიან და ყველა ვარიანტში გაამართლებენ!

შოუზე უამრავი ადამიანი მუშაობს, მათ შორის არაერთი წამყვანი. ნაწილი სცენაზე, ნაწილი იმ სპეციალურ ოთახებში, რომლებიც კონკურსანტებს და მათ გულშემატკივრებს წარადგენენ. ერთ-ერთი, ვინც კონკურსანტებს ამხნევებს, მსახიობი ლელა მებურიშვილია - ის ხვდება ცნობილ ადამიანებს და მათ მოსაზრებებს კონკურსისა და კონკურსანტების შესახებ მაყურებელს აცნობს და უზიარებს.

ლელა მებურიშვილი:

"საქართველოს ვარსკვლავში" ის მომწონს, რომ ხალხმა, მთელმა საქართველომ ის ადამიანი უნდა აირჩიოს, ვინც "ევროვიზიაზე" უნდა გაემგზავროს. ზოგადად მომწონს ასეთი კონკურსები, რადგანაც ნიჭიერ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, რომ გამოჩნდნენ, შეიძლება ვიღაც ასე თუ ისე ნაცნობი იყოს ჩვენთვის, მაგრამ არ ჰქონდეს საშუალება, კიდევ ერთხელ მაყურებელს დაენახოს. ხშირ შემთხვევაში, აღმოჩენებიც კეთდება ხოლმე, როცა სრულიად უცნობ ადამიანს, ნამდვილ ვარსკვლავს, ნიჭიერს აღმოაჩენ.

კარგი იქნება, საქართველო იმ დონეზე ავიდეს, რომ ამ ნიჭიერებს, ვარსკვლავებს მერე ხელი შეუწყოს, განავითაროს მათი უნარი, შესაძლებლობა და მსოფლიო მასშტაბით დიდ ასპარეზზე გაუშვას. ახლა ხალხის იმედი მაქვს, ნიჭიერი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და "ევროვიზიაზე" ნამდვილად ღირსეული კონკურსანტი გვეყოლება.

- ასეთ კონკურსებს სხვადასხვა დროს არაერთი აღმოჩენა ჰყოლია, ნამდვილად დაბადებულა ვარსკვლავი და "საქართველოს ვარსკვლავში" მათი უმეტესობა ახლაც მონაწილეობს...

- კი და მომწონს, რომ ისინი ამ კონკურსში მონაწილეობენ. ამას აბსოლუტურად ვამართლებ. ვფიქრობ, საუკეთესოზე საუკეთესომ უნდა გაიმარჯვოს, საქართველოს სახელის უცხოეთში გასატანად და გასამარჯვებლად ეს საჭიროა და ძალიან კარგია. ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ ცნობილი მომღერლები ამ კონკურსში არ უნდა მონაწილეობდნენო. რადგანაც ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოს სახელის წარდგენისთვისაა საჭირო, ვფიქრობ, ამ ადამიანების მონაწილეობა პროექტში გამართლებულია.

ირაკლი გაფრინდაშვილი, კიდევ ერთი წამყვანია, რომელიც შოუს ინტერნეტმიმართულებით უძღვება:

"უფ, როგორ მარტივად ჩანს, როცა ამ ყველაფერს ჩუსტებში ჩაცმული სახლში, ტელევიზორთან მოკალათებული უყურებ. ახლა აქ დიდი ემოცია ტრიალებს, საოცარი კონკურსანტები გვყავს, ცუდია, რომ პირველივე ტურში 2 კონკურსანტი გავარდა, მაგრამ რაც მთავარია, ამ კონკურსში ყველა გამარჯვებულია და ძალიან მინდა, "ევროვიზიაზე" მათგან რომელიმემ გვასახელოს.

ლაივის დღეს უდიდესი ადრენალინი განვიცადე, კი, მქონია რამდენიმე პირდაპირი ეთერი, მაგრამ მაინც სულ სხვა არის სცენიდან მიესალმო ამხელა აუდიტორიას. მივესალმე და გადავინაცვლე "ფეისბუქ-რეჟიმში" სადაც მეტ-ნაკლებად როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს